Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა დაცვა - პრობლემა ქართული სახელმწიფოსათვის


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცავი თანამდებობები თავისუფალია. ქვეყანას ნახევარი წელია, არ ჰყავს სახალხო დამცველი. წინა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უცნობია,

იარსებებს თუ არა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტი. პარლამენტში შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარედ ნანა ბიჭიაშვილის დანიშვნის შემდეგ კომიტეტის მუშაობა უფრო უსახური გახდა. ვაკანტურია შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა. გაუქმებულია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც. მე დავუკავშირდი მესამე სექტორში მოღვაწე ადამიანის უფლებადამცავებს, რათა შემეტყო მათი მოსაზრებები და წინადადებები სახელმწიფო სექტორში ადამიანის უფლებათა დაცვის გასაუმჯობესებლად.

საქართველოში "ემნისტი ინტერნეშნელის" წარმომადგენელმა ემილ ადელხანოვმა შემახსენა, რომ გასული წლის სექტემბერში ადამიანის უფლებათა დაცვას კიდევ ერთი საყრდენი გამოეცალა: მაშინ საქართველო დატოვა საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა. თავად Human Rights Watch-ის წარმომადგენელი საქართველოში, ალექს ანდერსენი, ორგანიზაციის წასვლას მწირი ფინანსური რესურსებით ხსნიდა.

ემილ ადელხანოვმა ასევე შემახსენა, რომ Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა რეიჩელ დენბერმა დაწვრილებით ჩამოაყალიბა, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, საქართველოს მიმართ არსებული პრეტენზიები და მოსთხოვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, საქართველოსთვის დახმარება მხოლოდ ამ პრობლემათა მოგვარების შემთხვევაში გაეწია. ვინც პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტს თვალს ადევნებდა, მას უთუოდ ახსოვს, პრეზიდენტ ბუშთან მისი შეხვედრის ერთ-ერთი თემა სწორედ საქართველოში ადამიანის უფლებები გახლდათ.

რაც შეეხება სახალხო დამცველის სასურველ კანდიდატურას, ემილ ადელხანოვი აღნიშნავს:

[ადელხანოვის ხმა] "მიმაჩნია, რომ გიგა ბოკერია საუცხოო ომბუდსმენი იქნებოდა. სიახლოვე ახალ ხელისუფლებასთან, რომელსაც ის არ მალავს, არ შეუშლიდა ხელს, ობიექტურად შეეფასებინა ადამიანის უფლებათა კონკრეტული დარღვევები."

თუმცა იქვე დასძენს, რომ ომბუდსმენის პოსტზე ის განიხილავდა უფლებადამცავ ნანა კაკაბაძის კანდიდატურასაც.

საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კრიტიკულად აფასებს თბილისის საკრებულოს წევრი პაატა ზაქარეიშვილი:

[ზაქარეიშვილის ხმა] "ხელისუფლებას ეცალა არჩევნებისათვის, ეცალა რევოლუციისათვის, ეცალა კონსტიტუციის შეცვლისათვის და ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად - ადამიანის უფლებებისათვის არავის არ ეცალა. ეს ძალიან შემაშფოთებელი ნიშანია. ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა არ შემცირებულა ადამიანის უფლებათა დარღვევები. ეს განსაკუთრებით ეხება პოლიციას: იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა წამებით მოიპოვეს აღიარებითი ჩვენებები. რაც მთავარია, ყოველ ნაბიჯზე ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია. ყოველგვარ ზომასა და საზღვარს სცილდება პროკურატურის მოქმედება დანაშაულის სანქცირებისას."

სახალხო დამცველის თანამდებობისთვის შესაფერ კანდიდატზე ზაქარეიშვილს ასეთი თვალსაზრისი აქვს:

[ზაქარეიშვილის ხმა] "თინათინ ხიდაშელი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპატიო თავმჯდომარე. მიმაჩნია, ეს საუკეთესო კანდიდატია. არანაკლებ ღირსეული კანდიდატია დავით უსუფაშვილი - ის მშვენიერი სახალხო დამცველი იქნებოდა, მაგრამ თინა ხიდაშელი მაინც ყველაზე ღირსეულ ადამიანად მიმაჩნია და, აშკარად, გამოკვეთილი ფიგურა იქნებოდა ამ სფეროში".

არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსიტიტუტის" წევრს სოზარ სუბელიანს ომბუდსმენის პოსტზე სასურველ კანდიდატებად სწორედ გიგა ბოკერია და თინა ხიდაშელი ესახება, მაგრამ თითქმის გამორიცხავს სახალხო დამცველად რომელიმე მათგანის გასვლას: ბოკერია პარლამენტის წევრი ხდება და პოლიტიკაში გადაინაცვლებს, ხოლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ისედაც ბევრი წევრი მისცა სახელმწიფო სექტორს და ამ ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრის დანიშვნას მნიშვნელოვან თანამდებობაზე ხელისუფლებაში მეტისმეტად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG