Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მინისტრთა კაბინეტი მოღვაწეობას ბიუჯეტის შესრულებით იწყებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ახლად ფორმირებულმა მთავრობამ თავისი პირველი სამუშაო თვე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებით აღნიშნა. ფინანსთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით,

თებერვლის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით არის შესრულებული; ამასთან, ცენტრალურმა ხაზინამ აჭარიდან კუთვნილი თანხის ნაწილიც მიიღო.

ბოლო თვების მანძილზე პირველად, ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იანვარ-თებერვალში 106 პროცენტით არის შესრულებული და ორ თვეში, საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, 10 362 200 ლარით მეტია მობილიზებული.

"2003 წლის თებერვალთან შედარებით, ბიუჯეტში 16 553 400 ლარით მეტია შემოსული, რაც 126,1 პროცენტს შეადგენს", - აცხადებს საფინანსო უწყების ხელმძღვანელი. მისი თქმით, საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტში 2004 წლის იანვარ-თებერვალში, გასულ წელთან შედარებით, 10 550 00 ლარით მეტი შეგროვდა, რაც 24,2 პროცენტს შეადგენს.

"თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გაუქმებულია 20 მილიონი ლარის ღირებულების ყალბი აქტივი და 15 მილიონი ლარით შემცირებულია წინასწარი გადასახადები, ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის რეალური მაჩვენებელი დაახლოებით 85 მილიონ ლარს გაუტოლდება", - სიამაყით აღნიშნავს ნოღაიდელი, თუმცა იგი არც ამ მაჩვენებლებით არის კმაყოფილი და აღნიშნავს, რომ ამ პარამეტრების გამო სისტემა თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცეს.

თებერვალში გაგრძელდა ის პოზიტიური ტენდენცია, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში დაფიქსირდა და რომელიც აჭარიდან ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ნაწილის გადმორიცხვას ეხება. სოციალური ხარჯების დასაფინანსებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან აჭარაში თანხების გადარიცხვის შემდეგ ცენტრალური ბიუჯეტისთვის 1,9 მილიონი ლარი, თავის მხრივ, ავტონომიურმა რესპუბლიკამაც გაიღო.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ავტონომიურ რესპუბლიკასთან არსებულმა ხანგრძლივმა ფინანსურმა პრობლემამ "მოგვარება დაიწყო", თუმცა აჭარიდან თანხის გადმორიცხვა პრობლემის საბოლოო მოგვარებას სულაც არ ნიშნავს.
"აჭარიდან თანხები სრულად არ მიგვიღია, ამიტომ ცენტრალური ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი იანვარ-თებერვალში 98%-ია. აჭარელ კოლეგებთან ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ პრობლემას საბოლოოდ მოვაგვარებთ", - აცხადებენ საფინანსო უწყებაში.
XS
SM
MD
LG