Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი გადასახადების შემცირებას და პენსიების გაორმაგებას გვპირდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას, ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომის გახსნისას, თავის შესავალ სიტყვაში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანაში შემოსავლების ზრდის კვალობაზე,

გადასახადების დაწევის ინიციატივით გამოვიდა.

ახალ საგადასახადო პოლიტიკასთან დაკავშირებით სააკაშვილი პირველად არ აფიქსირებს თავის პოზიციას. ერთი კვირის წინ ინდივიდუალური მეწარმეების, უფრო სწორად კი, თვითდასაქმებული ხელოსნებისა და წვრილი ვაჭრებისათვის გადასახადების გაუქმების შესახებ ინიციატივა მთავრობის სხდომის შემდეგ მან თავად ახარა ამ ტიპის ბიზნესით დაკავებულთ. ხოლო ყველა ის ნოვაცია, რომელიც საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაციას გულისხმობს, საბოლოოდ, უნდა აისახოს ახალ საგადასახადო კოდექსში, რომლის განხილვასაც პარლამენტი, პრეზიდენტის თქმით, მაისში დაიწყებს.

საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომაზე სააკაშვილმა პენსიების თემაზეც ისაუბრა და სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენას პენსიების გაორმაგებას დაჰპირდა. მისი თქმით, ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა შემოსავლები გადასახადების ამოღების კუთხით და
ეს თანხები, პირველ რიგში, ხმარდება სოციალური პრობლემების გადაჭრას.
სააკაშვილი კმაყოფილია, რომ, გამონაკლისის გარდა, პენსიებისა და ხელფასების დაგვიანება აღარ ხდება.

სააკაშვილი წუხს, რომ პენსია მცირეა, მაგრამ ,,ყველა დემაგოგს უნდა გაეცეს პასუხი, რომ ერთ დღეში შეუძლებელია ვითარების შემობრუნება, თუმცა ფაქტია, რომ პოზიტიური შემობრუნება ხდება".
ხელისუფლებამ უნდა აუხსნას ხალხს, რომ სჭირდება დრო ვითარების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად. აქვე პრეზიდენტს საინტერესო შედარება მოჰყავს: -
ბალტიის ქვეყნებში 120 დოლარია მინიმალური პენსია, თუმცა დადგება დრო, როცა საქართველო დაეწევა ამ სახელმწიფოებს, - დარწმუნებულია სააკაშვილი.

პრეზიდენტი, ერთი მხრივ, საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაციის, მერე მხრივ კი, პენსიების და სოციალური პროგრამების გაზრდის იდეით გამოდის. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი გიორგი ჯანდიერი, რომელიც საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაციის იდეის მომხრე და ახალი საგადასახადო პოლიტიკის კონცეფციის ერთ-ერთი ავტორია, ფიქრობს, რომ ფისკალური წნეხის შემსუბუქებას მომავალში, უდავოდ, პოზიტიური ეფექტი ექნება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით, მაგრამ ამ ორი მნიშვნელოვანი პროცესის, ანუ გადასახადების შემცირებისა და პენსიების ზრდის, ერთნაირი წარმატებით მყისიერად განხორციელება გაძნელდება:
[გია ჯანდიერის ხმა ] "ჩვენ თუ ლიბერალიზაციას მოვახდენთ, რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში შეუძლებელია ამან ბიუჯეტში შემოსავლები მკვეთრად გაზარდოს, თუმცა, შესაძლებელია, ამან რამდენიმე წელში სერიოზული შედეგი მოგვცეს. მაგალითად, რეიგანის მიერ გადასახადების შემცირებამ შედეგები 90-იან წლებში გამოიღო, როდესაც რეიგანის რეფორმამ საშუალება მისცა აშშ-ს ბიუჯეტში შემოსავლებს გადაეჭარბებინა ხარჯებისათვის. "

