Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამარჯობა! "ახალგაზრდულ პროგრამაში" დღეს ვისაუბრებთ ფაქტზე


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი გამარჯობა! "ახალგაზრდულ პროგრამაში" დღეს ვისაუბრებთ ფაქტზე,

რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მოუგვარებლობას უკავშირდება - 27 იანვარს ზუგდიდის რაიონის ტერიტორიიდან, რომელსაც სამშვიდობო ძალები აკონტროლებენ, ახალგაზრდა მხატვრის დათო ბაძაღუას გატაცებაზე. შემდეგ შევეხებით ქართველი ახალგაზრდების პროტესტს აჭარაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მანამდე კი ფაქტის შესახებ - ფაქტის, რომელიც ნათლად მეტყველებს, რით ემუქრება აფხაზეთის პრობლემის მოუგვარებლობა სრულიად უდანაშაულო ადამიანებს.

დათო ბაძაღუას სახელი და გვარი საინფორმაციო საშუალებებში 27 იანვრიდან ტრიალებს. სწორედ ამ დღეს გაიტაცეს ის ტერიტორიიდან, რომელიც ეგრეთ წოდებულ უსაფრთხოების ზონას მიეკუთვნება და რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლს ექვემდებარება. გატაცება ენგურს აქეთ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში, მოხდა. დათო ბაძაღუას და მის მეგობარს თემურ ქორთუას ხუთამდე შეიარაღებული პირი დაესხა თავს. ბოროტმოქმედებმა დათო გაიტაცეს და, სხვადასხვა ვერსიით, აფხაზთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს, მის მეგობარს კი ფიზიკური შეურაცხყოფა აკმარეს და ადგილზე დატოვეს.

ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა დათო და მისი მეგობარი გალის რაიონიდან თბილისში მოემგზავრებოდნენ. გალში კი ისინი იქაური ქართველი ბავშვებისთვის ქართული ლიტერატურის ჩასატანად იყვნენ ჩასულნი.

დათო ბაძაღუა გალელია. მისი მშობლები და ახლობლები გალის რაიონის სოფელ განახლებაში ცხოვრობენ. ბოლო წლებში დათო თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, ამავდროულად, აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. ის ჩართულია პროექტებში, რომლებიც ქართველ და აფხაზ ახალგაზრდა ხელოვანთა დაახლოებას, აგრეთვე გალის რაიონში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებზე ზრუნვას ისახავს მიზნად.
იანვრის ბოლოს მან და თემურ ქორთუამ ხომ გალელ ქართველ ბავშვებს ქართული წიგნები ჩაუტანეს. როგორც ჩანს, დათო სწორედ ამისთვის დასაჯეს. "თავდასხმა ენგურს აქეთ და არა გალის რიონში, ალბათ, იმიტომ მოხდა, რომ აფხაზთა მხარეს დანაშაულზე პასუხისმგებლობა თავიდან აერიდებინაო," - ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც, 27 იანვრიდან მოყოლებული, დათო ბაძაღუას გატაცებას აპროტესტებენ. თბილისში მათ არაერთი საპროტესტო აქცია მოაწყვეს, მათ შორის, სამხატვრო აკადემიასთან თუ საქართველოში რუსეთის საელჩოსთან. მიზანი იყო ერთი - გააქტიურებულიყო მუშაობა გატაცებული ახალგაზრდების მოსაძებნად და გასათავისუფლებლად. დათო ბაძაღუას გატაცების ფაქტთან დაკავშირებით "ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის" თავმჯდომარეს ლადო ვარძელაშვილს არაერთი შეხვედრა ჰქონდა აფხაზთა მხარის წარმომადგენლებთან.

