Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონს დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ ახალი პარლამენტი აამოქმედებს


დავით პაიჭაძე, თბილისი კანონი დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ აქტუალობას იბრუნებს. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელიც ახლად არჩეულ პარლამენტში შევა,

სწორედ დაუსაბუთებელ ქონებას შეეხება. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აპირებს განახორციელოს ის, რაც პირველად იუსტიციის მინისტრობისას ისურვა. 2001 წელს სააკაშვილი მთავრობის სხდომაზე წარდგა წინადადებით სახელმწიფო მოხელეებისათვის იმ ქონების ჩამორთმევის შესახებ, რომლის დასაბუთებასაც ვერ შეძლებდნენ. მაშინ სააკაშვილის წინადადებას ავანტიურული უწოდეს. რაც ლევან მამალაძისა და ვანო ჩხარტიშვილისთვის ავანტიურა იყო, დღეს შეიძლება სახელმწიფო პოლიტიკად იქცეს.

ცოტა უცნაურია, მაგრამ პარლამენტს მსგავსი კანონი უკვე მიღებული აქვს: ამა წლის თებერვალში საკანონმდებლო ორგანომ კენჭი უყარა კანონპროექტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ადრინდელი იდეების სახეცვლილებას წარმოადგენდა: თავდაპირველ ვარიანტში დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის საკითხი სასამართლოში შეიძლება დამდგარიყო მას შემდეგ, რაც ნებისმიერი მოქალაქე შეიტანდა სარჩელს ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეზე, რომლის ქონება მოქალაქეში ეჭვს აღძრავდა. პარლამენტის მიღებულ კანონში სხვა ვითარებაა. დეპუტატი კობა დავითაშვილი განსხვავებას თავდაპირველ პროექტსა და მიღებულ კანონს შორის მოკლედ ასე აღწერს:

[დავითაშვილის ხმა] "ყველა მოქალაქეს ჰქონდა უფლება, მოხელის მიმართ სარჩელი შეეტანა. ახლა დარჩა პროკურატურა და მოქალაქე, რომელსაც ზარალი მიაყენა თანამდებობის პირმა."

ოღონდ ამ შემთხვევაში საკმარისია, მოქალაქემ თვითონ მიიჩნიოს თავი დაზარალებულად.

უკვე მიღებულ კანონს აქვს კიდევ ერთი ნიუანსი, რომელზეც ყურადღებას ამახვილებს ახლად არჩეული პარლამენტის წევრი დავით ზურაბიშვილი:

[ზურაბიშვილის ხმა] "პროკურატურას შეუძლია, თუ თანამდებობის პირზე საქმეა აღძრული, დაინტერესდეს მისი ქონების კანონიერებითაც. პროკურატურას არ შეუძლია, პირდაპირ დასვას თანამდებობის პირის ქონების საკითხი. საქმე ჯერ სხვა რამეზე უნდა იყოს აღძრული და პარალელურად შეუძლია, დაინტერესდეს ამ ამბითაც."

ცხადია, რომ მიღებული კანონი უფრო რბილია და იმ სიმკაცრით არ იმოქმედებს, რასაც თავის დროზე იუსტიციის ყოფილი მინისტრი და დღევანდელი პრეზიდენტი ისურვებდა. არადა, მიხეილ სააკაშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ წამოსწია დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის საკითხი:

[სააკაშვილის ხმა] "ასე რომ, არა მხოლოდ ფული გადაიხადონ, არამედ კორუმპირებულ მაღალი თანამდებობის პირებს ჩამოერთვათ სახლები, გადაეცეთ ეს სახლები საბავშვო ბაღებს, მიუსაფართა დაწესებულებებს ან სხვა სოციალური მიზნით იქნეს გამოყენებული."

თუ თებერვალში კანონი მიღებულია, მაშ რა ახალი კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს დაუსაბუთებელი ქონების თემაზე? კობა დავითაშვილი ამბობს, რომ ეს იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული "რიკოს აქტის" მსგავსი კანონი. რიკოს აქტი მიმართულია რეკეტისა და კრიმინალური ორგანიზაციების წინააღმდეგ,

[დავითაშვილის ხმა] "რაც საშუალებას იძლევა, ამ პირების მიმართ განახორციელონ სამოქალაქო კონფისკაცია ანუ კონფისკაცია მოდელით, რომელიც მტკიცების ტვირთს მოპასუხეს აკისრებს."

ასე რომ, თუ აქამდე მიღებული კანონი მხოლოდ სახელმწიფო თანამდებობის პირებს სდევნიდა, ახლა ქონების ჩამორთმევის საკითხი შეიძლება დადგეს კერძო პირების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ მათზე სისხლის სამართლის საქმეც იქნება აღძრული. ამ კერძო პირთა შორის, რომელთაც უნდა დაამტკიცონ, რომ ქონება პატიოსანი გზითა აქვთ ნაშოვნი, შესაძლოა, აღმოჩნდნენ ყოფილი თანამდებობის პირებიც. კონსტიტუციას ეს არ შეეწინაღმდეგება, რადგან მისი 21-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში.
XS
SM
MD
LG