Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოულოდნელი ვიზიტი თბილისში


დავით პაიჭაძე, თბილისი 17 მაისს, ნაშუადღევს, ცნობილი გახდა, რომ თბილისში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი ჩამოდიოდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს,

რომ ივანოვის ვიზიტი დაუგეგმავია და, ამდენად, არაფერია ცნობილი განსახილველი საკითხების შესახებ. ვიზიტის ინიციატორი თვითონ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი გახლდათ. თბილისის დროით დღის სამ საათზე ის უკვე საქართველოში იყო და აპირებდა შეხვედროდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. იგორ ივანოვის ვიზიტი ხანმოკლე იყო: მან ორშაბათ საღამოსვე დატოვა საქართველო. მაინც, რისთვის ჩამოვიდა უშიშროების საბჭოს მდივანი თბილისში? მე შევეცადე რაიმე შემეტყო ამ ნახევრად გასაიდუმლოებული სტუმრობის შესახებ.

იგორ ივანოვის ვიზიტი, ჩანს, მართლაც, მოულოდნელი იყო საქართველოს უმაღლესი რანგის მოხელეებისთვისაც კი: უშიშროების საბჭოს მდივნის ჩამოსვლამდე ორიოდე საათით ადრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გია ბარამიძემ მხოლოდ ის თქვა, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სტუმართან აქტუალურ საკითხებზე ილაპარაკებდნენ. ვიზიტის პირველ საათებში საქართველოს ხელისუფლება საოცარ ერთსულოვნებას ამჟავნებდა: არც ერთი წყაროდან ერთი ნართაულიც კი არ გამოსულა ივანოვის ვიზიტის შინაარსის შესახებ. ამჯერად ცხადი იყო, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოში არ ჩასულა, ვითარცა პოლიტიკური სიკვდილის ანგელოსი. ძალიან საეჭვოა, ივანოვის ვიზიტი უკავშირდებოდეს 11 დღის წინ მის მიერ საქართველოდან წაყვანილ ასლან აბაშიძეს, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელმა განაცხადა, პოლიტიკოსები პოლიტიკიდან არ მიდიანო.

საგულისხმოა, რომ იგორ ივანოვი საქართველოში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც მოსკოვში დაასრულა შეხვედრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ქამალ ხარაზისთან. ამ შეხვედრის კომენტარები ასევე ბევრი არაფრის მთქმელი იყო: ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთი და ირანი ერთ დიდ რეგიონში ცხოვრობენ და მუდმივ კონსულტაციებს საჭიროებენ, რომ რუსეთსა და ირანს შეუძლიათ, დიდი როლი შეასრულონ სტაბილურობის განვითარებაში. თავის მხრივ, იგორ ივანოვმაც აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგით.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომლის განსახილველად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა, ორი ქვეყნის თანამშრომლობაა ატომური ენერგეტიკის სფეროში. რუსეთი ეხმარება ირანს ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომლის პირველი ბლოკი უკვე 2005 წელს ამუშავდება. 12 მაისს რუსეთის ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე რუმიანცევი და ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ასოდოლა საბური განიხილავდნენ ბუშერის ატომური სადგურის მეორე ბლოკის აშენების შესაძლებლობას. ასეთი პერსპექტივის მიუხედავად, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რა გზით მიაწვდის რუსეთი ბირთვულ საწვავს ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს. ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ საწვავი სადგურს მიეწოდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ირანი ხელს მოაწერს ოქმს გამოყენებული საწვავის რუსეთში გადასამუშავებლად და შესანახად დაბრუნების შესახებ. ოქმის ხელმოწერა რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ უახლოეს ხანში ეს საკითხი, შესაძლოა, დადებითად გადაწყდეს.

ასეთ ფონზე საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. არ არის გამორიცხული, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი თბილისში სწორედ ამ საკითხის გასარკვევად ჩავიდა: თუ აფხაზეთის მონაკვეთზე სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა და საქართველოს ხელისუფლებაც დათანხმდა, საქართველოს ტერიტორიაზე მატარებლები ხშირად ჩაატარებენ მოსახმარი და მოხმარებული ატომური საწვავით დატვირთულ ცისტერნებს. თუ ივანოვი, მართლაც, ამ პერსპექტივის განსახილველად ესტუმრა თბილისს, ქართული მხარის დამოკიდებულება გამოაჩენს, რამდენად მზად არის თბილისი, გაითვალისწინოს რუსეთის ეკონომიკური, სამხედრო თუ გეოპოლიტიკური ინტერესები, ბოლოდროინდელ მოვლენებში ჩრდილოელი მეზობლის სასიკეთო ჩაურევლობის სანაცვლოდ. ყველაფერთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ ირანისთვის ატომური საწვავის მიწოდებას ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატები. აღარაფერს ვამბობთ ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ წარმომავლობაზე: ზურაბ ჟვანია ერთ დროს ხომ მწვანეთა მოძრაობის ლიდერი იყო საქართველოში.
XS
SM
MD
LG