Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური ხელისუფლება არ გამორიცხავს აჭარაში პოლიციური სპეცოპერაციის ჩატარებას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე არ გამორიცხავს აჭარაში პოლიციური სპეცოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას. ზუგდიდში მყოფმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა,

რომ, მართალია, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ბათუმში არსებული ვითარების უსისხლოდ მოსაგვარებლად, მაგრამ აქვს იმის ძალაც, რომ იქ პოლიციური სპეცოპერაცია ჩაატაროს. რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს ბათუმში პოლიციური სპეცოპერაციის ჩატარების მცდელობა?

ფოთში საქართველოს შეიარაღებული ძალების თავმოყრის პარალელურად, ზუგდიდში მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე აჭარაში პოლიციური სპეცოპერაციის ჩატარების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი ფიქრობს, რომ დღეს აჭარაში პოლიციური სპეცოპერაციის დაწყება იქ სამხედრო მოქმედებების დაწყებას უდრის:
[ ირაკლი ბათიაშვილის ხმა] " აჭარაში პოლიციური სპეცოპერაცია არის ილუზია. სპეცოპერაციას თუ აპირებს ეს ხელისუფლება, ეს ყველა შემთხვევაში იქნება სამხედრო ოპერაცია. მე მგონი, ეს ყველას კარგად გვესმის - აბსურდია იქ ისეთი პოლიციური ოპერაციის ჩატარება მხოლოდ გულუას დანიშნულების სპეცდანაყოფით ან შინაგანი ჯარის ნაწილებით."
ირაკლი ბათიაშვილის აზრით, საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ძალის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ
ამოიწურა მოლაპარაკების შესაძლებლობა:
[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] " მაგალითად, აფხაზეთში უფრო გამოსაყენებელია ძალა, თუმცა ჩვენი სახელმწიფო წლების განმავლობაში ერიდებოდა და კვლავაც ერიდება ამას მთელი რიგი მიზეზების გამო. აჭარაში კი მეტი პოტენციალია დიალოგისთვის."
და მაინც, დავუშვათ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი და წამოვიდგინოთ, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ აჭარაში შეიარაღებული ძალების შეყვანა გადაწყვიტა. ვინ და როგორ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას? - თებერვალში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, გადაწყვეტილებას სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ იღებს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად - ცვლილებებამდე პარლამენტის თანხმობის გარეშე დაუშვებელი იყო სამხედრო ძალის გამოყენება საგანგებო მდგომარეობის დროს. ყოფილი პარლამენტარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, ცვლილებების შეტანის მიუხედავად, კონსტიტუციის ეს მუხლი საკმაოდ ბუნდოვანია:
[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "დავუშვათ, პრეზიდენტი 48-ე საათის ბოლოს გაუგზავნის. ამის შემდეგ პარლამენტი უნდა შეიკრიბოს და დაიწყოს მსჯელობა ამ საკითხზე. მერე, არ წერია, რა ხდება. ორი ვარიანტი შეიძლება იყოს - შეიძლება დადგეს კენჭისყრაზე და პარლამენტმა არ დაამტკიცოს. ლოგიკურად იგულისხმება, რომ უნდა შეწყდეს ძალის გამოყენება. მაგრამ ასეთი რამ, ჯობია, რომ პირდაპირ ეწეროს. თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა, უნდა შეწყვიტო ძალის გამოყენება, მაგრამ პარლამენტში ყოველთვის არსებობს პროცედურული ხრიკები, რომ გააჭიანურო გადაწყვეტილებების კენჭისყრაზე დაყენება. ანუ იმსჯელო 4-5 დღე. თუ კენჭისყრამდე საქმე არ მივიდა, ის მოქმედება გრძელდება."(სტილი დაცულია)
დაბოლოს, 28 აპრილს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ერთხმად გამოთქვა შეშფოთება აჭარის ირგვლივ ვითარების დაძაბვასთან დაკავშირებით. რუსეთის სათათბირო იმედს გამოთქვამს, რომ ქართული მხარე არ დაუშვებს აჭარაში ძალოვან მოქმედებებს და მდგომარეობას პოლიტიკური მოლაპარაკებით განმუხტავს.
XS
SM
MD
LG