[ლადო ვარძელაშვილის ხმა] " ფაქტიდან მესამე დღეს ჭუბურხინჯში გახლდით, ველაპარკე ქიშმარიას - გალის რაიონის გამგებელს, გალის რაიონის უშიშროების უფროსს. თავიდან თქვეს, რომ გატაცების შესახებ არაფერი იცოდნენ; ამას დასძინეს, რომ გალის რაიონში დათოს და მისი მეგობრის ქორთუას მიერ ჩატარებული აქციის შესახებ წინასწარ რომ სცოდნოდათ, არ მოხდებოდა ინციდენტი მათი მხრიდან, თუ ეს მათი მხრიდან მოხდა. ამ დროს თემურ ქორთუა ირწმუნება, რომ აქციის შესახებ გაფრთხილებული იყო გალის რაიონის ფაქტობრივი ადმინისტრაცია, თუმცა ამას უარყოფს ქიშმარია. "

დათო ბაძაღუას გატაცებაზე ლადო ვარძელაშვილი თბილისში ჩამოსულ აფხაზთა საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბასაც ესაუბრა და მისგანაც მიიღო პასუხი, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ქართველი ახალგაზრდის გატაცებას შეეხო მიხეილ სააკაშვილიც მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას. ამის შემდეგ ჭუბურხინჯის შეხვედრაზე საკითხი აფხაზეთის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა და რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალმა ეფტეევმაც განიხილეს. ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე 27 იანვარს მომხდარი ფაქტი უნდა განხილულიყო ჟენევაშიც. იქ, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა ასეთი დაპირებით გაემგზავრა:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] "იმათთან ერთად ვარ, ვინც მოითხოვს ბაძაღუას საკითხის გადაწყვეტას. მივფრინავ ჟენევაში და ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რასაც იქ დავაყენებ, იქნება დათოს გატაცების საკითხი. მე მინდა საზოგადოებას სჯეროდეს, რომ ჩვენ ეს ფაქტი ძალიან გვაღელვებს. "

გატაცებულის ადგილსამყოფელის დადგენისა და გათავისუფლების მოთხოვნით, შაბათს ზუგდიდის რაიონში ჩავიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზ და ქართველ ახალგაზრდა ხელოვანთა კავშირის" წარმომადგენლები. დათო ბაძაღუა სწორედ ამ ორგანიზაციას წარმოადგენს. აი, რას ვკითხულობთ დათო ბაძაღუას პერსონალურ ვებგვერდზე, რომელსაც "ჩემი აფხაზეთი" ჰქვია:
"ჩვენ, ახალგაზრდა ხელოვან ხალხს, გვსურს გადავარჩინოთ ჩვენი ურთიერთობანი. გვსურს ვიყოთ ერთად, რადგან ხელოვნება არის ჩვენი სულიერების პირველი საფეხური. ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ ჩვენი აზრები, მიზნები, პროექტები, მოვაწყოთ გამოფენები, დავდგათ სპექტაკლები, ვაჩუქოთ ერთმანეთს ის, რაც 10 წლის განმავლობაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შევქმენით, დავანახვოთ ყველას, რა შეუძლია ერთად ყოფნას. ჩვენ თუ ერთად ვიქნებით და ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს პროექტებს, ამით დიდ წვლილს შევიტანთ ჩვენს ურთიერთობაში. "



დათო ბაძაღუას ოცნებაა პერსონალური გამოფენის მოწყობა სოხუმში, რადგან ფიქრობს, რომ ხელოვნება ააღორძინებს დაკარგულ გრძნობებს აფხაზებსა და ქართველებს შორის. ამ გრძნობების აღორძინებაზე და აფხაზეთზე ფიქრმა გადააწყვეტინა მას, თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტს, სადიპლომო პროექტად მსოფლიოს ბავშვებისთვის შავი ზღვის სანაპიროზე დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა აერჩია და მისთვის "აფხაზეთი - მსოფლიო ბავშვთა ბანაკი" დაერქმია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ დათო ბაძაღუა ზუგდიდის რაიონში ეგრეთ წოდებულ უსაფრთხოების ზონიდან გაიტაცეს მას შემდეგ, რაც ის და მისი მეგობარი იქ გალის რაიონიდან გადმოვიდნენ.

განვაგრძობთ "ახალგაზრდულ პროგრამას". მიკროფონს დავით პაიჭაძეს ვუთმობ. ის შემოგთავაზებთ ინტერვიუს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრ ლაშა ჩხარტიშვილთან, რომელიც გამოხატავს თავის დამოკიდებულებას აჭარაში განვითარებული მოვლენებიადმი.

[ინტერვიუ ლაშა ჩხარტიშვილთან]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG