Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბოლოდროინდელ პრესაში გამოთქმულია მოსაზრებები აჭარის კრიზისის შესახებ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი 22 აპრილის გაზეთ "როსიისკიე ვესტის" თქმით, "აჭარის ავტონომიის ოფიციალურ ხელისუფალთა თავდაცვაზე გადასვლა სულ უფრო ნათლად აჩვენებს იმას,

რომ კონფლიქტი თბილისთან დასასრულს უახლოვდება: ფეოდალური წარმონაქმნი, ფაქტობრივად, იზოლირებული აღმოჩნდა."
გაზეთი არ გამორიცხავს, რომ "ბათუმში აპირებენ, ძალისმიერი წინააღმდეგობა გაუწიონ ცენტრალურ ხელისუფლებას."
ამასთან, "როსიისკიე ვესტი" მიიჩნევს:

"იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი მშვიდობიანი სცენარით განვითარდა, ბათუმი შეძლებს გარკვეული უფლებების შენარჩუნებას, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება, ამ ანკლავად ქცეულმა საქართველოს ავტონომიამ უარი თქვას აშკარა ფეოდალურ ტრადიციებზე. ნებისმიერმა ძალისმიერმა აქციამ კი, ვისი მხრიდანაც უნდა განხორციელდეს ის, შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს საქართველოს სიტუაციაზე, მთლიანობაში, და მის საერთაშორისო პოზიციებზე."

23 აპრილის გაზეთ "კრასნაია ზვეზდას" ინტერვიუში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, გიორგი ხაინდრავა, აჭარის ხელისუფლებასთან წარმოქმნილ კონფლიქტზეც საუბრობს.
იგი ამბობს:

"ბათუმში ძალაუფლების უზურპირება მოახდინა ოჯახურმა კლანმა, რომელიც დანაშაულებრივი მეთოდებითა და ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროების ხარჯზე გამდიდრდა. არავინ აპირებს აჭარისთვის ავტონომიის უფლების ჩამორთმევას, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ჩამოვართმევთ ადგილობრივ ხელისუფლებას თვითნებობის, უკანონობისა და ტირანიის უფლებას... ასლან აბაშიძე დანის პირზე დადის. მისი მოქმედებები ახლოსაა სახელმწიფოს ღალატთან."

21 აპრილის გაზეთ "გუდოკის" ინტერვიუში გადმოცემულია აჭარის ავტონომიის მეთაურის თვალსაზრისი რუსეთთან ურთიერთობის თაობაზე. ასლან აბაშიძე ამბობს:

"მე მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველო სუვერენული უნდა იყოს, მაგრამ მის სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი უნდა რჩებოდეს. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით და განვაგრძობთ ერთად ცხოვრებას...ჩვენკენ იაპონელები ისწრაფვიან, უკვე რამდენიმე წელია. ბათუმში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის აშენება სურთ. თბილისი წინააღმდეგია. მაგრამ ეს ხომ ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციაა...
დღეს აქ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ბევრი ქვეყნის ინტერესია კონცენტრირებული. მაგრამ ჩვენ აჭარაში რუსეთთან თანამშრომლობა გვსურს. საქართველოში კი სწორედ ამას უწოდებენ სეპარატიზმს."

27 აპრილის გაზეთი "იზვესტია" ბეჭდავს ინტერვიუს რუსეთში საქართველოს ელჩ კონსტანტინე კემულარიასთან. იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს აჭარის ავტონომიის მეთაურის პოსტის გაუქმებას, აგრეთვე, სხვადასხვა კანონპროექტების მიღებას, ელჩი ამბობს:

"აჭარის რესპუბლიკის მეთაურის პოსტი საქართველოს კონსტიტუციაში არ არის - ის ნახსენებია მხოლოდ თვით აჭარის კონსტიტუციაში, რომელიც, აბაშიძის გარდა, არავის უნახავს. იმისათვის, რომ ეს არცთუ ადეკვატური გადაწყვეტილებები საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს, ქვეყნის პრეზიდენტს მათი გაუქმებისა და არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს. ავტონომიის კონსტიტუცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას...
ავტონომიას არაფერი ემუქრება. რეგიონს საკმარისი უფლებამოსილებები ექნება, მაგრამ საზღვრის, შეიარაღებული ძალების, პორტისა და საბაჟოს საკითხებს ცენტრი უნდა წყვეტდეს."
XS
SM
MD
LG