Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის განახლდება მოლაპარაკება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ


თამარჩიქოვანი, თბილისი გამორიცხული არ არის, რუსეთ-საქართველოს შორის ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულებას ხელი უკვე 2004 წელს მოეწეროს - ასეთ პროგნოზს აკეთებს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და

სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბაშიძე. შეგახსენებთ: ამ ხელშეკრულების პროექტში შეუთანხმებელი რჩება თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობის საკითხი. რა ცვლილებებია მოსალოდნელი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში?

22 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთ-საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობისგან გაათავისუფლა ბორის პასტუხოვი, რომელიც წინა მოწვევის დუმაში დსთ-ს საქმეების კომისიას თავმჯდომარეობდა. რუსული მედიის ვარაუდით, ჩარჩო ხელშეკრულებაზე მუშაობას რუსეთის საგარეო უწყება განაგრძობს, მაგრამ გამორიცხული არც ისაა, რომ ხელშეკრულების მომზადება ბოლომდე არ იყოს მიყვანილი. ინტერნეტგამოცემა "გაზეტას" აზრით, ამ ხელშეკრულების მომზადება ედუარდ შევარდნაძის იდეა იყო და, შესაძლოა, საქართველოს ახალი ხელისუფლების გეგმებში არც შედიოდეს. ყოველ შემთხვევაში, პასტუხოვის თნამდებობიდან გათავისუფლებით, "გაზეტას" აზრით, კრემლმა ოფიციალურ თბილისს მიანიშნა, რომ მოვლენების ამგვარად განვითარებისთვის მორალურად მზად არის.
პარალელურად, 22 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ იაკოვენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებზე მოლაპარაკება გაგრძელდება მას შემდეგ, რაც საქართველოში ლეგიტიმური სახელმწიფო სტრუქტურების ფორმირება დასრულდება. ანუ სამხედრო ბაზების გაყვანის ვადების შესახებ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოსთვის თუ განახლდება, ვინაიდან პრეზიდენტმა ინაუგურაციიდან ორი კვირის ვადაში უნდა დაასახელოს ახალი მინისტრების ვინაობა. პარლამენტს კანდიდატების დასამტკიცებლად, ალბათ, ერთი კვირა დასჭირდება.
კითხვას, რამდენად რეალურია, საქართველოში ხელისუფლების შეცვლამ ადგილიდან დაძრას რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი უპასუხებს, რომ ჯერჯერობით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა:
[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "ვფიქრობ, რომ ლაპარაკი რაიმე ცვლილებებზე არის ძალიან ნაადრევი, ნაჩქარევი. ადრეა ჩვენთვის დასკვნის გაკეთება, შეიცვალა თუ არა რუსეთის მიდგომები ჩვენთან მიმართებაში. რაც შეეხება ბაზების გაყვანას, რუსეთი ბაზების გაყვანის აბსოლუტურად არარეალურ პირობებს აყენებდა. ეს იყო პირობები, რომლითაც მას სურდა ამ სამხედრო ბაზების შენარჩუნება. ლაპარაკი 11 წელზე, 9 წელზე - არის აბსურდი."
ირაკლი ბათიაშვილი ასევე აბსურდს უწოდებს რუსული მხარის განცხადებას, რომ ბაზების გასაყვანად მას სოლიდური დაფინანსება სჭირდება. მისი განცხადებით, ბაზების საქართველოში ყოფნისას რუსულ მხარეს, გადასახადების სახით, ვალად ისეთი თანხა აქვს დაგროვილი, რომ ჯერ კიდევ საკითხავია, ვის ვისი და რამდენი მართებს.
XS
SM
MD
LG