Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა როგორ ეხმაურება უცხოეთის პრესა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს?

"ამერიკა ცდილობს წერტილი დაუსვას რუსეთის გავლენას საქართველოში", - ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია ბრიტანეთის გავლენიან ჟურნალ "ეკონომისტში".
სტატიაში ვკითხულობთ:

"ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას, 25 იანვარს თბილისში, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაეულიც ესწრებოდა, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში სულ უფრო მატულობს შეერთებული შტატების გავლენა. სწორედ იმ დროს, როცა ამერიკელებს იმედი გაუცრუა ედუარდ შევარდნაძის უნიათო პრეზიდენტობამ, საქართველოში დაიწყო "ვარდების რევოლუცია" - მშვიდობიანი საპროტესტო მანიფესტაცია, რაც ნოემბრის ბოლოს შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის დამხობით დამთავრდა. საქართველოს ახალი პრეზიდენტი, 36-წლის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ამერიკაში მიიღო იურიდიული განათლება, იდეალური პარტნიორია დასავლეთისთვის."

გაზეთი "უოლ სტრიტ ჯორნალი" სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს ურჩევს - არ დააყოვნონ იმ აუცილებელი ზომების მიღება, რაც მეწარმეებს, კაპიტალდამბანდებლებსა და რიგით ქართველებს დაარწმუნებდა იმაში, რომ საქართველოს კარი, ბიზნესისთვის ღიაა. გაზეთი დასძენს:

"მაგრამ, ეკონომიკის პოტენციურ რეფორმისტებს, საქართველოში, ძნელი გზა აქვთ გასავლელი. წლების მანძილზე გატარებულმა ეგრედ წოდებულმა "ბიზანტიურმა" პოლიტიკამ ნოყიერი ნაიადაგი შეუქმნა დამყაყებულ, არაეფექტურსა და კორუმპირებულ ბიუროკრატიას, რომელიც ყოველგვარ ინიციატივას ეწინააღმდეგება."

გაზეთ "მოსკოუ ტაიმსის" მიმომხილველი პიტერ ბუკარტი პარალელს ავლებს გასული წლის დამლევს საქართველოსა და აზერბაიჯანში მომხდარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს შორის. იგი წერს:

"ის პოლიტიკოსები, ვინც კავკასიის ხვალინდელ დღეზე ფიქრობს, მიესალმნენ რაღა თქმა უნდა დემოკრატიული ძალების გამარჯვებას საქართველოში, თუმცა ამ ადამიანებმა თვალი არ უნდა დახუჭონ იმაზე, რაც მეზობელ აზერბაიჯანში ხდება. ოპოზიციის მრავალათასიან, მშვიდობიან დემონსტრაციებს, გასულ ნოემბერს რომ იმართებოდა თბილისში,
აზერბაიჯანში განვლილი ათი წლის მანძილზე არ ჰქონია ადგილი. პოლიციის ძალადობის მსხვერპლი გახდება აზერბაიჯანში ნებისმიერი პირი, ვინც ოპოზიციის მშვიდობიანი დემონსტრაციის მოწყობას გაბედავს. მას შემდეგ, რაც ჰეიდარ ალიევი დაბრუნდა ხელისუფლების სათავეში, თავისუფლების მოედანზე, ბაქოს ცენტრში, ოპოზიციას არ მიესვლება."
XS
SM
MD
LG