Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალი პარლამენტის ოპოზიცია


დავით პაიჭაძე, თბილისი საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეიძლება ერთპარტიული პარლამენტი მივიღოთ - ამ აზრს არაერთხელ წააწყდებოდით წინასაარჩევნო პერიოდის ქართულ მედიაში. ამასთან,

ერთპარტიულ პარლამენტს, წესისამებრ, საფრთხედ განიხილავდნენ. რამდენად არსებობს ასეთი საფრთხე?

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, წინა პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, მსგავსად, აქტიურად არის ჩართული თავისი მხარდამჭერი პარტიის - ამ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების" - საარჩევნო კამპანიაში. ხელისუფლების პარტიის არც ერთ წევრს მიხეილ სააკაშვილამდე არ უთქვამს ის, რაც თითქოს თავისთავად ცხადი იყო: არავითარი ერთპარტიულობის საფრთხე არ არსებობს, რადგან მომავალი პარლამენტი, სულ ცოტა, ფორმალურად მაინც, მრავალპარტიულია. მეტიც, მომავალ პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ოპოზიცია უკვე არსებობს:

[სააკაშვილის ხმა] "ოპოზიცია იქ უკვე არსებობს, რადგან ძალიან ბევრი მაჟორიტარი დეპუტატი გავიდა შევარდნაძის დროს. სამწუხაროდ, მაშინ მაჟორიტარული არჩევნების შედეგები არ გაუქმდა, რადგან სასამართლომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. ამ ხალხის უმეტესობა უკვე არის ჩვენი ოპოზიცია, ჩემი ოპოზიცია."

არადა, საქმე ცოტა სხვაგვარად იყო: სასამართლომ გადაწყვეტილება არ მიიღო იმიტომ, რომ არც მისულა გადაწყვეტილების მიღებამდე. მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შეეძლო მიემართა პარლამენტის წევრთა 20%-ს, ანუ 47, დეპუტატს ან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს. არც ბურჯანაძეს და არც დეპუტატებს ეს არ გაუკეთებიათ. თანაც, საიმდროოდ ცნობილი იყო, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა საგრძნობ ნაწილს უკვე გამოცხადებული ჰქონდა ლოიალობა ახალი ხელისუფლებისა და მომავალი პრეზიდენტისათვის.

თუ დავუშვებთ, რომ პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები" გაიმარჯვებენ, პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატთა ასეთ განლაგებას მივიღებთ: ყოფილი ხელისუფლების ბლოკის, "ახალი საქართველოსთვის", რიგებიდან არჩეულია 19 დეპუტატი, რაც სავსებით ჰყოფნის ერთი ფრაქციის შექმნას. მრეწველებისა და მემარჯვენეების ბლოკს უკვე ჰყავს 8 დეპუტატი და, ალბათ, დამარცხების შემთხვევაში, პარლამენტში არსებული რესურსების მობილიზებით, შეძლებენ კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქციის შექმნას. ასეთ რესურსს ქმნიან როგორც ყოფილი ხელისუფლების სახელით გასული დეპუტატები, ისე საინიციატივო ჯგუფების მიერ წამოყენებული და გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატები. ასეთი, ანუ დამოუკიდებელი, უპარტიო მაჟორიტარი დეპუტატი მომავალ პარლამენტში 15 იქნება. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ არც ერთი მათგანი არ მოისურვებს უმრავლესობაში ყოფნას. ზოგიერთი ერთმნიშვნელოვნად ასოცირებულია ყოფილ ხელისუფლებასთან - მაგალითად, ოზურგეთის მაჟორიტარი ვანო ჩხარტიშვილი, ჩოხატაურის დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, წყალტუბოს რჩეული, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ძმა, ლაშა ნარჩემაშვილი. ძალიან საეჭვოა, ისინი ახალმა ხელისუფლებამ მიიკედლოს, მაგრამ ისიც საეჭვოა, ამ ხალხმა ოპოზიციაში დემონსტრაციულად დგომა არჩიოს. მიხეილ სააკაშვილი ლაპარაკობს იმ მაჟორიტარების შესახებ, ვისი რეპუტაციის მიმართაც საზოგადოებაში ეჭვი არსებობს:

[სააკაშვილის ხმა] "ამ ხალხის ერთი ნაწილი არის ძებნაში, მაგალითად, "საფოსტო ბანკის" ყოფილი ხელმძღვანელი იაკობიძე. პროკურატურა მას ეძებს როგორც აფერისტსა და გამფლანგველს. იქ არის კიდევ 1-2 ადამიანი, ვისზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რა თქმა უნდა, ესენი არიან ჩვენი დაუძინებელი ოპოზიცია."

"დაუძინებელი ოპოზიცია", ხელისუფლების სუფთა გამარჯვების შემთხვევაში და პარლამენტის მუშაობის საწყის ეტაპზე, ვერ იქცევა შებრკოლების ლოდად იმავე საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის - ვგულისხმობთ სადეპუტატო იმუნიტეტის შეზღუდვას. "ნაციონალურ მოძრაობა-დემოკრატებს" მომავალ პარლამენტში უკვე ჰყავთ 14 თანაპარტიელი მაჟორიტარი დეპუტატი.
XS
SM
MD
LG