Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი ანტიტერორისტული ზომების გამკაცრებას ცდილობს


გასულ კვირაში მადრიდში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, რომლებსაც 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ევროპის კავშირი ცდილობს გააძლიეროს ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ზომები.

პარასკევს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ამ საკითხებზე სათათბიროდ საგანგებო შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ოტო შილის ინიციატივით ეწყობა. მისი თქმით, "ევროპაში უშიშროების სფეროში ახალი ვითარებაა შექმნილი".

მადრიდის მოვლენების შემდეგ ევროპამ პირველად გააცნობიერა ამ მასშტაბით, თუ რამდენად მოწყვლადია იგი. სამშაბათს პარიზში გამართულ არაოფიციალურ შეხვედრაზე ტერორიზმის შესახებ ისაუბრეს გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე შირაკმა თქვა, რომ ევროკავშირი ახალ ნაბიჯებს გადადგამს თანამშრომლობის მიმართულებით:

[შირაკის ხმა] "შექმნილი საფრთხის საპასუხოდ ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენი უშიშროების სამსახურების, პოლიციისა და კანონმდებლობის სფეროში კოორდინაციას. ცხადია, თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის გათვალისწინებით. ევროპა დაიცავს თავის მოქალაქეებს."

ექსპერტები სულ უფრო მეტად იხრებიან იქით, რომ მადრიდის აფეთქებები "ალ-ყაიდის" დანაშაულებრივი ქსელის ნახელავი უნდა იყოს. ამგვარად, ევროპა შეერთებული შტატების მსგავსად, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტის ხაზად იქცა.

ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა კონფერენციის ჩატარების ინციატივით გამოვიდა ესპანეთიც. [ასებესის ხმა] "უახლოესი დღეებისთვის ჩვენ მადრიდში მოვიწვიეთ ევროპის კავშირის უმნიშვნელოვანესი ანტიტერორისტული სამსახურების კონფერენცია. მისი მიზანი იქნება გამოძიების კოორდინაცია და ერთობლივი მოქმედებების განხორციელება, ინფორმაციის გაცვლა, სამომავლო მოქმედების დაგეგმვა," განაცხადა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანხელ ასებესმა.

ორშაბათს გაიმართება ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ დასკვნებს განიხილავენ.

ასე რომ, ლაპარაკით ევროკავშირში ბევრს ილაპარაკებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. მაგრამ რეალურად მოხერხდება თუ არა დაგეგმილი ამოცანების შესრულება, იოლი სათქმელი არ არის. ევროპის კავშირი ტრადიციულად ერთობ ბიუროკრატიული ორგანიზაციაა და მას, როგორც წესი, უჭირს ღონისძიებათა სწრაფად განხორციელება.

მაგალითად, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ევროკავშირმა გადაწყვიტა, საქმის გასაადვილებლად კავშირის ტერიტორიაზე განევრცო დაპატიმრების ორდერების მოქმედება. მაგრამ კავშირის წევრები დღემდე უკან იხევენ ამ ზომების გატარებისაგან ეროვნული სუვერენიტეტის დათმობის შიშით.

საუბარია ევროპის კავშირის მასშტაბით უშიშროების სამსახურის შექმნაზეც, მაგრამ ზოგიერთი წევრი ქვეყანა ამ ინიციატივასაც ეროვნული ინტერესების შელახვად აღიქვამს. ამ საკითხებზე უთუოდ იქნება საუბარი ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 25-26 მარტს გაიმართება.

ევროპელებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ტერორიზმის მთლად აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება მთელი რიგი მიზეზების გამო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ტრანსპორტის მაღალგანვითარებული ქსელის არსებობა. პრაქტიკულად შეუძლებელია სარკინიგზო რეისებზე ბარგისა და მგზავრების ეფექტიანად შემოწმება. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება.

მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქმნის ევროპაში მცხოვრები მუსულმანური უმცირესობების არსებობა. მთლიანობაში ისინი შეიძლება კანონმორჩილი იყვნენ, მაგრამ ეს უმცირესობები მოსახერხებელ ფონს უქმნიან ისლამისტ ტერორისტებს, რომლებსაც სწრაფი გაუჩინარების საშუალება ეძლევათ. არსებობს სხვა დაბრკოლებებიც.
XS
SM
MD
LG