Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ იწყებენ მუშაობას აჭარაში პრეზიდენტის წარმომადგენლები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი თბილისსა და აჭარას შორის დაძაბულობის ახალი ფაზის დაწყება აჭარაში პრეზიდენტის წარმომადგენლების დანიშვნით იქნა პროვოცირებული.

ბათუმის ნავსადგურში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ვასილ სანოძე და სარფის სასაზღვრო და საბაჟო გამშვებ პუნქტებში პრეზიდენტის წარმომადგენელი დავით ახალაია მეოთხე დღეა, საკუთარი მოვალეობების შესრულებას ვერ ახერხებენ. ამ დრომდე მათ არც აჭარის ლიდერი შეხვედრია, რომელიც წარმომადგენელთა სტატუსის განსაზღვრამდე პრეზიდენტის ბრძანებულების შესრულებას შეუძლებლად მიიჩნევს. რატომ ვერ იწყებენ მუშაობას აჭარაში პრეზიდენტის წარმომადგენლები?


23 მარტს მიხეილ სააკაშვილმა და ასლან აბაშიძემ ტელეფონით ისაუბრეს. ამ საუბრის დეტალები 24 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა გაახმაურა, რომლის თქმითაც, იგი და პრეზიდენტი შეთანხმებულად მოქმედებენ. შეთანხმებულად მოქმედება შემდეგს ნიშნავს: პრეზიდენტმა ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე თავის წარმომადგენელთა მოქმედების დებულებისა და სტრუქტურის შესამუშავებლად ბათუმში მიავლინა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჯონი ხეცურიანი, რომელიც, ასლან აბაშიძის განმარტებით, ბათუმელ იურისტებთან კონსულტაციით შეიმუშავებს კიდეც დებულებასა და სტრუქტურას.
შეგახსენებთ: საქართველოს პრეზიდენტის 18 მარტის ბრძანებულებით, - სწორედ ამ ბრძანებულებით დაინიშნა ბათუმის პორტში პრეზიდენტის წარმომადგენლად ვასილ სანოძე, სარფის საბაჟოზე კი - დავით ახალაია, - წარმომადგენლობის დებულება და სტრუქტურა სწორედ ვასილ სანოძესა და დავით ახალაიას უნდა შეემუშავებინათ და ერთი კვირის ვადაში დასამტკიცებლად წარედგინათ.
ვასილ სანოძე, რომელიც ბათუმში იმყოფება, ადასტურებს, რომ დებულების შესამუშავებლად პრეზიდენტმა ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მიავლინა:
[ ვასილ სანოძის ხმა] " ამასთან დაკავშირებით, დღეს ჩამოდის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ის იმუშავებს. ჩვენ დებულებისთვის ცოტა....უფრო ის იმუშავებს. პრეზიდენტის დავალებას შეასრულებს დებულების გაკეთებით.
-ანუ პრეზიდენტმა დაავალა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს?...
-პრეზიდენტმა დაავალა. აბა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თვითონ ხომ არ წამოვიდოდა?"(სტილი დაცულია)
რამდენად გამართლებულია პრეზიდენტის წარმომადგენლის სტრუქტურისა და დებულების განსაზღვრის დავალება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის? - იურისტი დავით უსუფაშვილი ამას სრულიად დაუშვებლად მიიჩნევს. და, აი, რატომ:
[დავით უსუფაშვილის ხმა] " ეს არის სრულიად წარმოუდგენელი ამბავი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არ შეიძლება მონაწილეობდეს ისეთ საქმეში, რომელიც, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი გახდეს. და ეს სწორედ ის საქმეა, რომელიც მისი განსჯადი შეიძლება გახდეს. და, საერთოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებიც და თავმჯდომარეც შორს უნდა იყვნენ პოლიტიკური აქტივობისგან. ამ შემთხვევაში, ეს არის პოლიტიკურად უკიდურესად დაძაბული და პოლიტიკურად გაჟღენთილი თემა. აქ მხოლოდ ტექნიკური ნორმების შექმნაზე არ არის საუბარი. აქ საუბარია ცენტრსა და რეგიონს შორის პოლიტიკურ შეთანხმებაზე და ასეთ საქმეში ყველაზე ნაკლებად უნდა ერთვებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ან თავმჯდომარე."
დავით უსუფაშვილის თქმით, ფაქტია, რომ ასლან აბაშიძეს პიროვნულად არავითარი პრობლემა არა აქვს ჯონი ხეცურიანთან, რომელთანაც წლების მანძილზე საკმაოდ ნორმალური ურთეირთობები აკავშირებს, თუმცა ეს არ უნდა იქცეს კანონისა და კონსტიტუციის დარღვევის მიზეზად - სამართლებრივად, პრეზიდენტს უფლება არა აქვს, რაიმე დაავალოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.
XS
SM
MD
LG