Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობას შორის წარმოქმნილი მწვავე


გიორგი კაკაბაძე, თბილისი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობას შორის წარმოქმნილი მწვავე კრიზისის თემა მთავარი გახლდათ გასულ კვირაში.

დღეს გიამბობთ იმის შესახებ, თუ რას წერდა პრესა საქართველოს პრეზიდენტისა და აჭარის მეთაურის 18 მარტის შეხვედრამდე და ამ შეხვედრის შემდეგ; დღევანდელ მიმოხილვაში შევეხებით აგრეთვე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს და გესაუბრებით მეანაბრეთა პრობლემატიკაზე.

17 მარტის გაზეთ "ხვალინდელი დღის" თქმით, "აბაშიძის რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ის წარმოაჩინოს სეპარატისტად, რომელსაც, რუსეთის მითითებით, აჭარის საქართველოსგან გამოყოფა სურს."
გაზეთის აზრით, "აბაშიძეს ამის სურვილი რომ ჰქონოდა, ალბათ, დიდი ხნის წინ განახორციელებდა."

"ხვალინდელი დღე" წერს: "უბრალოდ, აბაშიძე ხელისუფლების შესანარჩუნებლად ცენტრთან ვაჭრობის ნაჩვევ ხერხს მიმართავს. შემთხვევითად ვერ მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ იგი ბათუმში თურქეთის გავლით დაბრუნდა რუსეთიდან. ამით მან კიდევ ერთხელ შეახსენა ცენტრს, რომ ავტონომიის გარანტი მათი სახითაც ჰყავს. აბაშიძე დასავლეთის მხარდაჭერასაც ელის და იმედოვნებს, რომ ჯორჯ ბუში აჭარასა და თბილისს შორის გართულებული ვითარების განმუხტვისა და სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს იღონებს.

ოფიციალური მოსკოვი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტის იმედს გამოთქვამს."

"რუსეთის მსგავსად, აშშ-იც ნეიტრალიტეტის მომხრეა."

როგორც 16 მარტის "მთავარი გაზეთი" წერს, "ხშირად გაიგონებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია საქართველოს კონსტიტუციასთან აშკარა წინააღმდეგობაში მოდის". არადა, გაზეთის თქმით, "საქართველოს არც ძველი და არც ახალი ხელისუფლება ამ საკითხით ჯერ არ დაინტერესებულა."

ამ პრობლემის გარშემო "მთავარი გაზეთი" ესაუბრა იურისტ დავით უსუფაშვილს, რომლის განცხადებით, "აჭარის კონსტიტუცია სავსეა ისეთი დებულებებით, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო წესებს ადგენს." " შესაბამისად, უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხში რეგიონის კონსტიტუციის ბევრი დებულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლს - საქართველოს კონსტიტუცია არის უზენაესი ძალის მქონე დოკუმენტი და საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სხვა აქტი მას უნდა დაექვემდებაროს."

დავით უსუფაშვლი აგრეთვე ამბობს: "აჭარის კონსტიტუციის არაკონსტიტუციური დებულებები არავის გაუსაჩივრებია სასამართლოში. ეს არ გააკეთა შევარდნაძემ, როცა აბაშიძემ თავი სამხედრო მეთაურად გამოაცხადა. ეს არ გააკეთა ნინო ბურჯანაძემაც, რომელიც პრეზიდენტი იყო. ჯერჯერობით ეს არც მიხეილ სააკაშვილს გაუკეთებია. ასე რომ, სამართლებრივი კოლიზიების აღმოსაფხვრლად ხელისუფლებას ზომები არასოდეს მიუღია."

რაც შეეხება ბათუმში გამართულ შეხვედრას. 19 მარტის "მთავარი გაზეთის" თქმით, "ცენტრსა და ავტონომიას შორის არსებული ხუთდღიანი პოლიტიკური კრიზისი მოგვარებულია - ასეთია საქართველოს პრეზიდენტისა და აჭარის ავტონომიის ლიდერის სამსაათიანი დიალოგის შედეგი."

გაზეთი წერს: "შეთანხმების მიღწევა პრობლემის ბოლომდე გადაწყვეტას ჯერ კიდევ არ ნიშნავს, თუმცა მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პრინციპული საკითხები გარკვეულია და, თუ ორივე მხარე შეთანხმების შესრულებაზე რეალურად იზრუნებს, 28 მარტს აჭარის ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 18 მარტს, შუაღამიდან, ავტონომიის მიმართ ეკონომიკური სანქციები მოხსნილია.
სანქციების გაუქმების სანაცვლოდ - დემოკრატიული არჩევნები, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლება, მნიშვნელოვანი ობიექტების კონტროლი. - მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პირველად ბოლო წლების განმავლობაში ცენტრისა და რეგიონის ხელმძღვანელებს შორის პრინციპული შეთანხმების მიღწევა მოხერხდა."

