Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სავაჭრო პალატას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს არასტანდარტულ საკადრო ცვლილებებს დაჰპირდა. შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი ამ პირობას ნამდვილად ასრულებს

- მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების შემდეგ "არასტანდარტული" საკადრო ცვლილებები სხვა სტრუქტურებშიც ხორციელდება: 24 თებერვალს საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარედ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის მფლობელ ეროსი კიწმარიშვილის არჩევა სტანდარტულ შემთხვევად ნამდვილად არ გამოიყურება. რატომ?


გულახდილად რომ ითქვას, ნოემბრის მოვლენების შემდეგ ხმები დადიოდა სამაუწყებლო ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის პრეზიდენტის, ეროსი კიწმარიშვილის, სახელმწიფო სამსახურში გადასვლის შესაძლებლობის შესახებ. მაგრამ მისი სავაჭრო პალატის პრეზიდენტად არჩევა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. ამ დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე არაოფიციალურად ამ პოსტზე პარლამენტარ გოგი თოფაძის კანდიდატურა განიხილებოდა - როგორც გახსოვთ, გოგი თოფაძე თან ახლდა პრეზიდენტ სააკაშვილს მოსკოვში, სადაც შეხვდა რუსეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს ევგენი პრიმაკოვს. თუმცა მოვლენები სხვაგვარად წარიმართა: დღეს გოგი თოფაძე აცხადებს, რომ იგი არსებული ხელისუფლების ოპოზიციაა, სავაჭრო პალატის პრეზიდენტად კი 24 თებერვალს ერთხმად აირჩიეს ეროსი კიწმარიშვილი - ცნობისთვის: არჩევნებისას მას კონკურენტი არ ჰყოლია.
შეგახსენებთ: 1985 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე საქართველოს სავაჭრო პალატას გურამ ახვლედიანი ხელმძღვანელობდა. მისი ფიგურისადმი ინტერესს ის ფაქტი ამძაფრებდა, რომ იგი ედუარდ შევარდნაძის მძახალი გახლავთ.
დღეს გურამ ახვლედიანის ადგილს ეროსი კიწმარიშვილი იკავებს, რომელიც ამბიციურ ბიზნესმენად არის ცნობილი და საფუძვლიანადაც: 1994 წელს დაარსებული ადგილობრივი ტელეკომპანია "რუსთავი-2" დღეს საქართველოს მასშტაბით ყველაზე პოპულარულ ტელეარხად ითვლება. არანაკლებ ამბიციური გეგმები აქვს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს ეროსი კიწმარიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ უახლოესი 4 წლის მანძილზე იგი საქართველოში 4 მილიარდის ინვესტიციების მოზიდვას აპირებს.
რამდენად რეალისტურია ეს გეგმა? - იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საქართველოში საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობს, მაგალითად, ამერიკის სავაჭრო პალატა ან ევროპის სავაჭრო პალატა, ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს უახლოესი 4 წლის მანძილზე საქართველოს სავაჭრო პალატის მხრიდან ესოდენ გრანდიოზული ჩანაფიქრის განხორციელება აეჭვებს:
[სოსო ცისკარიშვილის ხმა] " მე, როგორც უცხოელი მეწარმე საქართველოში, ვიცი რა ზოგადად სიტუაცია, ჯერ ფადი ასლის შევეკითხები, ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელს. ეს იმიჯი მან შეიქმნა იმით, რომ "მკვდარი" სავაჭრო პალატის პირობებში მუშაობდა სტრუქტურა, საიდანაც ეს ინფორმაცია გადიოდა."
კიდევ ერთი პრობლემა, რაც, საყოველთაო აღიარებით, საქართველოს სავაჭრო პალატის წარმატებულ საქმიანობას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ამ ორგანიზაციის სტატუსია: საქართველოს სავაჭრო პალატა საჯარო სამართლის პირია, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაშინ როცა დასავლეთში სავაჭრო პალატა ხელისუფლებისგან სრულიად დამოუკიდებელი სტრუქტურაა. ევროპის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი საქართველოში რამაზ კლიმიაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს სავაჭრო პალატა ნამდვილად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება:
[რამაზ კლიმიაშვილის ხმა] " უცხოელი ინვესტორები ბიუჯეტიდან დაფინანსებულთან საერთოდ არ იჭერენ საქმეს. თუ კიწმარიშვილი გააკეთებს იმას, რომ გახდეს კერძო და სახელმწიფო კომპანიები ამოვარდეს იქიდან - მაშინ სხვა საქმეა."
შესაბამისად, დღეს საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტობა უფრო საპატიო პენსიად აღიქმება. თუმცა ეროსი კიწმარიშვილს, ასაკის მიხედვით, პენსიამდე ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს დარჩენილი.
XS
SM
MD
LG