Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი ვრცელი კომენტარით გამოეხმაურა ევროკავშირის მოახლოებულ გაფართოებას აღმოსავლეთით.

სტატიაში, რომელიც გაზეთმა "ინდეპენდენტმა" გამოაქვეყნა, ჰაველი წერს, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, რომლებიც მაისში გახდებიან ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები,
15 წლის წინათ მართავდა ტოტალიტარული რეჟიმები, სადაც შეზღუდული იყო ძირითადი მოქალაქეობრივი უფლებები.
ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი განაგრძობს:

"ახლა ეს ქვეყნები შეუერთდებიან პირველ მრავალეროვან თანამეგობრობას, რომელიც ჭეშმარიტად დემოკრატიულ პრინციპებსა და საერთო ფასეულობებზეა დაფუძნებული.

სულ მალე, ბელორუსია, ევროპის დემოკრატიული ბლოკის აღმოსავლეთი საზღვრის მიღმა დარჩება. ალექსანდრ ლუკაშენკოს ათწლიანმა ავტოკრატიულმა მმართველობამ სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში მოაქცია ბელორუსია. ქვეყანაში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. თუმცა რესპუბლიკაში არიან აქტივისტები და ჯგუფები, რომლებიც გმობენ კორუფციას. ახალგაზრდა თაობა ევროპას უკავშირებს თავის მომავალს, და არა მეზობელ რუსეთს.
საერთაშორისო თანამეგობრობამ იზოლაციაში უნდა მოაქციოს ბელორუსიის ოფიციალური წარმომადგენლები და ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინოს ოპოზიციას. ესაა ერთადერთი შანსი იმისა, რომ ბელორუსიაში რადიკალური რეფორმები განხორციელდეს და ქვეყანა ერთიანი ევროპის განუყოფელი ნაწილი გახდეს".

გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალში" გამოქვეყნებულია ვაშინგტონის სტრატეგიულ და პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტის თანამშრომლის, ვლადიმირ სოკორის სტატია, რომელშიც ავტორი ნატოს მოუწოდებს - მეტი ყურადღება დაუთმოს შავი ზღვისა და სამხრეთი კავკასიის რეგიონს. სტატიაში ვკითხულობთ:

"ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის აღმოსავლელი უშუალო მეზობლები: უკრაინა, მოლდავეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი - სუსტი და მოწყვლადი ქვეყნებია, სადაც რამდენიმე ლოკალურმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა, კორუფციამ და ორგანიზებულმა დამნაშავეობამ მადა აღუძრა კრემლს - კვლავაც საკუთარი გავლენის სფეროში მოაქციოს ეს ქვეყნები.

ამიტომაც, შავი ზღვისა და სამხრეთი კავკასიის რეგიონმა ევრო-ატლანტიკურ სისტემაში უნდა ჩაუშვას "ღუზა", რაც როგორც გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად, ასევე სტრატეგიულად იქნება გამართლებული. ხსენებული რეგიონი სულ მალე ევროპის საზღვარი გახდება. "

გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" ერაყთან ომის დაწყების პირველ წლისთავს ეხმაურება და ცდილობს გაარკვიოს - რამდენად გამართლებული იყო თეთრი სახლის ადმინისტრაციის მხრიდან ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება. გაზეთი წერს:

"საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ, რომელიც გასულ თვეს ჩაატარეს ამერიკის ტელეკომპანია ABC-მ, ბრიტანეთის BBC-მ, აგრეთვე იაპონიისა და გერმანიის წამყვანმა სატელევიზიო არხებმა, ცხადყო, რომ მრავალი ერაყელი კმაყოფილია იმით, რომ ქვეყანაში სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო. გამოკითხულთა 70-მა პროცენტმა განაცხადა, რომ კმაყოფილია ცხოვრებით, ხოლო 29-პროცენტის შეფასება უარყოფითი იყო. 57-მა პროცენტმა თქვა, რომ დღეს უკეთეს პირობებში ცხოვრობს, ვიდრე ომამდე, ხოლო 19- ტ პროცენტს მიაჩნია, რომ ერაყში გაუარესდა ცხოვრების პირობები."
XS
SM
MD
LG