Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკანდალი კოფი ანანის სატელეფონო საუბრების საიდუმლოდ მოსმენასთან დაკავშირებით


ანდრო ეული, პრაღა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელმა ფრედ ეკჰარდმა განაცხადა, რომ გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის სატელეფონო საუბრების საიდუმლოდ მოსმენა,

თუკი ასეთ ქმედებას მართლაც ჰქონდა ადგილი, უკანონო იყო და ძირი გამოუთხარა ანანის საქმიანობას. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა კლერ შორტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების სპეცსამსახურები გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა კლერ შორტის მტკიცებას სრულიად "უპასუხისმგებლო" უწოდა.

ხოლო გაეროს წარმომადგენელმა ფრედ ეკჰარდმა, კლერ შორტის ნათქვამთან დაკავშირებით განაცხადა [ფრედ ეკჰარდის ხმა]: "გავრცელებულია თუ არა ამგვარი პრაქტიკა არ ვიცით. არც ის ვიცით, მართლა მოხდა თუ არა ასეთი რამ, ეს კონკრეტული ინციდენტი. მაგრამ ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რათა უზრუეველვყოთ გენერალური მდივნის სატელეფონო საუბრების კონფიდენციალობა".

ეკჰარდმა აღნიშნა ამასთანავე, რომ გაეროს გენერალური მდივნის სამუშაო ოთახში მიმდინარე საუბრების საიდუმლოდ მოსმენა საერთაშოორისო კანონითაა აკრძალული. მან მოიხსენია სამი ხელშეკრულება, და განსაკუთრებით გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ 1946 წელს დადებული კონვენციის ის მუხლი, რომელშიც ნათქვამია, ციტატა: "გაეროს დაწესებულებები იმუნიტეტით უნდა იყოს დაცული ყოველგვარი ჩხრეკვის, დაქირავების, კონფისკაციის, ექსპროპრიაციისა თუ სხვა, ნებისმიერი სახის ჩარევისაგან".

ვიდრე კლერ შორტი გააკეთებდა სენსაციურ გნცხადებას, ბრიტანეთის ხელისუფლებამ წინა დღით შეწყვიტა სამძებრო საქმე ბრიტანეთის სადაზვერვო უწყების თანამშრომლის წინააღმდეგ, რომელმაც აღიარა, რომ გაამჟღავნა საიდუმლო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც შეერთებულმა შტატებმა, ერაყთან ომის დაწყებამდე, დახმარება სთხოვა ბრიტანეთს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ელექტრონული ფოსტის შემოწმების საქმეში. აქ, პირველ რიგში, ნაგულისხმევი იყო უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრები: პაკისტანი, ჩილე, კამერუნი, ანგოლა და გვინეა, რომლებსაც არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რა პოზიციას დაიკავებდნენ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების საკითხში.

გარდა ამისა, მექსიკის მაშინდელმა მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ადოლფო ზინსერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები წინასწარ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ინიციატივით აპირებდა ზინსერი, ერაყთან ომის დაწყების წინ, უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლას.

ამ ბრალდებასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებს კომენტარი არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG