Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში საქართველოს პრესამ არაერთ საჭირბოროტო საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მთავარი


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასულ კვირაში საქართველოს პრესამ არაერთ საჭირბოროტო საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მთავარი აქცენტი აჭარის კრიზისზე გაკეთდა.

პრესაში აგრეთვე გაშუქდა სამართალწარმოებისა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკა.


თავდაპირველად აჭარის კრიზისის თემაზე გესაუბრებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას აშშ-ში ვიზიტთან დკავშირებით, 28 აპრილის "მთავარი გაზეთი" წერს:

"მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელსა და პრეზიდენტ ბუშის მრჩეველ კონდოლიზა რაისს ზურაბ ჟვანია აჭარაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა, პრემიერი "თავის ტკივილის" უებარ წამალს ხელისუფლებას, ალბათ, ვერც ამერიკიდან ჩამოუტანს. თუმცა, შესაძლოა, ვაშინგტონის მიერ "გამოწერილი რეცეპტი" საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდეს.

ოფიციალურად აშშ აჭარის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის ჩატარებას მხარს არ უჭერს და ხელისუფლებას მოლაპარაკების გზით "პრობლემის მოგვარებას ურჩევს".

გაზეთის თქმით, "მართალია, ოფიციალურად ვაშინგტონი ევროსაბჭოს პოზიციას იზიარებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, აბაშიძის ფაქტორის გასანეიტრალებლად ამერიკამ უფრო აქტიურ ღონისძიებებს მიმართოს, ვიდრე ევროპამ."

"მთავარი გაზეთის" კიდევ ერთ წერილში ვკითხულობთ:

"...მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ წრეებში არავინ დავობს აბაშიძის რეჟიმის ანაქრონიზმისა და მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ცენტრალურ ხელისუფლებას აბაშიძის გზიდან ჩამოსაშორებლად მაინც ორი სცენარი აქვს გამზადებული. პირველი სცენარის მიხედვით, აჭარაში მინი-რევოლუცია უნდა მოხდეს. ეს შედარებით პაციფისტური სცენარია და, მის თანახმად, ხელშეუხებლობის გარანტიის საფასურად, აბაშიძემ პოლიტიკა და საქართველო ნებით უნდა დატოვოს.
საქართველოს ხელისუფლებას, რევოლუციის მოწყობის გარდა, მეორე სცენარიც აქვს მომზადებული და სპეცოპერაციისთვის გამალებული მზადება მიმდინარეობს. უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს პარტნიორმა ამერიკელებმა ამ გზას ერთგვარი მწვანე შუქი აუნთეს - ამერიკელები თანახმანი არიან, რომ "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით" მომზადებული ბატალიონები საქართველოს ხელისუფლებამ, საჭიროებისამებრ, ნებისმიერ რეგიონში გამოიყენოს."

29-30 აპრილის გაზეთ "ალიას" თქმით, "აჭარა შეიარაღებული დაპირისპირების მოლოდინშია: ეს ყველაზე მეტად ჩოლოქზე იგრძნობა. ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი უმკაცრესად კონტროლდება. იქვე თავმოყრილია მძიმე ტექნიკა და ნიღბიანი შეიარაღებული პირები."

გაზეთი წერს: "სპეცოპერაციის მოლოდინში აჭარის ხელისუფლებამ ჩოლოქზე საკმაოდ სერიოზული შეიარაღება განათავსა. საზენიტო დანადგარებია განთავსებული ქობულეთის რაიონის სოფლებში - ქაქუთში, ლეღვაში და ციხისძირში. ასეთივე იარაღია მტირალას მთაზეც - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოიერიშე თვითმფრინავების მოსაგერიებლად.

შედარებითი სიმშვიდეა ბათუმში. მოსახლეობა უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ საგანგებო მდგომარების და კომენდანტის საათის გამოცხადების უფლება აბაშიძეს არ ჰქონდა და ეს სააკაშვილის პრეროგატივაა. ბათუმელთა უმრავლესობამ არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს საგანგებო მდგომარების დროს. აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხებზე კომენტარსა და განცხადებებს არც ჟურნალისტებისთვის აკეთებს და არც მოსახლეობისთვის."

ახლა კი სამართალწარმოებისა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკის საკითხებს შევეხებით.

როგორც 27 აპრილის გაზეთი "ხვალინდელი დღე" წერს, "გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სიძემ, გადასახადების გადაუხდელობისთვის დაკავებულმა გია ჯოხთაბერიძემ, თავისუფლების სანაცვლოდ 15,5 მილიონი დოლარი გადაიხადა. ეს თანხა გენერალური პროკურატურის დეპოზიტურ ანგარიშზე მანანა შევარდნაძის პირადი საბანკო ანგარიშიდან ჩაირიცხა."

ამ ფაქტთან დაკავშირებით გელა ნიკოლაიშვილმა, ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა არასამთავრობო ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები -ადამიანის უფლებებისთვის", განაცხადა: "სანამ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ბრალი დაუმტკიცებელი და დაუსაბუთებელია...

