Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი რადიო "თავისუფლების" ახალგაზრდულ

პროგრამას დღეს ეკლესიის სოციალური მსახურების საკითხებზე მსჯელობას ვუთმობთ. ჩვენი თბილისის სტუდიის სტუმარი იქნება სასულიერო აკადემიის სტუდენტი ბექა მინდიაშვილი, რომელსაც ჩემი კოლეგა დავით პაიჭაძე ესაუბრება. ბექა მინდიაშვილთან ინტერვიუმდე შემოგთავაზებთ მასალას, რომლის მომზადებაშიც ბექას მეგობარი და კოლეგა, ასევე სასულიერო აკადემიის სტუდენტი ზურა ჯაში დამეხმარა. საქმე ის გახლავთ, რომ ბექაც და ზურაც წარმოადგენენ იმ, მართლაც, საინტერესო ჟურნალის რედკოლეგიას, რომელსაც "ზღვარი" ჰქვია და რომელიც რელიგიის სფეროში თავისუფალი მედიასივრცის განვითარებას ისახავს მიზნად. მოკლედ, გადაცემის პირველ ნაწილში შევეცდებით მსმენელს შევუქმნათ წარმოდგენა ჟურნალზე, რომელსაც სასულიერო აკადემიის სტუდენტები "სამართლებრივი განათლების ასოციაციის" დახმარებით გამოსცემენ, შემდეგ კი - ინტერვიუ ბექა მინდიაშვილთან.

ჟურნალი "ზღვარი" 2003 წლის სექტემბრიდან გამოიცემა. ის სულ 500 ეგზემპლიარად იბეჭდება და სრულიად უსასყიდლოდ რიგდება. მის თავფურცელზე ვკითხულობთ: " ადამიანი ზღვრული არსებაა - ზღვარზე დგას შემოქმედსა და ქმნილებას შორის. გარესამყაროს აირეკლავს ცნობიერებაში და, პირიქით, შინაგანი გარეთ გამოაქვს. ზღვრულია ასევე ეკლესია, როგორც მიწისა და ზეცის დამაკავშირებელი ხიდი, როგორც ქრისტესა და კაცობრიობის მისტიკური ერთობა. "

ჟურნალი "ზღვარი" ის გამოცემაა, რომლის მეშვეობითაც სასულიერო აკადემიის რამდენიმე სტუდენტი ცდილობს საზოგადოება დააფიქროს შეკითხვებზე: სად გადის ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საზღვარი? რა პროცესები მიმდინარეობს სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში?როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ტრადიციისა და სიახლისადმი? რატომ აშინებენ საქართველოს ეკლესიის მრევლს ეკუმენიზმით? რატომ არის ჩვენი საეკლესიო ლიტერატურა, ძირითადად, რუსი და, ამასთან ერთად, ყველაზე ფანატიკური სულისკვეთების ავტორებით წარმოდგენილი? "ზღვარი" თავის ფურცლებს უთმობს როგორც მართლმადიდებელ, ისე არამართლმადიდებელ ავტორებს. მიზანი არის ერთი - გადაილახოს ეგოიზმის, შიშის და კარჩაკეტილობის საზღვრები. მიზანს ჟურნალის რედკოლეგიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სასულიერო აკადემიის სტუდენტი ზურა ჯაში დააზუსტებს:

[ზურა ჯაშის ხმა] "გვინდა ეკლესიური მოძღვრება წარმოჩნდეს არა ისე, როგორც დღეს არის - დასავლურ ღირებულებებთან დაპირისპირებული.ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ მართლმადიდებლური მოძღვრება კი არ ეწინააღმდეგება ლიბერალურ ღირებულებებს, პირიქით, ამ ღირებულებებზე დაფუძნებული მოძღვრებაა. ამ სახის სტატიები იბეჭდება ჩვენს ჟურნალში. აქ იბეჭდება არამართლმადიდებელი თეოლოგების სტატიები; შესაძლოა, დაიბეჭდოს ათეისტი ადამიანის სტატია, თუ ის ეხება რელიგიისა და სოციალური მსახურების თემას. "

ცნობისათვის: ჟურნალ "ზღვარის" ახალი ნომრის პრეზენტაცია სულ მალე მოხდება და ეს ახალი ნომერი შემოგვთავაზებს: ანტიოქიის პატრიარქის სიტყვას მართლმადიდებლობასა და თანამედროვეობაზე, დიონისე არეოპაგელის მისტიკური მითოლოგიის ქართულ თარგმანს, დალაილამას სიტყვას ადამიანის უფლებების შესახებ, ინტერვიუს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტთან ეკლესიის წინაშე მდგარ პრობლემებზე, აგრეთვე, ინტერვიუს კათოლიკე მღვდელთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ავტორია კათოლიკური ეკლესიის სოციალურ სწავლებაში.

ეკლესია და სოციალური მსახურება ჟურნალის ამოსავალი მიმართულებაა. მისი გამომცემლების - სასულიერო აკადემიის სტუდენტების- აზრით, ეკლესია თავის როლს უნდა ასრულებდეს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში და მკაფიოდ გამოხატავდეს დამოკიდებულებას ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, კორუფციის პრობლემა, ნარკომანია, ეკოლოგიური პრობლემები და სხვა. ჟურნალი "ზღვარი" ქართულ ეკლესიაში ერთგვარი სიფრთხილით მიიღეს - ზოგმა მოიწონა, ზოგმა კი დაიწუნა. ჟურნალის გამომცემლები კი მიიჩნევენ, რომ სტატიები, რომელთაც "ზღვარი" გვთავაზობს, თავისი შინაარსით ეკლესიისთვის საშიში არ არის, პირიქით, და აი, რატომ:

[ზურა ჯაშის ხმა] "ლიტურგიის პრინციპი არის თანაზიარება, საერთო საქმის მსახურება. ანუ ჩვენ ერთმანეთის ნაწილები ვართ, ერთი მთელის წევრები ვართ. ცალკე პიროვნება არ არსებობს. სოციუმში ვართ და მისგან განუყოფლად უნდა მოიაზრებოდეს პიროვნება. ეს არის უპირველესი მოძღვრება. "

ეს იყო ზურა ჯაში, ჟურნალ "ზღვარის" რედკოლეგიის ერთ-ერთი წევრი. ამ ჟურნალის გამოცემის იდეა ბექა მინდიაშვილს ეკუთვნის. მას დავით პაიჭაძე ეკლესიისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთმიმართების საკითხებზე ესაუბრება.

[ინტერვიუ ბექა მინდიაშვილთან] იხ. აუდიოვერსია
XS
SM
MD
LG