Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირას პარლამენტმა მთავრობასთან ერთად სამოქმედო პროგრამაც დაამტკიცა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას საქართველოს ახალმა მინისტრთა კაბინეტმა საკანონმდებლო ხელისუფლებაში თავისი პროგრამა წარადგინა. უკვე დამტკიცებული პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მიერ

გამოტანილი დოკუმენტის დევიზია "ერთიანი და ძლიერი საქართველოსათვის ეკონომიკური ზრდის, გრძელვადიანი სტაბილურობისა და ევროინტეგრაციის გზით". იგი ხუთწლიან პერიოდზეა გათვლილი. ვერ ვიტყვით, რომ პრემიერის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს დროში კონკრეტულად გაწერილი პროგრამის ფორმა ჰქონდეს, ან იგი მაინცდამაინც განსხვავდებოდეს თუნდაც წინა ხელისუფლების მიერ ადრე დეკლარირებული პრინციპებისაგან, თუმცა გარკვეული ტენდენციები მასში მაინც არის დაფიქსირებული. თეზისებად ჩამოყალიბებული პროგრამის დახვეწას და მის დროში გაწერას ხელისუფლება უკვე უახლოეს მომავალში გვპირდება.

გასულ კვირასვე გაცხადდა, რომ ეკონომიკის მინისტრი ირაკლი რეხვიაშვილი მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ მოწონებული "საქართველოს სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამის" გადახედვას გეგმავს. თუმცა, როგორც ჩანს, დეტალური პროგრამის საფუძველი მაინც ეს დოკუმენტი გახდება. საინტერესოა, რომ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აქტიური მონაწილეობის და მათი მხრიდან ამ პროგრამისათვის "მწვანე შუქის" ანთების მიუხედავად, "სიღარიბის დაძლევის პროგრამის" მიმართ ამჟამინდელი ხელისუფლების დამოკიდებულება პირველ ეტაპზე არცთუ პოზიტიური იყო, ალბათ, იმიტომ, რომ მასში შევარდნაძის რეჟიმთან იდენტიფიცირების საშიშროებას ხედავდნენ. დოკუმენტის თეზისები მაშინდელმა სამთავრობო ბლოკმა თავის წინასაარჩევნო პროგრამაშიც გადაიტანა, თუმცა მისი რეალიზაცია, ბუნებრივია, არც დაწყებულა.

ირაკლი რეხვიაშვილის თქმით, მას საქართველოს ეკონომიკის რეფორმირების პროგრამა აქვს და ფიქრობს, ის უკვე არსებულ სიღარიბის დაძლევის პროგრამას შეუთავსოს. "1 მარტს გაიმართება საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრა, რომელზეც უკვე შეთანხმებული ვარიანტით წარვდგებით", - განაცხადა მინისტრმა, რომელიც პროგრამის საბოლოო ვარიანტის წარდგენას, სტრატეგიული დოკუმენტის სახით, უახლოეს თვეებში გეგმავს.

რაც შეეხება ჟვანიას მიერ წარმოდგენილ საპროგრამო თეზისებს, იგი ეკონომიკის ზრდას, კორუფციასთან ბრძოლას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, საჯარო სამსახურების სტრუქტურულ რეფორმას, საბიუჯეტო ხარჯების მართვის რაციონალიზაციას, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას, საგადასახადო წნეხის შემსუბუქებასა და კერძო საკუთრების პრიმატს ითვალისწინებს.

ამ პროგრამის მიხედვით, ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებად ენერგეტიკა, ტრანსპორტი და კომუნიკაციები, ტურიზმი, საბანკო სექტორი, სოფლის მეურნეობა და მრეწველობა ითვლება. ანუ, ზოგადად, ის პრიორიტეტებია გამოკვეთილი, რომლებსაც წინა ხელისუფლებაც თავის ყველა საჯარო გამოსვლასა და დოკუმენტში აფიქსირებდა. ამდენად, ამ შემთხვევაშიც მთვარი იქნება არა დეკლარირებული პრიორიტეტები, არამედ მიდგომა და პრინციპები, რომლითაც ამ თეზისების რეალიზება უნდა მოხდეს.

