Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომერციული ბანკები საზედამხედველო კაპიტალს ზრდიან


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ევროსტრუქტურებთან ინტეგრირების ამბიციის მქონე საქართველოს ამ მიზნის მისაღწევად მოუწევს თავისი ეკონომიკის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაცია,




რისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება საფინანსო ბაზრისა და ფინანსური შუამავლობის განვითარების როლი. გასული წლის ბოლოს ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა უკვე დაიწყო ზრუნვა ევროსტანდარტებთან მიახლოებაზე და კომერციული ბანკებისათვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ზრდის გრაფიკი შეიმუშავა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქმედი კომერციული ბანკებისათვის მინიმალურ საზედამხედველო კაპიტალს ზრდის და ამისათვის აქვეყნებს სპეციალურ გრაფიკს, რომლის მიხედვითაც 2008 წლის 31 დეკემბრისათვის ეს მაჩვენებელი 12 მილიონ ლარს უნდა გაუტოლდეს. აღნიშნული აქცია ევროსტანდარტებთან მიახლოების მორიგი მცდელობაა. ევროგაერთიანების საბანკო საქმიანობის მეორე დირექტივით, ამ გაერთიანებაში შემავალი ქვეყნების კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის მინიმალური ოდენობა 5 მილიონ ევროს შეადგენს. ეს კი დაახლოებით 12 მილიონი ლარია.

საზედამხედველო კაპიტალის შევსება ეტაპობრივად მოხდება - მაგალითად, წლევანდელი წლის ბოლოს აუცილებელი მოთხოვნა 6 მლნ. 400 ათასი ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი მურთაზ კიკორია, ევროკავშირის საბანკო დირექტივასთან მიახლოების და ბაზარზე კონკურენციისა და კონსოლიდაციის გაზრდის გარდა, ამ ნორმატივის შემოტანის აუცილებლობას შემდეგნაირად ხსნის:

[მურთაზ კიკორიას ხმა] "კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ეხება ქვეყანაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღების აუცილებლობას, რაც მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ბაზრის შემდგომი განვითარებისათვის, თუმცა ამას სერიოზული მომზადება სჭირდება ასევე საბანკო მდგრადობის კუთხით. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ როდესაც დეპოზიტების დაზღვევის სქემა ამოქმედდება, სისტემა ამისათვის მზად უნდა იყოს და მზადყოფნა, ჩვენი აზრით, ნიშნავს კაპიტალის ადეკვატურობის დაცვას ბანკების მხრივ. ორი-სამი წელი დასჭირდება სისტემის ამოქმედებას და ბანკები მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ სისტემამ ნორმალურად იმუშაოს. "

საზედამხედველო კაპიტალის ზრდა აუცილებელი გახდა თანამედროვე რეალიების გათვალისწინებითაც, როდესაც საქართველოს მიმართ უზომოდ გაზრდილია მსოფლიო პოლიტიკური ელიტის ინტერესი, რასაც, როგორც წესი, თან ახლავს ხოლმე ეკონომიკური წრეების გამოცოცხლება ქვეყნის მიმართ და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება. ქართული საფინანსო ინსტიტუტები მზად უნდა იყვნენ დასავლური კაპიტალის დასახვედრად, რომ ჯანსაღი კონკურენცია გაუწიონ უცხოურ საბანკო დაწესებულებებს.

ჩვეულებრივი საბანკო კლიენტურისათვის კი საზედამხედველო კაპიტალის ზრდა მათი ფულადი დანაზოგებისა და საბანკო ოპერაციების უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა, რათა საფინანსო ბაზარზე რაიმე ექსცესებს და მოსახლეობის ინტერესების შელახვას არ ჰქონდეს ადგილი, რაც ასე გავრცელებული იყო ათიოდე წლის წინ.

მოსალოდნელია, რომ ახალი ნორმატივი აუცილებლად გამოიწვევს მცირე და არასტაბილური საბანკო დაწესებულებების ბაზრიდან განდევნას. სხვათა შორის, მოქმედი 24 ბანკიდან 8 კომერციულ ბანკს ბრძანების შესრულების არანაირი პრობლემა არ აქვს. დანარჩენი 17 ბანკიდან კი ნაწილი, ალბათ, მოახერხებს კაპიტალის გაზრდას, ნაწილი იძულებული გახდება შეუერთდეს სხვა ბანკებს ან დატოვოს სამოქმედო ასპარეზი. "გადარჩევის" პროცესს ბაზარი დამოუკიდებლად, ხელოვნური ჩარევის გარეშე, გადაწყვეტს: ძლიერი გადარჩება, სუსტი კი საფინანსო არეალს გამოათავისუფლებს.


XS
SM
MD
LG