Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა გადადგა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი უახლოეს ერთ კვირაში საქართველოს ახალი მთავრობა ეყოლება - ასეთ განცხადებას აკეთებს სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია,

რომელიც ახალი მინისტრების აუცილებელ დამახასიათებელ თვისებებად პროფესიონალიზმს, პატიოსნებასა და პატრიოტიზმს ასახელებს. თუმცა სავარაუდოა, რომ საკადრო დანიშვნებისას კანდიდატთა პარტიულობაც არანაკლებ როლს ითამაშებს. რა ცვლილებებია მოსალოდნელი საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში?


თუ 25 იანვრამდე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავდა, ახლა საქართველოს 17 მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს - როგორც ედუარდ შევარნაძის მთავრობის დროინდელმა, ისე ნოემბრის მოვლენების შემდეგ დანიშნულმა მინისტრებმა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართეს.
წესით და რიგით, პრეზიდენტმა ახალი მინისტრების კანდიდატურები პარლამენტში ორი კვირის ვადაში უნდა წარადგინოს. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პროცედურა დაჩქარებული ტემპით წარიმართება - 26 იანვარს ჯერ მიხეილ სააკაშვილმა, შემდეგ კი ზურაბ ჟვანიამ დაადასტურეს, რომ უკვე ერთ კვირაში მინისტრების ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

სავარაუდოდ, მინისტრის პორტფელის დაკარგვის საფრთხე არ ელით: იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრს ირაკლი რეხვიაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს თედო ჯაფარიძეს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს ეთერ ასტამიროვას - ეს მინისტრები, როგორც გახსოვთ, სწორედ ნოემბრის მოვლენების შემდეგ დაამტკიცა პარლამენტმა მინისტრის პოსტზე. ბუნდოვანია შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის საკითხი - გამორიცხული არ არის, იგი თავდაცვის მინისტრის რანგში მოგვევლინოს, თუ მანამდე თავდაცვის მინისტრის პოსტზე ხელისუფლებამ სხვა, უფრო ღირსეული, სამოქალაქო კადრი ვერ შეარჩია. სავარაუდოდ, წინა მთავრობიდან თანამდებობას შეინარჩუნებს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია: გავრცელებული ცნობები ხაბურძანიას უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნის თაობაზე არ დადასტურდა - უშიშროების საბჭოს მდივნად მიხეილ სააკაშვილმა 26 იანვარს პარლამენტარი ვანო მერაბიშვილი დანიშნა.

ვაკანტურად რჩება: ჯანდაცვის, კულტურის, გარემოს დაცვის, განათლების, ურბანიზაციის, ტრანსპორტის, სათბობ-ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების თანამდებობები. არ გამორიცხავენ მინისტრებად უცხოეთში მოღვაწე ქართველების დანიშვნას, როგორც ეს სულ ცოტა ხნის წინათ მოხდა ეკონომიკის მინისტრად ბუდაპეშტში მოღვაწე ირაკლი რეხვიაშვილის დამტკიცებისას. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არანაირი არაფორმალური ცნობები არ ვრცელდება მინისტრების შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით, რაც ორი მიზეზით შეიძლება იყოს ახსნილი: ან კანდიდატების ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია, ან კანდიდატები ჯერ კიდევ არ არსებობენ.

მაინც როგორი მთავრობის ყოლის სურვილი აქვს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს? მისი განსაზღვრება ოდნავ ბუნდოვნად ჟღერს:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "საქართველოს უნდა ჰყავდეს ქმედითი და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა. მთავრობა, რომელშიც ქვეყნის ყველა მოქალაქე არის წარმოდგენილი და სადაც შეისმინება თითოეული ქართველის ხმა. აქამდე ხალხი უსმენდა მთავრობას. დადგა დრო, მთავრობამ ძალიან ყურადღებით უსმინოს მთავრობას. აქამდე მთავრობა იცავდა თავს ხალხისგან. დადგა დრო, როცა მთავრობამ უნდა დაიცვას ხალხი და ნებისმიერი მოქალაქე. აქამდე ხალხი ისჯებოდა მთავრობის უნიათობით და ჩვენ დავამტკიცეთ ამ მოედანზე სულ ცოტა ხნის წინ, რომ დგება მომენტი, როცა ხალხი დასჯის მთავრობას გამოჩენილი უნიათობისა და სამშობლოს სიყვარულის არქონისთვის."

შესაძლოა, მინისტრად გახდომის სურვილის მქონეთა სიმცირე იმითაც იყოს განპირობებული, რომ ახალი პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მოლოდინშია, რაც პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის შექმნას გულისხმობს. ოპტიმისტური განცხადებებით, ამ ცვლილებების შესამუშავებლად და დასამტკიცებლად 6 თვე მაინც იქნება საჭირო. შესაბამისად, როგორც ჩანს, 6 თვიანი მინისტრობის პერსპექტივა ბევრს არ ხიბლავს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტს როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის დათხოვნის უფლება ექნება, მინისტრის პოზიცია კიდევ უფრო არასტაბილურად გამოიყურება: ბოლოს და ბოლოს, თუ მიხეილ სააკაშვილი დადგება არჩევანის წინაშე, მთავრობა დაითხოვოს თუ პარლამენტი, რომელშიც მის მომხრეებს უმრავლესობა ექნებათ, სავარაუდოდ, ის სწორედ მთავრობას დაითხოვს.
XS
SM
MD
LG