Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ლიდერები ბორის ტრაიკოვსკის ''დიდ მოღვაწედ'' მოიხსენიებენ


ანდრო ეული, პრაღა მაკედონიაში სამდღიანი ეროვნული გლოვაა გამოცხადებული იმასთან დაკავშირებით, რომ 26 თებერვალს, დილით, ავიაკატასტროფაში დაიღუპა ამ ქვეყნის პრეზიდენტი ბორის ტრაიკოვსკი.

თვითმფრინავი, რომლითაც ტრაიკოვსკი ბოსნიის ქალაქ მოსტარში უნდა ჩასულიყო საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად, ნისლიან ამინდში ჩამოვარდა. ტრაიკოვსკისთან ერთად, თვითმფრინავში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

ახლა პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ასრულებს მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე ლიუბჩო იორდანოვსკი. კონსტიტუციის თანახმად, უახლოესი 40 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნები.

იმდროინდელი იუგოსლავიის ფედერაციაში შემავალი მაკედონიის პრეზიდენტად ბორის ტრაიკოვსკი 1999 წელს აირჩიეს. და სწორედ ამის შემდეგ იწყება ქვეყანაში დაძაბულობა სლავურენოვან მაკედონელებსა და ქვეყნის ყველაზე წარმომადგენლობით ეთნიკურ უმცირესობას, ალბანელებს შორის.

ევროპისა და ბალკანეთის ლიდერები 47 წლის ტრაიკოვსკის ახასიათებენ გაბედულ ლიდერად, რომლის ზომიერმა პოლიტიკამ თავიდან ააცილა ბალკანეთს მორიგი სამოქალაქო ომი.

ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ ტრაიკოვსკის უწოდა უდიდესი პიროვნება, რომელმაც თავისი ქვეყანა მაქსიმალურად დაუახლოვა ევროპას.

როგორც ხორვატიის პრეზიდენტმა სტიპე მესიჩმა აღნიშნა, ტრაიკოვსკის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ბალკანეთის მთელი რეგიონისთვის [სტიპე მესიჩის ხმა]: "მასა და სხვა პრეზიდენტებთან ერთად, ჩვენ, სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის სტაბილიზაციისა და შერიგების პროგრამაზე ვმუშაობდით. ბორისი არ იქნება დღეს, აქ, ჩვენთან მოსტარში, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ იმ საქმეს, რომელსაც ბორის ტრაიკოვსკი უჭერდა მხარს. ეს - საუკუთესო გაგრძელება იქნება ჩვენს მიერ ერთად დაწყებული საქმისა."

ბორის ტრაიკოვსკი დაიბადა 1956 წელს მაკედონიის სოფელ სტრუმიცაში. სკოპიეს წმიდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტში იგი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და იმ პერიოდში სამეცნიერო მივლინებით რამდენიმეჯერ ეწვია შეერთებულ შტატებს.

1997 წლამდე ტრაიკოვსკი იურიდიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ სამშენებლო ფირმაში. იმავე წელს იგი სკოპიეს მერიის კისელა ვოდას მუნიციპალიტეტის გამგეობის უფროსი გახდა.

ბორის ტრაიკოვსკის პოლიტიკური კარიერა 1999 წლის იანვარში დაიწყო, როცა იგი მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ხოლო როცა იმავე წელს ტრაიკოვსკი პრეზიდენტად აირჩიეს, მან საჯაროდ განაცხადა, რომ ყოველი მოქალაქის მსახური იქნება მათი ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად.

მაგრამ მას შემდეგ, რაც სერბებმა აგრესია განახორციელეს მეზობელ კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური ალბანელების წინააღმდეგ, ასეულათასობით ალბანელმა ლტოლვილმა მაკედონიას შეაფარა თავი და ქვეყანაში ეთნიკური დაძაბულობა დაიწყო.

2001 წელს, როცა რამდენიმე თვეს გაგრძელდა შეიარაღებული დაპირისპირება მაკედონიის ძალებსა და ალბანელ მეამბოხეებს შორის, ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იყო მისული. მაგრამ იმავე წელს, ნატოს შუამავლობით მომზადებული სამშვიდობო გეგმის განხორციელების შემდეგ, ტრაიკოვსკის ძალისხმევა წარმატებით დამთავრდა, რამაც ეთნიკურ ალბანელებს მეტი პოლიტიკური და ენობრივი უფლება მიანიჭა, ხოლო ალბანელი მეამბოხეები განაიარაღა.

ხუთშაბათს ღამით, თანამემამულეებისადმი სატელევიზიო მიმართვაში, მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ბრანკო ცრვენკოვსკიმ ტრაიკოვსკის გარდაცვალებას "უზარმაზარი დანაკლისი" უწოდა და რწმენა გამოთქვა, რომ ქვეყანა სიმტკიცესა და სტაბილურობას შეინარჩუნებს [ბრანკო ცრვენკოვსკის ხმა]: "დადგა ჟამი, როცა ქვეყნის ერთიანობა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. მთელი მსოფლიოს მზერა ჩვენსკენაა მოპყრობილი. მჯერა, რომ თავად ესოდენ ტრაგიკულ ვითარებაში, ჩვენ ქვეყნის სიმტკიცეს, დემოკრატიულ სიმწიფესა და ჩვენს მორალურ პასუხისმგებლობას დავადასტურებთ."

ბორის ტრაიკოვსკი ევროპის კავშირში თავისი ქვეყნის გაწევრიანებაზე ოცნებობდა, და მის მიერ ხელმოწერილი ერთ-ერთი უკანასკნელი დოკუმენტი, სწორედ ოფიციალური განაცხადი იყო ევროპის კავშირში მაკედონიის გაწევრიანების თაობაზე. განაცხადის გადაცემა ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარისთვის, ირლანდიისთვის, ხუთშაბათს უნდა მომხდარიყო დუბლინში, მაგრამ ტრაიკოვსკის ტრაგიკული დაღუპვის გამო ეს ცერემონია გადაიდო.
XS
SM
MD
LG