Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია "ომეგას" მომხრეების საპროტესტო აქცია გრძელდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 21 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში, ვაშლიჯვარში, იქ, სადაც კომპანია "ომეგას" სათავო ოფისია განლაგებული, სროლის ხმა ისმოდა. ოფიციალური ვერსიით, "ომეგას" საწარმოების

თანამშრომლები შენობის ეზოში აპირებდნენ შეჭრას. შესაბამისად, სპეცრაზმმა გამაფრთხილებელი სროლა დაიწყო. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ შეჭრას არ აპირებდნენ და სპეცრაზმმა ცეცხლი მშვიდობიან მომიტინგეებს გაუხსნა. საბედნიეროდ, სროლისას არავინ დაშავებულა. როგორ ვითარდებოდა მოვლენები?

შეგახსენებთ: კომპანია "ომეგას" უსიამოვნებები ხუთშაბათს დაიწყო, როცა, გენერალური პროკურატურის დადგენილებით, დაილუქა ამ ფირმის მფლობელობაში მყოფი ყველა საწარმო, იქნება ეს სტამბა თუ ავტომობილების მაღაზია. ხელისუფლების განცხადებით, ფირმა "ომეგა" სიგარეტის კონტრაბანდაშია ეჭვმიტანილი. როგორც გახსოვთ, ჩხრეკა ჩატარდა არა მხოლოდ ოფისებში, არამედ "ომეგას" მფლობელობაში მყოფ ტელეკომპანია "იბერიაშიც", თუმცა ტელეკომპანიის მუშაობა არ შეფერხებულა.
შავნიღბიანების ტელეკომპანიის შენობაში გამოჩენა საზოგადოების ნაწილმა სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლად აღიქვა. და, გულახდილად რომ ითქვას, ეს მოსაზრება უსაფუძვლოდ არ გამოიყურება, თუ გავიხსენებთ, რომ ნოემბრის მოვლენებისას ტელეკომპანია "იბერია" რამდენიმე საათით ეთერიდან გამორთეს. იმავე დღეებში დაიცხრილა "იბერიის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ლუბა ელიაშვილის საცხოვრებელი ბინა - ეს დანაშაული დღესაც გაუხსნელია. "ომეგას" სტამბის გაჩერებას, თავისთავად ცხადია, მოჰყვა გაზეთ "ახალი ეპოქის" გამოცემის შეჩერება. ბოლო სამი დღის მანძელზე "ომეგას" თანამშრომლები და მხარდამჭერები თავის აღშფოთებას მომხდართან დაკავშირებით საკმაოდ ემოციურად გამოთქვამდნენ.
რა მოხდა შაბათს? "ომეგას" თანამშრომლების განცხადებით, ისინი სამსახურში მივიდნენ იმის გასაგებად, თუ როდიდან იქნებოდა შესაძლებელი მუშაობის აღდგენა. მუშებს სპეცრაზმმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. ეს რამდენიმე ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფმა ფირზე აღბეჭდა.
ჰქონდა თუ არა უფლება სპეცრაზმს ცეცხლი გაეხსნა მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის? - ამ კითხვაზე გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ სპეცრაზმი კანონის ფარგლებში მოქმედებდა:
[ ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] "სრულიად კანონიერად, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს - მიიღეს გადაწყვეტილება ზომა გამოეყენებინათ. ვერავინ ვერ შეძლებს იმას, რომ მუშები და ამ ფირმის თანამშრომლები აიფაროს ფარად, რათა მიაღწიოს თავის უკანონო მიზანს. ეს იყო სრულიად კანონიერი, რაც მოხდა ჯარისკაცების მხრიდან და მე მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ეს ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამ თემით მოახდინონ მანიპულირება მათი უკანონო მიზნებისთვის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამომძიებელი, სპეცრაზმელი ჯარისკაცი, კანონის საფუძველზე, ყველა ზომას გამოიყენებს, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული წესრიგი."(სტილი დაცულია)
შაბათს, ვაშლიჯვარში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, "ომეგას" მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია ჯერ სახელმწიფო ტელევიზიის, შემდეგ სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ პასუხს კითხვაზე, ვინ გასცა მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება.
XS
SM
MD
LG