Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიმართება თუ არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ვადამდელი არჩევნები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალები პირველ გამარჯვებას აღნიშნავენ. ოპოზიციური ძალების განცხადებით,

ბათუმში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში საკმაოდ მტკივნეული დარტყმაა ასლან აბაშიძის ხელისუფლებისათვის. უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ უახლოეს ხანში აჭარაში დაიწყება ხელმოწერების შეგროვება, ავტონომიის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, 28 მარტის არჩევნები, აჭარის მასშტაბით, საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირმა მოიგო - ამ პარტიას ამომრჩევლის 52 პროცენტზე ოდნავ მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ნაციონალური მოძრაობა ოდნავ ჩამორჩება აღორძინებას. ნაციონალების 40, 16 პროცენტი, აჭარის სპეციფიკის გათვალისწინებით, ნამდვილად სენსაციურად გამოიყურება.
შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალები სიხარულს ვერ მალავენ. საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესის" ცნობით, 30 მარტს ბათუმში ორგანიზაცია "ჩვენი აჭარის" ოფისში გამართული პრესკონფერენცია საზეიმო სუფრით დასრულდა - "ჩვენი აჭარა" ბათუმში შთამბეჭდავ გამარჯვებას აღნიშნავს.
თუმცა, ალბათ, არავის ეპარება ეჭვი, რომ პაექრობა ნაციონალურ მოძრაობასა და აღორძინებას შორის 28 მარტს არ დასრულებულა და არც დასრულდება. 30 მარტს აღორძინების თბილისის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღორძინების წარმომადგენლები აჭარაში" ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების" ჩამოგდების საფრთხეზე საუბრობდნენ. ელიზბარ ჯაველიძის განცხადებით, ოფიციალური თბილისი ბათუმში სახელისუფლებო გადატრიალებას გეგმავს:
[ელიზბარ ჯაველიძის ხმა] " უნდათ, რომ დაამხონ ხალხის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლება. რომ არ გამოუვიდათ ვარდების რევოლუცია, ახლა უნდათ ხალხის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლება დაამხონ. არ გამოუვათ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება და ახალ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს ისევ ასლან აბაშიძე. ვისაც უნდათ, აჭარლები იმას აირჩევენ. არავინ ეკითხება სააკაშვილს, ვინ იქნება იქ გამგებელი."
წესით და რიგით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები 2006 წელს უნდა გაიმართოს. აჭარის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას. ამის მიუხედავად, ორგანიზაცია "ჩვენი აჭარის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თამაზ დიასამიძის, განმარტებით, 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგი აუცილებლად დააყენებს დღის წესრიგში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხს. ამავე დროს, თამაზ დიასამიძეს არ აეჭვებს, რომ ასლან აბაშიძე ამ მოთხოვნას "სიხარულით" არ შეხვდება:
[თამაზ დიასამიძის ხმა] "ცხადია, ის ამას ადვილად არ დასთანხმდება, მაგრამ იძულებული იქნება, ვინაიდან 2006 წლამდე აჭარის ე.წ. პარლამენტის შემადგენლობას არავინ არ მოითმენს. მით უმეტეს, ის მოსახლეობა, რომელმაც უნდობლობა გამოუცხადა ასლან აბაშიძის ხელისუფლებას აჭარის ტერიტორიაზე. ასე რომ, ეს დროის აუცილებელი მოთხოვნა ხდება და ამას ანგარიში უნდა გაუწიოს აჭარის ხელმძღვანელობამ."
მაინც, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები ბათუმში? - თამაზ დიასამიძეს დღეს მხოლოდ იმის განცხადება შეუძლია, რომ, სავარაუდოდ, ბათუმში ნოემბრის მოვლენების სცენარი ვერ განმეორდება:
[თამაზ დიასამიძის ხმა] " მე ვფიქრობ, რომ გასათვალისწინებელია აბაშიძის ფენომენი, მისი პიროვნება, მისი კრიმინალურ-ბანდიტური რეჟიმი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად იმ ტაქტიკის გადაღება არ იქნებოდა მართებული, თუმცა დროთა განმავლობაში ეს საკითხი ისე მომწიფდება, რომ ისინი იძულებულნი იქნებიან წავიდნენ, რადგან სხვა გზა ამათ არ ექნებათ."
ჯერჯერობით ასლან აბაშიძის ოპოზიციის ტაქტიკის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დაგეგმილია ხელმოწერების შეგროვება, აჭარის ავტონომიის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG