Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენ ხანს დარჩება ამერიკის ჯარი ერაყში?


ანდრო ეული, პრაღა ერაყში განთავსებული შეერთებული შტატების ჯარის სარდალმა, გენერალმა ჯონ აბიზაიდმა განაცხადა,

რომ მას შემდეგ, რაც ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაცია ერაყელებს გადასცემს 30 ივნისს ქვეყნის მართვის სადავეებს, უშიშროების დაცვაზე, ერაყში, კვლავაც ამერიკელი სამხედროები იზრუნებენ. ხოლო მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ ამან შესაძლოა ნდობა შეულახოს ერაყის ახალ მთავრობას, მეტადრე, თუ ამერიკელები ვერ უზრუნველყოფენ უშიშროებას.

გენერალმა აბიზაიდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის ჯარის სარდლობის მიზანია არ დაუშვას ერაყში იმის განმეორება, რაც 2 მარტს მოხდა ქალაქებში ქერბალასა და ბაღდადში, როცა ტერორისტების თავდასხმამ სულ ცოტა 181 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამერიკის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში აბიზაიდმა თქვა, რომ ერაყელებს სულ უფრო მეტად დაეკისრება უშიშროებისთვის პასუხისმგებლობა [ჯონ აბიზაიდის ხმა]: "როცა დასრულდება ეს პერიოდი, რომელსაც მრავალი ერაყელი ოკუპაციად მიიჩნევს, უნდა გადავიდეთ თანამშრომლობაზე, რაც არა მარტო ერთობლივ შრომას, არამედ ერთობლივ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. და ვფიქრობ, ერაყის უშიშროების უწყების მესვეურებმაცა და ჩვენც ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა არ განმეორდეს ის, რაც 2 მარტს ბაღდადსა და ქერბალაში მოხდა".

ჯონ აბიზაიდი მოელის, რომ 30 ივნისისათვის, როცა ფაქტობრივად აღსდგება ერაყის სუვერენიტეტი, ქვეყანაში უკვე იქნება შექმნილი ადგილობრივი ჯარის სამეთაურო სტრუქტურა. აბიზაიდის აზრით, ხსენებული სტრუქტურის ეფექტიანი საქმიანობა მხოლოდ მომავალ წელსაა მოსალოდნელი.

დღეს ერაყში შექმნილია უშიშროების ძალების დაახლოებით 200,000-კაციანი კონტინგენტი, რომელიც ერაყელებითაა მთლიანად დაკომპლექტებული. ამერიკის ჯარის სარდლობა ნაკლებად ზრუნავს უკვე ხსენებული კონტინგენტის შემადგენლობის გაზრდაზე და მთელი ძალისხმევა იმისკენა აქვს მიმართული, რომ აამაღლოს ერაყის უშიშროების ძალების საბრძოლო მზადყოფნა. გენერალ აბიზაიდის თქმით, ეს პროცესი ძალზედ ნელა მიმდინარეობს, და ამდენად, ამერიკელი სამხედროების ზედამხედველობა უშიშროების დაცვაზე, ერაყში, სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ, რაც 30 ივნისს უნდა მოხდეს, ალბათ კიდევ დიდხანს გასტანს.

გადამდგარი ამერიკელი პოლკოვნიკი და ცნობილი ექსპერტი სამხედრო საკითხებში კენეთ ალარდი ფიქრობს, რომ ამერიკელი სამხედროების ზედამხედველობა უშიშროების დაცვაზე, ერაყში, შესაძლოა კიდევ ორიდან ხუთ წლამდე გაგრძელდეს, რაც, ალბათ, პრობლემებს შეუქმნის ერაყის დროებით მთავრობას, 30 ივნისს რომ უნდა გადაიბაროს ქვეყნის მართვის სადავეები, აგრეთვე მუდმივ მთავრობასაც, რომელიც ამ წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში უნდა იქნეს არჩეული. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში კენეთ ალარდმა განაცხადა [კენეთ ალარდის ხმა]: "კომპრომისი გარდაუვალია, როცა შედიხართ ქვეყანაში, ამხობთ არსებულ რეჟიმს და იკავებთ ტერიტორიას. და ვიდრე ერაყში არ მოინახება სადამ ჰუსეინის შემცვლელი, ერაყის მთავრობის წევრებს ალბათ ბევრი წამოსძახებს: "ჰეი, თქვე ამერიკელების ლაქიებოო".

კენეთ ალარდი აღნიშნავს ამასთანავე, რომ ამერიკელების შემდგომი ზედამხედველობა უშიშროების დაცვაზე, ერაყში, სულაც არაა უპრეცედენტო, და მაგალითისთვის დასავლეთ გერმანიას იხსენებს ცივი ომის პერიოდში [კენეთ ალარდის ხმა]: "მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, დასავლელმა მოკავშირეებმა - საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა - დასავლეთი გერმანიის მთავრობასთან დადეს, ეგრედ წოდებული ჯარების სტატუსის შეთანხმება, რაც დასავლეთ გერმანიაში მოკავშირეთა ჯარების უფლებებსა და პასუხისმგებლობას გულისხმობდა. თქმა არ უნდა, რომ იგივეს ვაკეთებთ ჩვენ, დღეს, ერაყში".

ჯუდი კიპერი ნიუ-იორკში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ახლო აღმოსავლეთის ფორუმის დირექტორია. ჩვენი რადიოს კორესპონდენტს მან უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც 30 ივნისს აღსდგება ერაყის სუვერენიტეტი, ერაყელები შესაძლოა დაეთანხმონ გენერალ ჯონ აბიზაიდს იმაში, რომ შეერთებულ შტატებსა და ერაყს შორის დაიწყება "პარტნიორული" ურთიერთობა, ხოლო ამერიკელი სამხედროების უზენაესობას, ქვეყანაში, დაესმება წერტილი.

ჯუდი კიპერი მოელის, რომ მომავალ წელს გაერო უფრო აქტიურად ჩაებმება ერაყში ვითარების სტაბილიზაციის პროცესში. ამერიკელი ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ მოგვიანებით ერაყში, ისევე, როგორც ავღანეთში, ნატოს მრავალეროვანი კონტინგენტი განთავსდეს უშიშროებისა და წესრიგის აღსადგენად.
XS
SM
MD
LG