Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის სიღარიბის პროგრამას?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს ხელისუფლება დონორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობს. 1 მარტს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ შეხვედრაზე

მთავრობამ 37 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოს განვითარებისა და რეფორმირების 5 წლიანი პროგრამა გააცნო. პროგრამის ზუსტი ღირებულება ამ ეტაპზე უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ საქართველოს განვითარებისა და რეფორმირების ხუთწლიანი პროგრამა წინა მთავრობის მიერ შემუშავებულ "სიღარიბის დაძლევის პროგრამას" ეყრდნობა.

გულახდილად რომ ითქვას, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ოდნავ საჩოთირო მდგომარეობაში აღმოჩნდა - საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოს განვითარებისა და რეფორმირების 5 წლიანი პროგრამა, რომელსაც საფუძვლად სიღარიბის დაცვის პროგრამა დაედო, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო პროგრამა გახლდათ. მოკლედ, სიტუაციას პიკანტურობა ნამდვილად არ აკლია - საპროტესტო აქციებით წასული ხელისუფლების ეკონომიკური პროგრამის განხორციელებას საპროტესტო აქციების შედეგად მოსული ხელისუფლება ეცდება.

თუმცა განსხვავება მაინც არის. უპირველესად, წინა მთავრობის მიერ მომზადებული და მსოფლიო ბანკის მიერ მოწონებული პროგრამა 10 წლიანი იყო. დღევანდელი ხელისუფლება სიღარიბის დამარცხებისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებას 5 წელიწადში გეგმავს. კიდევ ერთი განსხვავების შესახებ "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ისაუბრა. მისი განმარტებით, ამჯერად მთავრობა ერთიან გუნდად ეცდება დონორი ორგანიზაციების დარწმუნებას, რომ შეუძლია კოორდინირებული მუშაობა:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "ასეთი რამ არის უპრეცედენტო. ისინი არ არიან მიჩვეულნი, რომ მთავრობა მოდის და ელაპარაკება მათ ერთ ხმაში; არ არის, რომ ერთი მინისტრი მეორეს ჩაუშვებს, მესამე კიდევ რაღაცას იტყვის. ჩემი გამოსვლის მთავარი თემა იყო, რომ საქართველოს მთავრობა ილაპარაკებს ერთ ხმაში. ერთი და იგივე საკითხები იქნება ჩვენ მიერ აღნიშნული, როგორც პრიორიტეტი და გამოირიცხება გაუგებრობა."

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარეს ნიკო ორველაშვილს არ უკვირს, რომ დღევანდელმა მთავრობამ სამოქმედო გეგმად სიღარიბის დაძლევის პროგრამა აიღო. საქმე ის გახლავთ, რომ 2 ნოემბრის არჩევნებზე "გაერთიანებული დემოკრატების" ეკონომიკური პროგრამა ლადო პაპავამ შეადგინა, რომელიც ასევე აქტიურად მონაწილეობდა სიღარიბის დაძლევის პროგრამის შედგენაში. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამის პრინციპების თანხმობას მთავრობის მიერ შედგენილ პროგრამასთან, ნიკო ორველაშვილი კომენტარისგან თავს იკავებს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] " რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო დაპირებებს, მე ხაზგასმით ვიკავებდი და ვიკავებ თავს მათზე სერიოზული კომენრატისგან, იმიტომ რომ ეს თითქმის შეუძლებელია. იმიტომ რომ არ შეიძლება ერთდროულად გემიც იყო და თვითმფრინავიც. არ შეიძლება გადასახადებიც გაუუქმო ყველას და პლუს სოციალური ვალდებულებებიც გაიზარდო და შეასრულო. ეს პრინციპულად შეუძლებელია."

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: თავის დროზე მსოფლიო ბანკმა წინა მთავრობის მიერ მომზადებულ სიღარიბის დაძლევის პროგრამას იმ პირობით დაუჭირა მხარი, რომ პროგრამის დაფინანსებაში თანხების 80 პროცენტს საქართველოს მთავრობა გაიღებდა:

[ნიკო ორველაშვილის ხმა]"ძირითადი დამფინანსებელი ამ პროგრამისა უნდა ყოფილიყო თავად ჩვენი ხელისუფლება - კონკრეტულად, ბიუჯეტი. ხოლო ბიუჯეტი უნდა გადაწყობილიყო პროგრამული დაფინანსების წესზე, რასაც პრინციპულად არ აკეთებენ, იმიტომ რომ პროგრამული დაგეგმვით თუ ავაგებთ ბიუჯეტს, უნდა ვაღიაროთ სისტემატურად, რომ ესა თუ ის პროგრამა ჩავარდა. ხოლო დღევანდელი მეთოდით, ბიუჯეტი, ძირითადად, არიგებს ხელფასებს. და აქ ანგარიშგება ძალიან მარტივია - გაიცა ხელფასი. არავინ გეკითხება, მერე რა გაკეთდა."

რა ბედი ეწევა ყოფილ სიღარიბის დაძლევის პროგრამას, რომელსაც ახლა საქართველოს განვითარებისა და რეფორმირების 5 წლიანი პროგრამა ეწოდება, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე გაირკვევა.
XS
SM
MD
LG