Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირთვული ტექნოლოგია შავ ბაზარზე (2 ნაწილი)


ანდრო ეული, პრაღა საერთაშორისო ექსპერტების მიერ ირანისა და ლიბიის ბირთვული პროგრამების შემოწმებამ ახალი შუქი მოჰფინა ბირთვული ტექნოლოგიით ვაჭრობას შავ ბაზარზე.

ამ ცნობამ საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან ხსენებული ტექნოლოგია შესაძლოა საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.


მას შემდეგ, რაც შუქი მოეფინა შავ ბაზარზე ბირთვული ტექნოლოგიით გლობალურ ვაჭრობას, დასავლეთის მთავრობები ამ მოვლენასთან დაკავშირებულ საფრთხეზე აკეთებენ აქცენტს. ამ საკითხს შეეხო თავის ამასწინანდელ გამოსვლაში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც. მან მოიხსენია ცნობილი მეცნიერი, პაკისტანის ბირთვული შეიარაღების მამამთავარი აჰმედ ხანი, რომელიც, თავის თანამზრახველთა ფართო ქსელის მეშვეობით, ათეული წლების მანძილზე, ერთობ სარფიანად ჰყიდდა შავ ბაზარზე ბირთვული ტექნოლოგიის საიდუმლოებას. ბუშმა აღნიშნა ამასთანავე, რომ როგორც არასაიმედო რეჟიმების, ასევე ტერორისტული ჯგუფებისთვის, სულ უფრო ადვილი ხდება ბირთვული იარაღის შეძენა [ჯორჯ ბუშის ხმა]: "სულ უფრო ადვილი ხდება ამ საზარელი იარაღის შეძენა, შექმნა, შენახვა და ტრანსპორტირება. ერთი ბიოლოგიური ამპულით, ან თუნდაც ერთი ბირთვული რაკეტით შეიარაღებულმა, ფანატიკოსთა მცირერიცხოვანმა ჯგუფებმა, ან კიდევ არასაიმედო რეჟიმებმა, შესაძლოა საფრთხე შეუქმნან დიდ სახელმწიფოებს, მშვიდობას მთელს მსოფლიოში".

ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხეზე სხვა ქვეყნებთან ერთად საფრანგეთიც ალაპარაკდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გავრცელება საერთაშორისო სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის [დომინიკ დე ვილპანის ხმა]: "მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება მორიგ სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სტაბილურობას. ამით, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონებში მატულობს კრიზისის დაწყების რისკი, ამასთანავე, მნიშვნელოვნად გაიზრდება გამანადგურებელი ქმედებისათვის საჭირო პოტენციალი ტერორისტული ჯგუფებისა, რომლებიც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ხსენებული იარაღის შეძენას ესწრაფვიან".

განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც პაკისტანელმა მეცნიერმა აჰმედ ხანმა აღიარა, რომ ბირთვული ტექნოლოგია და შეიარაღებისათვის საჭირო აღჭურვილობა მიჰყიდა ირანს, ლიბიასა და ჩრდილოეთ კორეას. ლიბიამ ამას წინათ გამოაცხადა, რომ უარს ამბობს თავის ბირთვულ პროგრამაზე, ხოლო ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან, ენერგომომარაგების მიზნებს ემსახურება.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ ამ კვირაში აღიარა, რომ ბირთვული კომპონენტები, თეირანმა, ასეფის სიტყვებით რომ ვთქვათ, "დილერებისგან" შეიძინა [ჰამიდ რეზა ასეფის ხმა]: "ზოგიერთი კომპონენტი ჩვენ ცალკეული დილერებისგან შევიძინეთ. კონკრეტულად რა მასალაზეა ლაპარაკი, არ ვიცი. საუბედუროდ, არა ვარ უფლებამოსილი ამ საკითხზე მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ".

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ირანს მოუწოდა - "ბევრად უფრო ზუსტი" და ამომწურავი ინფორმაცია წარმოადგინოს თავისი ბირთვული საქმიანობის შესახებ იმის დასადასტურებლად, რომ ბირთვული შეიარაღების პროგრამა ქვეყანაში ფარულად არ ხორციელდება.

ბირთვული შეიარაღების ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ იმისათვის, რათა ბოლო მოეღოს შავ ბაზარზე ბირთვული ტექნოლოგიით ვაჭრობას, აუცილებელია გლობალური მასშტაბით ექსპორტზე მკაცრი კონტროლის დაწესება, რისთვისაც უპრიანი იქნებოდა ახალი საერთაშორისო ხელშეკრულების დადება.
XS
SM
MD
LG