ეს არის სახელმწიფო რეკეტი, რომელიც შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ქონების დაუსაბუთებლად ჩამორთმევა...

პროკურატურა მოქმედებს პრინციპით - გადაიხადე ფული და იყიდე თავისუფლება. ეს ძალიან საშიშ ფორმებს იღებს და სამართალწარმოებასთან საერთო არაფერი აქვს."

30 აპრილის პრესა გვამცნობს, რომ უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი, უშიშროების გენერალ-მაიორი ლევან კენჭაძე გენერალურ პოკურატურაში მიყვანისა და ბრალის წაყენების შემდეგ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს.

გაზეთ "24 საათის" ინფორმაციით: "თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ გენერალს გენერალური პროკურატურა უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში დიდი რაოდენობით იარაღის ჩამოწერაში, პანკისის ხეობაში გატანასა და ჩეჩენი მებრძოლებისთვის მიყიდვაში ადანაშაულებს.

უშიშროების სამინისტროს სპეციარაღის უკანონოდ გაყიდვის თაობაზე საქმე სამხედრო პროკურატურაში რამდენიმე წლის წინ აღიძრა. არაოფიციალურად ლევან კენჭაძე წლების წინ დაადანაშაულეს და მისი კარიერაც სწორედ ამ ბრალდებებმა იმსხვერპლა. თუმცა მისი პასუხისმგებლობის საკითხი ოფიციალურად მაშინ არ დამდგარა. გარდა იარაღით ვაჭრობისა, ლევან კენჭაძის შესახებ გენერალურ პროკურატურას სხვა სერიოზული მასალებიც მოეპოვება."

28 აპრილის "დილის გაზეთის" ცნობით, "საქართველომ ღარიბ ქვეყანათა სიაში "ვეტერანის" სტატუსი დაიმსახურა. მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული გამოკვლევებით, საქართველო და აზერბაიჯანი მსოფლიოს იმ 64 ქვეყნის სიაში მოხვდნენ, რომლებიც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი შემოსავლებით გამოირჩევიან. ამ კატეგორიის ქვეყნებს მიეკუთვნებიან: მოლდოვა, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი."

გაზეთი წერს: "მსოფლიო ბანკის ექსპერტების გათვლებით, ამ ქვეყნების სიღარიბის ძირითადი მიზეზი სოციალური, ჯანდაცვისა და განათლების სფეროების არასაკმარისი დაფინანსებაა. ქვეყანაში შექმნილ ფინანსურ პრობლემებს კი სამხედრო სფეროსთვის გაწეულ დიდ დანახარჯებს უკავშირებენ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნები ამ მიზნით სახელმწიფო დანახარჯების მხოლოდ 11 პროცენტს ხარჯავენ, მაშინ, როცა განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 13 პროცენტს აღწევს. შესაბამისად, უცხოელი ექსპერტები საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნებს საკმაოდ მძიმე მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მათივე პროგნოზით, 2015 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 1,5 მილიონით შემცირდება."

28 აპრილის გაზეთ "ტრიბუნის" პუბლიკაცია ეძღვნება საკითხს, რომელიც უკლებლივ ყველა თბილისელისთვის მეტად აქტუალურია.

გაზეთის ცნობით: "არასამთავრობო ორგანიზაციები "თბილწყალკანალის" გასხვისების წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, სანამ ფრანგულ მხარესთან კონტრაქტი გაფორმდება, ხელისუფლება კარგად დაფიქრდეს, რათა იმავე სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ, როგორშიც "ეი-ი-ეს თელასმა" ჩაგვაგდოო.

თბილისის წყალმომარაგებისა და "თბილწყალკანალის" გასხვისება უკვე გადაწყვეტილია. ხელშეკრულების მომზადება, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, 25 მილიონი დოლარის ინვესტიციასაც ითვალისწინებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ვაკის გონებრივი განვითარების" ერთ-ერთი ლიდერის, ლეილა გაფრინდაშვილის, აზრით, "ხელისუფლება ხალხის მოტყუებას ცდილობს".

"ტრიბუნას" მან განუცხადა: "პირადად მე მოსახლეობის სახელით გელაპარაკებით. ხალხს არ სურს, რომ წყალი გაიყიდოს. საქართველოშიც არიან წყლის მწარმოებელი კომპანიები. ისინი "თეთრ" ბიზნესს აწარმოებენ და საკმაოდ ხარისხიან პროდუქციას უშვებენ... აი, თუნდაც, მამუკა ხაზარაძე. შემოვიდეს ქართული მხარე და მართოს "თბილწყალკანალი". წარმოიდგინეთ, ფრანგები ადგილობრივ კადრებს 100 დოლარს გადაუხდიან, ხოლო საფრანგეთიდან ჩამოყვანილ ადამიანებს 50-60 ათას დოლარს."
XS
SM
MD
LG