Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მოძრაობა აჭარაში


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში ერთ ყველაზე საყურადღებო მოვლენად აჭარაში მიმდინარე პროცესები რჩება.

საყოველთაო აღიარებით, ასლან აბაშიძის მმართველობა შეირყა. ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს ხელისუფლების სათავეში ლამის დღეებს უთვლიან. თუმცა თავად აბაშიძე ასე არ ფიქრობს და აცხადებს, რომ მისი სკამის შერყევა არც ისე ადვილია. რაც უნდა იყოს, აჭარაში დღემდე არნახულად გამოცოცხლდა საზოგადოება, რომელიც პროტესტისა და აქტივობის გამოხატვის ფორმებს ეძიებს. ბათუმში, ქობულეთსა და სხვა რაიონულ ცენტრებში ფუძნდება და მოქმედებს სხვადასხვა საზოგადოებრივი, არასამთავრობო ორგანიზაცია. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იქმნება გაერთიანება "დემოკრატიული აჭარა".

აჭარაში საზოგადოების გამოცოცხლებას ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებაც სიმულირებს: აბაშიძის მხარდამჭერები ავტომანქანებით დაქრიან ქალაქში, ტრასებზე და სიგნალებით, "აღორძინების" დროშების ფრიალით გამოხატავენ ლიდერისადმი ერთგულებას. საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, მიხეილ სააკაშვილის ბათუმიდან გამგზავრების შემდეგ, ასლან აბაშიძე რამდენიმე ასეულ ერთად თავმოყრილ მხარდამჭერს შეხვდა ღია ცის ქვეშ. ტელეკამერამ აღბეჭდა მომიტინგეთა უკან მდგარი ავტობუსები, რომლებითაც აბაშიძისათვის მხარდაჭერის გამოსახატად მოქალაქეები ბათუმში ჩამოიყვანეს. ასლან აბაშიძე მათ ესაუბრებოდა ბრიტანეთის იმპერიისა და აჭარის ურთიერთობებზე, მუხრუჭებისა და საბურავების ცვეთაზე, ბითუმის სიძვირეზე და მოუწოდებდა, ყოფილიყვნენ მტკიცენი და მხნენი.

საზოგადოების სხვა აქტიური ჯგუფები უფრო ადეკვატურად იქცევიან. მსმენელისათვის ცნობილია მოძრაობა "ჩვენი აჭარის" საქმიანობა. ეს მოძრაობა აერთიანებს აბაშიძის მმართველობით უკმაყოფილო მოქალაქეებს, ნაციონალური მოძრაობისა და რესპუბლიკური პარტიის წევრებს, ქრისტიან-დემოკრატებისა და ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლებს, უნივერსიტეტის ოპოზიციურად განწყობილი პროფესურის ნაწილს. მოძრაობას თანაუგრძნობს "ბურჯანაძე-დემოკრატების" პარტიული ორგანიზაციაც.

თუმცა აჭარაში საზოგადოების ოპოზიციური განწყობის გამჟღავნების შემდეგ ბურჯანაძე-დემოკრატებს სურთ, ავტონომიურ რესპუბლიკაში თავიანთი დესანტი ჰყავდეთ. ამის ნიშანია "საზოგადოებრივი მოძრაობა - დემოკრატიული აჭარა", რომელიც 27 იანვარს თბილისში დამფუძნებელ ფორუმს მართავს და, გავრცელებული ცნობით, აბაშიძის შესაძლო შემცვლელად ზურაბ ჟვანიას თანამებრძოლ ედვარდ სურმანიძეს დაასახელებს. თუმცა ედვარდ სურმანიძე ჯერ არ დასთანხმებია "დემოკრატიული აჭარის" ხელმძღვანელობას.

"დემოკრატიული აჭარა" ჯერჯერობით იმით გამოირჩევა, რომ თავად აჭარაში არ ჩანს და განცხადებებს მოძრაობის შესახებ მხოლოდ თბილისში აკეთებენ. მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მერაბ ქიძინიძის, განცხადებით, მოძრაობის მიზანია აჭარაში არსებული რეჟიმის დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვლა, რის შემდეგაც რესპუბლიკაში უნდა დაიწყოს რეფორმების გატარება - აღდგეს კონსტიტუციური სამართლიანობა, გაიმიჯნოს უფლებამოსილებები ცენტრსა და რეგიონს შორის, რეგიონში დამკვიდრდეს დემოკრატიული ფასეულობები.

ცხადია, «დემოკრატიული აჭარა» «ჩვენი აჭარის» კონკურენტი შეიქნება ოპოზიციურ სპექტრში. ავტონომიურ რესპუბლიკაში «დემოკრატიული აჭარის» პერსპექტივაზე კომენტარი ვთხოვე «ჩვენი აჭარის» ერთ-ერთ დამფუძნებელს, თამაზ დიასამიძეს :

[დიასამიძის ხმა] «აქ ტენდენცია ასეთია: აბაშიძე მიდის, მაგრამ მისი რესურსი რჩება დიდი რაოდენობით. ესაა ადამიანური და ფინანსური რესურსი, ინტერესთა ჯგუფები. ესენი ეძებენ თავშესაფარს, ახალ პატრონს ეძებენ. დარჩენილია შევარდნაძის ხელისუფლებისა და პარტიის ფრაგმენტებიც. ეს ხალხიც ეძებს თავშესაფარს და მე ვხედავ, რომ მათი თავშესაფარი იქნება ბურჯანაძე-დემოკრატები და «დემოკრატიული აჭარა». ფაქტები აჩვენებს, ვინ მუშაობს ამ ძალის ამოწევაზე აჭარაში. ხელისუფლება პირდაპირ მითითებებს იძლევა მათთვის ტრანსპორტის გამოყოფისა და ხელშეწყობის შესახებ».

თამაზ დიასამიძე ამბობს, რომ «დემოკრატიულ აჭარასთან» სერიოზული მოლაპარაკება ექნებათ, რადგან ამ მოძრაობას აბაშიძესთან დაპირისპირებისას მოკავშირედ აღიქვამენ. თუმცა ვარაუდობს, რომ აჭარის მოქმედი ხელისუფლების ნაწილის ხელშეწყობამ «დემოკრატიული აჭარა» შეიძლება ააცდინოს აჭარის დემოკრატიზების მიზანს.
XS
SM
MD
LG