Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოლოდინია საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთში ვიზიტისგან განსხვავებით, პრეზიდენტ სააკაშვილის ვაშინგტონში გამგზავრებას საქართველოში განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუწვევია. შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს,

რომ, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს წლების მანძილზე აშშ-თან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა აქვს, რომელსაც საქართველოში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად რევიზია ნამდვილად არ ელის. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში არ მოიძებნება პოლიტიკური ძალა, რომელიც კითხვის ქვეშ დააყენებდა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აუცილებლობას. რა მოლოდინები არსებობს საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტთან დაკავშირებით?


თუ ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის პერიოდში მისი ყოველი ვიზიტი აშშ-ში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცეოდა, შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაშინგტონში გამგზავრების შემდეგ არ ისმის კითხვა, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ახალი პრეზიდენტის პირველ სამუშაო ვიზიტს ოკეანისგაღმა. როგორც ჩანს, პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადების მიუხედავად, მე არც პრორუსი ვარ, არც პროამერიკელი, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი ვარო, ქართულ საზოგადეობას არ ეეჭვება, რომ თუ პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობის აწყობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მიხეილ სააკაშვილს არ გაუჭირდება თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან საერთო ენის გამონახვა. იმ ფონზე, როცა საქართველოს ახალგაზრდა პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ერთ-ერთ პრიორიტეტად სახავს, - მისი განმარტებით, ეს თეთრი სახლის ერთ-ერთი რეკომენდაციაა - ბუნებრივია, საქართველოში რაიმე მოულოდნელობას მიხეილ სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტისგან არ ელიან.
ურბანისტ ლადო ვარდოსანიძის აზრით, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ჯერ რუსეთში, ხოლო ახლა - ვაშინგტონში ადასტურებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა კვლავ დაბალანსებული იქნება:
[ ლადო ვარდოსანიძის ხმა] " პოლიტიკა, აშკარად, ჩამოყალიბებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა საქართველოს მიმართ. ამიტომ, ამ კონტექსტში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო ვიზიტი. არა მგონია, ამ კუთხით "ამერიკის აღმოჩენა" მოხდეს."
სხვაგვარად ფიქრობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომლის აზრითაც, ვაშინგტონში მყოფ მიხეილ სააკაშვილს საკმაოდ სერიოზული ამოცანა ელის - არა მხოლოდ ემოციურად დაადასტუროს, რომ იგი ქვეყანაში რეფორმების გატარების მომხრეა, არამედ დაარწმუნოს თეთრი სახლი, რომ მას შეუძლია რეფორმების გატარება:
[ პაატა ზაქარეიშვილის ხმა] " ქორწინებამ ჩაიარა და იწყება ჩვეულებრივი ცხოვრება. ალბათ, ამერიკა საქართველოს, პირველ რიგში, მოსთხოვს, რეალურად აჩვენოს კორუფციასთან ბრძოლის შედეგები და არა მხოლოდ დაპატიმრებები. შედეგი არ არის მხოლოდ ციხეებში ადამიანების გამომწყვდევა. გარდა ამისა, ეკონომიკამ უნდა დაიწყოს მოძრაობა. რატომ იყო ჩვენთან ეკონომიკა მძიმე პირობებში ?- იმიტომ, რომ კორუფციის მარწუხებში იმყოფებოდა. როგორ გათავისუფლდება კორუფციის მარწუხებიდან ქვეყანა, ეკონომიკა და დაიწყებს თუ არა წინსვლას - ამის ნიშნები უნდა გამოჩნდეს 5-6 თვეში."
პარლამენტარ ირაკლი ბათიაშვილის აზრით, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე საუბრის თემად აუცილებლად იქცევა ტერორიზმთან ბრძოლა. როგორც ირაკლი ბათიაშვილი შენიშნავს, ეს პრობლემა დიდხანს იქნება პრიორიტეტი შეერთებული შტატებისა და საქართველოსთვის:
[ ირაკლი ბათიაშვილის ხმა] " სანამ ჩეჩნეთის კონფლიქტი მიმდინარეობს, ყოველთვის იქნება ხიფათი გარკვეული ტერორისტული ელემენტების შესაძლო გადაადგილებისა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ახლა არ ხდება, მაგრამ ჩვენ ამისგან დაზღვეულები არა ვართ."
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ და, ამავე დროს, ცალსახად აუხნის საქართველოს ხელისუფლებას, რომ დახმარება მხოლოდ და მხოლოდ რეფორმების გატარების შემთხვევაში გაგრძელდება:
[თინათინ ხიდაშელის ხმა] " ჩემი ყველაზე დიდი მოლოდნი ის არის, რომ ამერიკის მთავრობა "პირობითობის" ენას არ შეცვლის საქართველოსთან მიმართებაში და სააკაშვილისთვის - ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერი ხელისუფალისთვის - იქნება ნათლად ნათქვამი, რომ მათ უნდა გააეკთონ ის, რის პირობასაც იძლევიან და რეფორმები განახორციელონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დახმარება არ იქნება."
თუ რამდენად საფუძვლიანია ქართული საზოგადეობის მოლოდინი, ეს, მეტ-ნაკლებად, უკვე 25 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილისა და ჯორჯ ბუშის შეხვედრის შემდეგ, გაირკვევა.
XS
SM
MD
LG