Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროსაბჭოს ფინანსურ სანქციებს გადაურჩა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი 1999 წლის მოწვევის პარლამენტმა თავის უკანასკნელ სხდომაზე შეძლო „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა, რითაც,

ფაქტობრივად, თავიდან აიცილა სერიოზული უხერხულობა და სანქციები როგორც ევროსაბჭოს, ისე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან. რას გულისხმობს „ფულის გათეთრების" საწინააღმდეგო კანონმდებლობა?

საქართველოს პარლამენტმა თავის უკანასკნელ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა საქართველოს კანონში „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რითაც საბოლოოდ შესრულდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში ევროსაბჭოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.

ამ ვალდებულებების თანახმად, საქართველოს თავისი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროსტანდარტებთან გაზაფხულამდე უნდა მოესწრო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები 28 მარტს არის დანიშნული, არსებობდა რეალური საშიშროება კანონში ცვლილებების შეტანა ისედაც ცაიტნოტში მყოფ 1999 წლის მოწვევის პარლამენტს, უბრალოდ, ვერ მოესწრო, რაც სერიოზულ უხერხულობას შექმნიდა ევროპელ პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან.

ამ უხერხულობის შინაარსს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ გეგუჩაძე შემდეგნაირად განმარტავს:

[ნიკოლოზ გეგუჩაძის ხმა] „ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ევროსაბჭო გამოიყენებდა ე.წ. მეექვსე სანქციას (ჩვენ, სამწუხაროდ, 5 გაფრთხილება უკვე მიღებული გვაქვს), რაც, ფაქტობრივად, ნიშნავდა ქვეყნის ეკონომიკურ ბლოკადას. ევროპის საბჭო გააკეთებდა განცხადებას, რომ საქართველო არ შეესაბამება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოთხოვნებს, სურვილი არა აქვს ჰარმონიზაციაში მოიყვანოს თავისი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან. ფაქტობრივად, ჩვენ ამის საფრთხე ავიცილეთ ."

ამასთან, საქართველომ შეასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო რეგულარული მისიის მიერ დატოვებული რეკომენდაცია და კანონში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების მიღებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციის - EGMONT-ის ჯგუფში გაწევრიანებას, რომელიც 84 ქვეყანას მოიცავს და ინტეგრირებული საინფორმაციო ბაზის შექმნას და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.
25 თებერვალს მიღებული ცვლილებების პრინციპულ განსხვავებას წარმოადგენს მე-5 მუხლის ახალი რედაქცია. ადრე არსებული კანონით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ინფორმაცია ეგზავნება, თუ გარიგების თანხა აჭარბებდა 20 000 ლარს ნაღდი და 40 000 ლარს უნაღდო ანგარიშსწორებით.
გეგუჩაძის განმარტებით, ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას. ახალი კანონით კი, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიეწოდება ინფორმაცია ყველა იმ გარიგების შესახებ, რომელთა ფასებიც 30000 ლარს აღემატება, მიუხედავად მისი საეჭვოობისა. მთელი ეს ინფორმაცია თავს მოიყრის ერთიან მონაცემთა ბაზაში, რომელიც გამოიყენება შემდგომი ანალიზისათვის და მხოლოდ საეჭვოობის შემთხვევაში გადაეცემა პროკურატურას.
XS
SM
MD
LG