"მთავარი გაზეთის" ინფორმაციით, პრეზიდენტსა და ავტონომიის ლიდერს შორის შეთანხმება დოკუმენტურად გაფორმდა. საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, თუმცა, გავრცელებული ვერსიით, გარკვეულ დათმობებზე წასვლა ცენტრსაც მოუწია."

გაზეთი წერს: "საუბარია, სარფის საბაჟოს პარალელურად, ყაზბეგის, ვალესა და წითელი ხიდის სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი მონიტორინგის წარმოებაზე. ასლან აბაშიძე თანახმაა, სარფში ცენტრალური ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი მებაჟეები დაუშვას, მაგრამ ურთიერთნდობის აღსადგენად აბაშიძის წარმომადგენლები სხვა საბაჟოებზე არსებულ მდგომარეობასაც მიადევნებენ თვალს. აჭარის ლიდერმა განაცხადა, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოს სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე განსხვავებული ტარიფები მოქმედებს და საჭიროა საბიუჯეტო შემოსავლები ერთი სქემის მიხედვით განისაზღვროს. ამის გარდა, ერთობლივი კონტროლი განხორციელდება ნავთობტერმინალზე, სტრატეგიულ უწყებებში მოადგილეებს ცენტრალური ხელისუფლება დანიშნავს."

ახლა კი სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ. 17 მარტის პრესამ გვამცნო, რომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. გაზეთ "რეზონანსის" თქმით, 16 მარტს, "შვიდსაათიანი ცხარე მსჯელობის შემდეგ ამ თანამდებობაზე, 21 ხმით 4-ის წინააღმდეგ, "ნაციონალური მოძრაობისა" და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი თემურ მჟავია აირჩიეს."

გაზეთი წერს: "ახლად არჩეულმა მჟავიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი ეგრეთ წოდებულ ვარდების რევოლუციაში აქტიურად მონაწილეობდა და ხელისუფლებას სურდა, ამ თანამდებობაზე მისი პოლიტიკის გამტარებელი პირი აერჩიათ."

"მჟავია თავის ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ახალი ბირთვის შექმნას გეგმავს.

სხდომაზე მიიღეს შესაბამისი ცვლილება, რაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის ვადის განახევრებას ითვალისწინებს, ანუ მომავალი თავმჯდომარე აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, ხუთი წლის ნაცვლად, ორწელიწადნახევარი უხელძღვანელებს. ამავე ცვლილების თანახმად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დევნილთა წარმომადგენლობად უნდა გარდაიქმნას."

დაბოლოს, მეანაბრეთა პრობლემის შესახებ. 18 მარტის "მთავარი გაზეთის" თქმით, "საქართველოში ოთხ მილიონ-ნახევარზე მეტი მეანაბრეა. თითქმის ყველა ოჯახი დაზარალდა სახელმწიფოს იმ თაღლითობის გამო, რომელიც
90-იან წლებში სახელმწიფოს მეთაურის დაპირების საფუძველზე განხორციელდა. მეანაბრეთა ვალი სახელმწიფომ შიდა ვალად აღიარა, თუმცა ამ ვალის გადახდა ან შორეული პერსპექტივაა, ან ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება."

საქმე ის არის, რომ, როგორც გაზეთი აღნიშნავს, "მეანაბრეთა საკითხის განხილვა სახელმწიფომ, უკვე მერამდენედ, გაურკვეველი დროით გადადო. საკონსტიტუციო სასამართლომ შეწყვიტა იმ საქმის წარმოება, რომელიც საქართველოს ოთხმილიონ- ნახევარი ადამიანის პირადი ქონებრივი უფლების დარღვევას ეხება."

გაზეთი წერს: "საქართველოში თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია მეანაბრეთა თემით პოლიტიკურ დივიდენდებს აგროვებდა და ახლაც აგროვებს. მათ შორის იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი, დღეს უკვე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ მისმა წარმომადგენლებმა მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ახალი ხელისუფლება ძველს ბაძავს და შეგნებულად გაურბის საკითხის საბოლოოდ, თუნდაც სამართლებრივად, გადაჭრას."
XS
SM
MD
LG