Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მერი - შუამავალი თბილისსა და ბათუმს შორის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 16 მარტს ბათუმში საკუთარი გადაწყვეტილებით ჩასული მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი 17 მარტიდან უკვე რუსეთის ხელისუფლების სახელით შეეცდება შექმნას აუცილებელი საფუძველი ოფიციალურ

თბილისსა და ბათუმს შორის დიალოგის დასაწყებად. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის იგორ ივანოვისა და საქართველოს პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა იური ლუჟკოვთან შეხვედრას. რატომ იღო კისრად მოსკოვის მერმა შუამავლის მძიმე როლის შესრულება?

ბოლო სამი თვის განმავლობაში, ოფიციალური რუსეთი მეორედ ცდილობს საქართველოში შექმნილ კონფლიქტურ სიტუაციაში შეუმავლის როლი შეასრულოს. ნოემბრის ბოლოს თბილისში მოულოდნელად ჩამოსული რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის შუამავლობა მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა. შეგახსენებთ: ნოემბრის კრიზისის მოგვარებაში იგორ ივანოვი არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აშშ-ის ხელისუფლების დავალებითაც ჩაერთო.
ამჯერად თბილისსა და ბათუმს შორის შუამავლის როლის შესრულება მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა, როცა 16 მარტს, ტრაპიზონის გავლით, ბათუმში ჩავიდა, მისი განმარტებით, იმისათვის, რომ "მძიმე წუთებში უახლოესი მეგობრის გვერდით ყოფილიყო." იური ლუჟკოვის ეს გაჭირვებაში ჩავარდნილი უახლოესი მეგობარი ასლან აბაშიძეა, რომელიც წლების მანძილზე მისი არა მხოლოდ მეგობარი, არამედ პარტნიორიცაა. სწორედ ლუჟკოვის დახმარებით შეძლო ასლან აბაშიძემ აჭარისთვის რუსეთიდან ელექტროენერგიის შეღავათიან ფასში მიწოდების ორგანიზება. მოსკოვში ერთ-ერთი თავისი ბოლო ვიზიტისას ასლან აბაშიძე ლუჟკოვთან ტროლეიბუსების პარკის განახლების საკითხს განიხილავდა - რუსეთის მედიის ცნობით, მოსკოვი ბათუმს რამდენიმე ტროლეიბუსს გაუგზავნის.
და მაინც, რატომ იტვირთა იური ლუჟკოვმა თბილისსა და ბათუმს შორის შუამავლის რთული ფუნქციის შესრულება? - რა თქმა უნდა, ანგარიშგასაწევია იური ლუჟკოვის ინტერესები აჭარაში - ქართული მედია ამ დღეებში განსხვავებულ და დაუდასტურებელ ცნობებს ავრცელებს მოსკოვის მერის ბათუმის პორტში არსებულ ფინანსურ ინტერესებზე. თუმცა ლუჟკოვის "სახალხო დიპლომატიისადმი" ლტოლვის სხვა მიზეზებს ასახელებს რუსული მედია - კერძოდ, ინტერნეტ-გამოცემა "გაზეტას" ვერსიით, ბოლო დროს მოსკოვის თავკაცს იღბალმა ზურგი აქცია: აკვაპარკის ტრაგედიას ამ რამდენიმე დღის წინ მანეჟის ხანძარიც დაემატა, რასაც ფედერალური ხელისუფლება აუცილებლად გამოიყენებს, ჯერ ერთი, ისტორიული ძეგლების ფედერალური ხელისუფლების საკუთრებაში გადასაცემად და მეორე - რუსეთის დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე კონტროლის დასაწესებლად. შესაბამისად, "გაზეტას" ვარაუდით, ლუჟკოვს ან უფლებებს შეუზღუდავენ, - თან, სერიოზულად, - ან აიძულებენ საერთოდ წავიდეს თანამდებობიდან.
ასეთ ფონზე, ლუჟკოვის შუამავლობა თბილისსა და ბათუმს შორის - თუ ის წარმატებით დამთავრდა - ნამდვილად შეიძლება იქცეს იმ არგუმენტად, რომელიც მოსკოვის მერის პოზიციების რყევას დროებით მაინც შეაჩერებს. ის, რომ აჭარული კონფლიქტის მოგვარება ნამდვილად ჩაიწერება იური ლუჟკოვის ღვაწლად მამულის წინაშე, გამოცემა "გაზეტას" არ აეჭვებს.
XS
SM
MD
LG