Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი დაიწყო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 18 თებერვალს, საღამოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრით დაიწყო ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ვიზიტის მიზანია საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარების პროცესის გაცნობა. გარდა ამისა, კარგად ინფორმირებული პირის ცნობით, თბილისში შეხვედრების შემდეგ ვალტერ შვიმერი გადაწყვეტს, როდისთვის მოუხდება საქართველოს ხელისუფლებას ევროსაბჭოს იმ რეკომენდაციების შესრულება, რომლის ვადებიც ნოემბრის მოვლენების შემდეგ გადაიდო.

ევროსაბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ყველაზე დიდ დისკომფორტს უქმნიდა და უქმნის საქართველოს ხელისუფლებას, სტალინურ ეპოქაში საქართველოდან დეპორტირებული მაჰმადიანი მესხების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების ვადის განსაზღვრაა. დღეს საქართველოს საზოგადოება ამ პრობლემაზე საკმაოდ მძაფრად რეაგირებს. ამას თბილისის ქუჩებში მოწყობილი ეს მცირე გამოკითხვაც მოწმობს:
[ გამვლელის ხმა] "შეიძლება, პერსპექტივაში კიდეც უნდა დააბრუნონ, მაგრამ ახლა, როცა ამდენი ხალხი ჩვენ გვყავს თავის ადგილას დასაბრუნებელი, რა დროს მაგათი დაბრუნებაა."
[ გამვლელის ხმა] " რატომ უნდა დააბრუნონ? მაშინ გასაყრელები იყვნენ, რახან გაყარეს. რატომ გაყარეს? უმიზეზოდ ხომ არ გაყარეს? ალბათ, ჰქონდათ რაღაც დანაშაულობები, ხომ სწორია?"
საქართველოს პარლამენტის ევროსაბჭოს დელეგაციის წევრის არმაზ ახვლედიანის თქმით, ევროსაბჭო გაგებით ეკიდება საქართველოს ხელისუფლების არგუმენტებს, რაც მაჰმადიანი მესხების სამშობლოში დაბრუნებას უკავშირდება. მისი თქმით, ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობის დაწყება მოუწევს:
[არმაზ ახვლედიანის ხმა] "ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები იმისათვის, რომ უფრო აწონ-დაწონილი გადაწყვეტილება მიიღოს მესხების დაბრუნებასთან დაკავშირებით და, ევროსაბჭოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შედეგად, დათქვას ისეთი ვადა, რომელშიც შესაძლებელი და რეალური იქნება ამ გაუბედურებული ადამიანების დაბრუნება ისტორიულ სამშობლოში."
სანამ საქართველოს ხელისუფლება მაჰმადიანი მესხების პრობლემის მოგვარებაზე ფიქრს მომავლისთვის გეგმავს, გამორიცხული არ არის, ეს პრობლემა საერთოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან. 18 თებერვალს გავრცელებული ცნობებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს კრასნოდარის მხარეში მყოფი მესხელების აშშ-ში მიგრაციის პროცესის დასაწყებად. საუბარია 10 ათას ადამიანზე, რომელიც დევნილის სტატუსს მიიღებს აშშ-ში - ამ ადამიანებს ფერგანის ტრაგედიის შემდეგ მოქალაქეობა არა აქვთ.
[ამირ ყურაძის ხმა] " მე ვარ ქართველი, მესხი, მაჰმადიანი და არა თურქი მესხი."
ეს 44 წლის ამირან ყურაძეა, რომელიც საქართველოში, სოფელ ნასაკირალში, 1977 წლიდან ცხოვრობს. მისი თქმით, მაჰმადიანმა მესხებმა დაკარგეს იმედი, რომ ოდესმე სამართლიანობა აღდგება და მათ სამშობლოში, საქართველოში, დააბრუნებენ:
[ამირან ყურაძის ხმა] " ამ ადამიანებმა, ამ ე.წ. თურქმა მესხებმა, საქართველოს იმედი დაკარგეს, რომ მათი დაბრუნება აღარ იქნება. და აი, ვითომდა ამერიკა მათ სიკეთეს უკეთებს. ეს ხომ დეპორტაციის დეპორტაციაა. არ ეკითხებიან, უნდათ თუ არა საქართველოში დაბრუნება. არავინ არ ეკითხება, დახმარებაა, ამერიკაში რომ ასახლებენ? ეგ არის დეპორტაცია და მეტი არაფერი. იყვნენ დეპორტირებულები შუა აზიაში და ახლა მთლად ამერიკაში ასახლებენ."
ცნობისთვის: სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვით, საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უცხოეთში საცხოვრებლად გადასვლაზე უარს არ იტყოდა. ამირან ყურაძე დარწმუნებულია, კრასნოდარის მხარეში მყოფ მაჰმადიან მესხებს თუ არჩევანს შესთავაზებენ, - ამერიკა თუ საქართველო, - ისინი ამ უკანასკნელს აირჩევენ.
XS
SM
MD
LG