Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 5 თებერვალს დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი შეუდგება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას.

რამდენიმე დღის წინ ექსპერტთა მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გაუჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად აუცილებელი 157 ხმის მოგროვება, დღეს ზედმეტად ოპტიმისტურად გამოიყურება. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება.



როგორც ჩანს, ნოემბრის მოვლენების შემდეგ საქართველოს პარლამენტში შექმნილი უდრტვინველი ატმოსფერო დასრულდა. სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა რიგგარეშე სხდომაზე დრამატულ ვითარებაში ჩაივლის. ამის წინაპირობად შეიძლება მივიჩნიოთ 3 თებერვალს ჩატარებული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის წევრები მზად იყვნენ, პროექტის წაუკითხავად დაეწყოთ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა - ამას კატეგორიულად მოითხოვდა გაერთიანებული დემოკრატების წევრი ხათუნა ხოფერია. საბოლოოდ, კომიტეტის თავმჯდომარის გოჩა პაიჭაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, იურიდიული კომიტეტი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას, რაც კომიტეტის წევრები ცვლილებების პროექტს წაიკითხავენ მაინც.
როგორც ირკვევა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება არც გამარჯვებულ ფრაქციებშია: ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი, მოძრაობის გენერალური მდივანი კობა დავითაშვილი, კონსტიტუციური ცვლილებების ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო პროტესტის ნიშნად, 3 თებერვალს პარტიული თანამდებობიდან გადადგა:
[ კობა დავითაშვილის ხმა] " ამ წუთიდან მე გადამდგარი ვარ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თანამდებობიდან, რადგან არ ვიზიარებ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ერთი კაცის გულისთვის ხორციელდება. ჩემთვის მიუღებელია ზურაბ ჟვანიას გულისთვის კონსტიტუციის შეცვლა. ჩემთვის ასევე მიუღებელია იმ პარტიაში ყოფნა, რომელშიც იქნება ზურაბ ჟვანია."
კობა დავითაშვილმა მოუწოდა 4 თებერვლისთვის დაგეგმილი ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული დემოკრატების გამაერთიანებელი ყრილობის წევრებს, მხარი არ დაუჭირონ პარტიების გაერთიანებას.
როგორც ჩანს, ეს მოწოდება რეაგირების გარეშე დარჩება. ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა ლიდერმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა სინანული გამოთქვა, რომ "კობა დავითაშვილი გამოაკლდა." კონფლიქტის ფიგურანტმა ზურაბ ჟვანიამ დავითაშვილის განცხადება გაბუტვად და გაფხორვად შეაფასა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გია ბარამიძემ კი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი გენერალური მდივნის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.
სხვათა შორის, რიგგარეშე სხდომამდე 2 დღით ადრე დანამდვილებით ვერავინ ამბობდა, მოხერხდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის აუცილებელი 157 ხმის მოგროვება. ჯერჯერობით დანამდვილებით ცნობილია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს არ დაუჭერენ "ახალი მემარჯვენეები", სოციალისტები, ტრადიციონალისტები. სხვა ფრაქციები ჯერჯერობით თავიანთ მოსაზრებას არ გამოთქვამენ. ამ ცვლილებების მოწინააღმდეგენი არიან გაერთიანებული დემოკრატებისა და ნაციონალების საპარლამენტო წარმომადგენლობებშიც.
XS
SM
MD
LG