Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი შეშფოთებულია აჭარაში რუსეთის სამხედრო მოსამსახურის დაკავებით


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 12 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთებაა გამოთქმული აჭარაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. "ჩვენამდე მოსული ცნობებით,

აჭარაში დაიწყო ცენტრალური ხელისუფლებისადმი არალოიალურობაში შემჩნეულ პირთა დაკავება, რაც ეწინააღმდეგება ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაერთგზის გაკეთებულ განცხადებებს, რომლის თანახმადაც, აჭარაში რეპრესიები გამოირიცხებოდა" - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს აჭარაში რუსეთის სამხედრო მოსამსახურის დაკავებასა და იქ "არაკეთილსაიმედო ელემენტების" კუთვნილი ქონების კონფისკაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.



ალბათ, ლოგიკური იქნება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ორი მომენტის ერთმანეთისგან გამოყოფა - პირველი: რუსეთის ხელისუფლებას აშფოთებს აჭარის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკავების ფაქტები და, მეორე: რუსეთის ხელისუფლება ღელავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი საკუთარი მოქალაქეებისა და მათი კუთვნილი ქონების ბედის გამო.
რაც შეეხება აჭარის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა სისხლის სამართლებრივ დევნას - ბუნებრივია, თუ ამის საფუძველი არსებობს, საქართველოს ხელისუფლებას არავითარი მორალური უფლება არა აქვს, არ გამოიძიოს მათი საქმეები. სხვა საკითხია, რომ ყოველი ასეთი კონკრეტული საქმის გამოძიებისას მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული უდანაშაულობის პრეზუმფცია და კანონის მოთხოვნები. რუსეთის ხელისუფლებისთვის შემაშფოთებელ მეორე საკითხთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების პასუხი ოპერატიული აღმოჩნდა: პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რუს ბიზნესმენებს, მათ შორის, ასლან აბაშიძის პირად მეგობრებსაც, ასაღელვებელი არაფერი აქვთ - აჭარაში ჩადებულ ინვესტიციებს არაფერი ემუქრებათ. მეტიც - ცენტრალური ხელისუფლება დაინტერესებულია, გაიზარდოს აჭარის ტურისტული ბიზნესის ინვესტირება. შესაბამისად, მაგალითად, უმაღლესი ხარისხის იახტ-კლუბის მფლობელ რუს ბიზნესმენებს ქონების კონფისკაცია არ ელით.
სხვა საკითხია, რომ რუსეთ-საქართველოს, თითქოსდა, დამთბარ ურთიერთობას კვლავ გარკვეულად ართულებს ჩეჩნეთის ფაქტორი. რუსეთი ისევ ალაპარაკდა, თითქოსდა, პანკისის ხეობაში თავშეფარებულ ჩეჩენ ტერორისტებთან ბრძოლის აუცილებლობის შესახებ. კავკასიური სახლის თანამშრომელი მექა ხანგოშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ პანკისში იმყოფებოდა, ამბობს, რომ იქ მყოფი ჩეჩენი ლტოლვილები ასეთი განცხადებებით საკმაოდ შეშფოთებულნი არიან:
[ მექა ხანგოშვილის ხმა] " ორშაბათს ვიყავით პანკისის ხეობაში და იქ ლტოლვილებმა გვითხრეს, რომ უკვე დაიდო ხელშეკრულება. სიმართლე გითხრათ, მე გამიკვირდა კიდეც, რადგან ოფიციალური დოკუმენტი ამის შესახებ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ლტოლვილები გვარწმუნებენ, რომ მათი ინფორმაციით, ხელშეკრულება ჩეჩნეთის საზღვრის ერთობლივი პატრულირების შესახებ უკვე გაფორმდა."
ხელშეკრულება რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთ- ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთების ერთობლივი პატრულირების შესახებ ამ ორიოდე კვირის წინ გაფორმდა, თბილისში რუსეთის ფედერალური სამსახურის უფროსის ვლადიმირ პრონიჩევის ვიზიტის დროს. როგორც ჩანს, ქართული მხარე ამ ხელშეკრულებას ძალიან სერიოზულად უდგება. 12 მაისს უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ თბილისმა ოთხშაბათს გარანტია მისცა რუსულ მხარეს, რომ პანკისის ხეობის პრობლემა მომავალში აღარ დადგება ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში.
XS
SM
MD
LG