Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის პროგრამის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი უკვე ტრადიციად იქცა, რომ საქართველოს პრეზიდენტი საზღვარგარეთული ვიზიტების შემდეგ სამშობლოში უცხოური დახმარებებით „ხელდამშვენებული" ბრუნდება.

ეს ტრადიცია, როგორც მოსალოდნელი იყო, არც აშშ-ში სააკაშვილის სტუმრობისას დაირღვა. გარდა აშშ-ის მთავრობის მხრიდან დახმარების მოცულობის გაზრდისა, საქართველოს მსოფლიო ბანკიც პროგრამის დაფინანსების აღდგენას ჰპირდება. რას მოიცავს მსოფლიო ბანკის პროგრამა?

მსოფლიო ბანკი საქართველოს ფინანსური დახმარების პროგრამას უახლოეს მომავალში აღადგენს.
ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯეიმს ვულფენსონმა განაცხადა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან აშშ-ში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მსოფლიო ბანკთან პროგრამების აღდგენა ისედაც ნავარაუდევი იყო, ოღონდ ამ საფინანსო ინსტიტუტში გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ; თანაც, ამ ორგანიზაციას ანალოგიური გადაწყვეტილება, ჩვეულებრივ, მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო იღებს პოზიტიურ ვერდიქტს რომელიმე ქვეყნის მიმართ. ფონდის დირექტორთა საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველოს საკითხი უნდა გადაწყდეს, გაზაფხულზეა დანიშნული. შესაბამისად, მსოფლიო ბანკის "ვადამდელი" კეთილი ნება, შესაძლოა, მოულოდნელიც იყოს, რასაც საქართველოს პრეზიდენტიც არ მალავს.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვულფენსონმა კონსტრუქციული უწოდა საქართველოს პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს. როგორც ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებაში ახალი ძალების მოსვლის შემდეგ ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში 2004 წლის ბოლოსთვის იყო ნავარაუდევი მსოფლიო ბანკის დახმარების განახლება, მაგრამ მიღებულ იქნა არაორდინარული გადაწყვეტილება და ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი უახლოეს კვირებში განაახლებს დაფინანსებას.
ეს სრულიად განსაკუთრებული გამონაკლისია, ამბობს პრეზიდენტი სააკაშვილი.

მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, რომელიც წლების განმავლობაში აფინანსებდა რამდენიმე მნიშვნელოვან პროგრამას ენერგეტიკის, ჯანდაცვის და მშენებლობის სფეროში. ბოლო წლებში, სხვა დონორებთან გართულებული ურთიერთობის მსგავსად, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს საფრთხე დაემუქრა. დღეისათვის ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნა და ამ ინსტიტუტის დაფინანსებას საქართველო უკვე უახლოეს მომავალში მიიღებს.

მანამდე თბილისში მყოფმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამაც, ფაქტობრივად, დაადასტურა საქართველოსათვის პროგრამის აღდგენის გადაწყვეტილება, რის საბოლოო რელიზაციისათვის მხოლოდ ტექნიკური ფორმალობაა დარჩენილი, ანუ საჭიროა დირექტორთა საბჭოს შეკრება, რის შემდეგაც ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესავსებად დაახლოებით 30 მლნ. აშშ დოლარი იქნება გამოყოფილი. ფონდისგან განსხვავებით, მსოფლიო ბანკის კრედიტები მიზნობრივია და იგი კონკრეტული სფეროების რეაბილიტაციის ან განვითარებისათვის არის განკუთვნილი.
XS
SM
MD
LG