ანუ, ერთი მხრივ, გადასახადების შემცირებამ, ეკონომიკური ლოგიკით, უნდა შეზღუდოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა, ანუ იმ რესურსის ზრდა, რომლითაც, საბოლოოდ, პენსიების გაორმაგება არის ნავარაუდევი. თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელი არ არის სახელმწიფომ ხაზინის შემოსავლების ხარჯზე იზრუნოს სიმბოლური პენსიის გაზრდაზე; ამ მხრივ, შეიძლება სხვა რეზერვების ამოქმედება უფრო ეფექტური გამოდგეს.
[გია ჯანდიერის ხმა] "პენსიების გაზრდა არ არის სასურველი მიზანი საქართველოს ხელისუფლებისათვის, რადგან ჩვენ შეიძლება წავიდეთ კერძო საპენსიო სისტემის მიმართულებით, შეიძლება ეს უფრო რეფორმატორული იდეა იყოს ჩვენი მთავრობისათვის, ვიდრე ის, რომ არსებული პენსიების გაზრდაზე ვიზრუნოთ და 10-25 წლის შემდეგ მივაღწიოთ სასიცოცხლო მინიმუმის გაცემას ხაზინიდან."

საინტერესოა, რომ თავის გამოსვლაში პრეზიდენტი, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, ახალი სამუშაო ადგილებისა და რეალური ეკონომიკური ზრდის წყალობით შემოსავლების ზრდასა და, შესაბამისად, სოციალური ვალდებულებების შესრულებაზეც საუბრობს. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ფული უნდა დაიხარჯოს იმაზეც, რომ ბიზნესი უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალება გახდეს და ამით უფრო მეტად დაეხმაროს ხელისუფლება პენსიონერებს და შეჭირვებულ მოსახლეობას. მისი თქმით, თუ არსებობს საბიუჯეტო შემოსავლების მატება, ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომ, შესაძლებელია, სოციალური და მოგების გადასახადების დაწევა.

ის, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თავის სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე, საკამათო არ არის. შეიძლება განსხვავებული ხედვა იყოს იმისა, თუ რის ხარჯზე და რა ფორმით უნდა უზრუნველყოს მთავრობამ იგივე ღირსეული პენსია. გარდა კერძო საპენსიო სისტემის ჩამოყალიბების მცდელობისა, რაც უკვე აპრობირებულია დასავლეთში და რამაც თავისი ეფექტი კარგა ხანია გამოიღო, სოციალური პროგრამების დაფინანსება და პრიორიტეტული მიმართულებებისათვის ჯეროვანი ყურადღების მიქცევა არსებული მწირი სახელმწიფო ფინანსების სწორი ხარჯვითი პოლიტიკითაც კი შესაძლებელია. მაგალითად, გიორგი ჯანდიერს მიაჩნია, რომ დროა სახელმწიფომ უარი თქვას იმ სფეროების თუ დარგების დაფინანსებასა თუ სუბსიდირებაზე, რაც მის კომპეტენციას არ განეკუთვნება და რაც, ელემენტარულად, უსარგებლო და უყაირათო პოლიტიკის პრაქტიკაა.

[გია ჯანდიერის ხმა] "მე პირადად მოვუწოდებდი მთავრობას, უარი თქვას ისეთ პროგრამებზე, როგორიცაა ენერგეტიკის თუ უამრავი გამოცემების სუბსიდირება, რაც არანაირად მთავრობის მოვალეობა არ არის. მთავრობის მოვალეობას რაც განეკუთვნება, ეს კარგად არის გაწერილი ჩვენს კონსტიტუციაში. მე პირადად კიდევ უფრო მკაცრად ჩავწერდი, რომ მთავრობას არ ჰქონდეს უფლება ჩაერიოს ისეთ საკითხებში, რომელიც მის კომპეტენციას არ განეკუთვნება. ანუ რაც არ წერია კონსტიტუციაში, ის ვალდებულებები მთავრობამ არ უნდა აიღოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის თაობა, რომელიც დღეს პენსიაზეა გასული, მთავრობამ მიატოვოს და უარი თქვას მათ დახმარებაზე. "

ანუ, მარტივად, საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს იმგვარი გარემოს და კანონმდებლობის ჩამოყალიბება, რომლის მეშვეობითაც საკუთარი მოქალაქეებისათვის უპირველეს სასიცოცხლო თუ ადამიანურ უფლებებს საფრთხე არ შეექმნება.
XS
SM
MD
LG