Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ემართლებიან სერგო იაკობიძეს


დავით პაიჭაძე, თბილისი კორუფციასა და სახელმწიფო ფულის დატაცებაში ეჭვმიტანილთა დევნა საქართველოში გრძელდება. 21 იანვარს სამართალდამცავები საფოსტო ბანკის ყოფილ პრეზიდენტს სერგო იაკობიძეს ეძებდნენ, თუმცა,

მის ნაცვლად, იაკობიძის მეუღლე დააკავეს და ღამით რამდენიმე საათი შინაგან საქმეთა თბილისის მთავარ სამმართველოში გაატარებინეს. სერგო იაკობიძის ადვოკატმა ეს ადამიანის უფლებათა შელახვად და უკანონო ქმედებად მიიჩნია. თავად სერგო იაკობიძისთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ. რა დანაშაულში შეიძლება მიიტანონ ეჭვი იაკობიძეზე?

სერგო იაკობიძეს სანამ სამართლებრივ დევნას დაუწყებდნენ, მანამდე მან ჭიათურაში მოიგო მაჟორიტარული არჩევნები. 2 ნოემბერს ის მეორე ტურში გავიდა სოციალისტ თენგიზ მოცრაძესთან ერთად, ხოლო 4 იანვარს ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა. მეორე ტურამდე სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებმა, მათ შორის, თავმჯდომარე ირაკლი მინდელმა არაერთხელ დასდო ბრალი ახალ ხელისუფლებას სერგო იაკობიძის მფარველობასა და საარჩევნო რესურსების მის სასარგებლოდ გამოყენებაში. შემდეგ კი ისე მოხდა, რომ სწორედ ახალი ხელისუფლების მიერ დანიშნულმა წევრებმა არ დაუჭირეს მხარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჭიათურის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შედეგების დამტკიცებას და იაკობიძე დეპუტატის მანდატის გარეშე დატოვეს. სიზუსტისათვის უნდა ითქვას, რომ სოციალისტები სერგო იაკობიძის პროტექციას ზურაბ ჟვანიას აბრალებდნენ, ხოლო ძალისხმევა საიმისოდ, რომ იაკობიძე პარლამენტის წევრი არ გამხდარიყო და, ამდენად, არ ესარგებლა სადეპუტატო იმუნიტეტით, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაიღეს.

საფოსტო ბანკის მიმართ ეჭვი დიდი ხანია არსებობს და ამ ეჭვს ამაგრებს დევნილთა მიმართ სახელმწიფოს გამუდმებული დავალიანება. თუმცა ამჟამად სახელმწიფო არაფერ შუაშია. სამართალდამცავები ცდილობენ, მიაკვლიონ იმ ფულის კვალს, რომელიც საფოსტო ბანკს გასული წლის დეკემბერში გადაერიცხა და დევნილთა ათი თვის, 2003 წლის იანვარ-ოქტომბრის, შემწეობას წარმოადგენდა.

ორიოდ კვირის წინ თბილისში დააკავეს საფოსტო ბანკის საბურთალოს ფილიალის მმართველი ჯალაღონია. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ორი წლის წინათ საფოსტო ბანკის საბურთალოს ფილიალში ხანძარი მოხდა, რასაც მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის განადგურება მოჰყვა. ხანძრისა და დოკუმენტაციის განადგურების ფაქტს ადასტურებს პროკურატურის იმხანად გაცემული დასკვნა და სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილება. თუმცაღა ახლა, საქმის ძიებისას, ჩნდება დოკუმენტები, რომლებიც, წესით, ხანძრის დროს უნდა დამწვარიყო.

დღეს ძიება საფინანსო დოკუმენტაციას იღებს და ბანკის მიერ მიღებულ და გაცემულ თანხებს აჯერებს. ჯერჯერობით უკვალოდ არის გამქრალი დაახლოებით 2 მილიონი ლარი. ეჭვს იწვევს ისიც, რომ ბანკს საკორესპონდენტო ანგარიშზე ფული პრაქტიკულად არა აქვს; მიუხედავად ამისა, ლტოვილთა და განსახლების სამინისტრო ბანკს ყოველთვე განუახლებდა ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც მას ბიუჯეტის ფულის დევნილებამდე მიტანა ევალებოდა. ბანკი რეგულარულად არღვევდა კონტრაქტით დადგენილ პირობას, ფული ჩარიცხვიდან 10 დღეში მიეწოდებინა დევნილებისათვის. ესეც არ იყოს, წყარო, რომელსაც ვერ გავამხელ, საფუძვლიანად ვარაუდობს, რომ საფოსტო ბანკის დევნილთათვის გასაცემი ფულით ხელს ითბობდნენ დასავლეთ საქართველოს - განსაკუთრებით, ზუგდიდისა და ქუთაისის - შავი სამყაროს წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG