Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად ობიექტური იყო რუსეთის მას მედია 14 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებისას?


ანდრო ეული, პრაღა როგორც საერთაშორისო მეთვალყურეები აღნიშნავენ, 14 მარტის საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში კარგად იყო ორგანიზებული,

მაგრამ საარჩევნო პროცედურას ჭეშმარიტად დემოკრატიული პაექრობის ელემენტები აკლდა, ხოლო მას მედია აშკარა მიკერძოებით აშუქებდა კანდიდატების პოზიციებს.

ჯულიან პილ იეიტსი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთში მივლინებულ ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მეთვალყურეთა ერთობლივ მისიას ხელმძღვანელობდა. არჩევნების დამთავრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მოსკოვში, იეიტსმა თქვა, რომ ამომრჩევლებს არ მიეცათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ ვლადიმირ პუტინთან დაპირისპირებული ხუთი კანდიდატის სამოქმედო პროგრამებსა და პოზიციებს [ჯულიან პილ იეიტსის ხმა]: "საარჩევნო პროცესში, მთლიანობაში, არასათანადოდ აისახა ის პრინციპები, რაც ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლადაა აუცილებელი. ამ პროცესს, ეუთოს ქარტიის არსებითი ელემენტები, დემოკრატიული არჩევნებისათვის ევროსაბჭოს მიერ დაწესებული სტანდარტები, პოლიტიკური დისკუსიები და პლურალიზმის განუყოფელი ელემენტები აკლდა".

კიდევ უფრო კონკრეტული იყო ხსენებული არჩევნების შეფასებისას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა უწყების დირექტორი ქრისჩიენ სტროუფალი, რომელმაც თქვა, რომ კანდიდატებს კი მიეცათ შესაძლებლობა თავიანთი პოზიცია გაეცნოთ ელექტორატისთვის, მაგრამ სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებულმა მედიამ, მოქმედი პრეზიდენტისადმი აშკარა მიკერძოებით, ფაქტობრივად ნულამდე დაიყვანა კანდიდატებისათვის მიცემული შესაძლებლობა.

პეტრიკ მერლოუ არჩევნებისა და პოლიტიკური პროგრამების სექტორს ხელმძღვანელობს ვაშინგტონის საერთაშორისო ურთიერთობათა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში. მისი თქმით, როცა საქმე წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას ეხება, მედიის არაობიექტური, მიკერძოებული საქმიანობა თითქმის გლობალური პრობლემის მასშტაბებს იძენს [პეტრიკ მერლოუს ხმა]: "ყოველ ცალკეულ სახელმწიფოში პრობლემატურია მედიის საქმიანობა, იმისდა მიუხედავად ხელს უწყობს თუ ამუხრუჭებს ეს დემოკრატიულ პროცესს. და ის, რაც მრავალ ქვეყანაში მოხდა, იძლევა იმის გარანტიას, ხსენებული პრობლემები არ გახდება მწვავე".

როგორც მერლოუ აღნიშნავს, ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში მოქმედი პროცედურის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს, როგორც წესი, თანაბრად ეძლევა მას მედიით სარგებლობისათვის განკუთვნილი დრო. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მედიას იქ ოფიციალურად ევალება, მიუკერძოებლად და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გამოიყენოს ფასიანი პოლიტიკური რეკლამები.

ხოლო პენსილვანიის შტატის საზოგადოებრივი რადიოსადგურის დირექტორი სინდი დოიჩმენ-რუისი ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, შეერთებულ შტატებში, როგორც წესი, გვერდს უვლიან საჭირბოროტო საკითხებს და მთელს ყურადღებას უთმობენ იმ კანდიდატებს, ვინც აშკარა ფავორიტადაა მიჩნეული.

სინდი დოიჩმენ-რუისმა განაცხადა აგრეთვე, რომ ამერიკელ ჟურნალისტებს დიდი დრო არ სჭირდებათ იმის გასარკვევად, თუ ვისა აქვს არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი, და ვის არა. და სწორედ ამის შემდეგ ექცევა ფავორიტი კანდიდატი საყოველთაო ყურადღების ცენტრში.
XS
SM
MD
LG