ახალი მთავრობა, როგორც კოლექტიური პასუხისმგებლობის გუნდი, თავისი პროგრამული დოკუმენტით, პასუხისმგებლობას იღებს, რომ უახლოეს 5 წელიწადში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის საშუალო ტემპი არ იქნება 5%-ზე ნაკლები, რაც, ინფლაციის ზომიერი 5-6%-იანი ინდექსის შენარჩუნების ფონზე, უზრუნველყოფს მოსახლეობის ცხოვრების დონის სწრაფ ამაღლებას. მთავრობა აპირებს საგადასახადო შემოსავლების მობილიზების დონე მშპ-სთან მიმართებაში ყოველწლიურად არანაკლებ 1%-ით აამაღლოს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლები 2008 წლისათვის მშპ-ს 20%-მდე გაზარდოს. ამჟამად ეს მაჩვენებელი 14 პროცენტია. ჟვანიას პროგრამაში არც წინა წლის დაპირება დავიწყებია და ახალი მთავრობა ვარაუდობს, რომ ფისკალური ადმინისტრირების განმტკიცების საფუძველზე მოხდება ხელფასებისა და პენსიების ნაწილში როგორც ადრე დაგროვილი დავალიენებების გასტუმრება, ისე მათი ოდენობის ზრდა და საარსებო მინიმუმთან გათანაბრება. თუმცა ჟვანია, წინა წლებისაგან განსხვავებით, ამ რეფორმის მყისიერ განხორციელებას ვერ გვპირდება და პროგრამა არც იმას აკონკრეტებს, თუ როდის გახდება მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმის ტოლი.

გასულ კვირას საკანონმდებლო ხელისუფლებამ ახალი კაბინეტი ჩვეული ერთსულოვნებით დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ პრემიერის მიერ წარმოდგენილ პროგრამასაც ნდობა გამოუცხადეს.

გასულ კვირასვე ფინანსთა სამინისტრომ ამ პროგრამული დოკუმენტის პარამეტრების სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გადატანა დაიწყო. პროექტი მიმდინარე წელს შემოსავლების 134,6 პროცენტიან ზრდას ითვალისწინებს. 135,8%-ით გაიზრდება ბიუჯეტის სახელფასო ფონდი. ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს 94,322,800 ლარის ოდენობის ძველი დავალიანების გასტუმრებას გეგმავს. აქედან საბიუჯეტო ორგანიზაციების 2003 წლის სახელფასო დავალიანებების გასასტუმრებლად 18 მლნ ლარი გამოიყოფა. ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დავალიანებების დასაფარავად 8 მლნ 700 ათასი ლარი, ხოლო საპენსიო დავალიანებების ნაწილობრივ დასაფარავად 36 მლნ 500 ათასი ლარი.

2004 წლის სექტემბრიდან იგეგმება მასწავლებელთა ხელფასების მატებაც. ამისთვის ბიუჯეტში დამატებით 315 ათასი ლარია გათვალისწინებული.

გასულ კვირას ახალმა მინისტრთა კაბინეტმა სამინისტროების მიხედვით საბიუჯეტო თანხების განაწილებაც დაიწყოს, წელს 2003 წელთან შედარებით, ბიუჯეტიდან დაფინანსება 9 სამინისტროს გაეზარდა, ხოლო 6-ს კი, პირიქით, შეუმცირდა.

ამრიგად, გასულ კვირას ხელისუფლებამ მინისტრთა კაბინეტის ფორმირება დაასრულა და საზოგადოებას მეტ-ნაკლებად აღქმადი პროგრამაც წარუდგინა, რომლის დაზუსტებასაც ახალი მთავრობა უახლოეს პერიოდში გვპირდება.
XS
SM
MD
LG