Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესამ აჭარის მოვლენების შემდეგ მთავარი ყურადღება აფხაზეთისა და ცხინვალის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის პრესამ აჭარის მოვლენების შემდეგ მთავარი ყურადღება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებზე გადაიტანა. წერილებში განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული

კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით.გაგაცნობთ ორიოდე პუბლიკაციას.

14 მაისის "როდნაია გაზეტას" თქმით, "თბილისი, რასაკვირველია, ზეიმობს და აცხადებს, რომ მზადაა სოხუმსა და ცხინვალზე თავისი კონტროლი აღადგინოს." მაგრამ, როგორც გაზეთი აღნიშნავს, "ანალიტიკოსთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ამ პრობლემების გადაჭრა "ვარდების რევოლუციის სცენარით" მეტად სათუოა."
გაზეთი წერს:

"თბილისის მიერ ძალისმიერი მეთოდების გამოყენების შემთხვევაში კავკასიაში უცილობლად გაჩნდება შეიარაღებული კონფრონტაციის ახალი კერები და, შესაძლოა, მაშინ მთელი კავკასია ცეცხლის ალში გაეხვიოს. დღეს, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ფაქტობრივად, არც მოსკოვს და არც დასავლეთს არ ძალუძს კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ისეთი ვაქცინა შესთავაზოს, რომელსაც შეეძლებოდა მათი განკურნება საუკუნოვანი და ჯერ კიდევ მთვლემარე ლოკალური ტერიტორიული და ეთნიკური კონფლიქტებისაგან."

13 მაისის გაზეთ "როსიას" აზრით, "აჭარის ესოდენ სწრაფი დანებება მეტყველებს არა იმდენად თბილისის ძალაზე, რამდენადაც აბაშიძის სისუსტეზე: ის ზედმეტად დარწმუნებული იყო თავის თავში და მოუმზადებელი აღმოჩნდა როგორც პოლიტიკური დიალოგისთვის, ისე საბრძოლო მოქმედებათა საწარმოებლად."
გაზეთის თქმით,

"ამიტომ, როცა საქართველო შეუდგება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს სახელმწიფოებრიობის წიაღში დაბრუნებას (არადა, ადრე თუ გვიან, დამოუკიდებლად თუ ნატოს შემწეობით, ეს მაინც მოხდება), მას არანაირი ილუზიები არ უნდა ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით."

გაზეთის განმარტებით, ორივე ტერიტორიაზე ვითარება აჭარისგან განსხვავებულია. მაგალითად, თუ აჭარაში მოსახლეობის უმრავლესობა ქართველებია, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის უმრავლესობას აფხაზები და ოსები წარმოადგენენ. "მათ კი სააკაშვილის მხარდაჭერის საერთოდ არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ", - მიიჩნევს "როსია".
დაბოლოს, გაზეთი წერს, რომ "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის ნახევარზე მეტს რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული, თვით რესპუბლიკებს კი რუსეთთან საერთო საზღვარი აქვთ."


18 მაისის გაზეთ "იზვესტიას" თქმით, "სააკაშვილის ოპონენტები დაუღალავად იმეორებენ, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტების გასაღები მოსკოვში დევს. ქართველი ექსპერტების აზრით, სააკაშვილისთვის ძალთა საუკეთესო განლაგებისა და რუსეთის ნეიტრალიტეტის შენარჩუნების პირობებში "ქართული მიწების შეკრების" პროცესი ერთიდან სამ წლამდე გაგრძელდება."
გაზეთი წერს:

"ამ ფონზე თითქოსდა არც უნდა არსებობდეს მოთხოვნილება "ვარდების რევოლუციის" მორიგ აქტზე. მაგრამ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სერიოზულ პრობლემებს. მაგალითად, აფხაზეთში დღეს დაახლოებით 170-180 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის, აფხაზები 50 ათასზე ოდნავ მეტნი არიან. დაახლოებით ამდენივე ქართველი დაბრუნდა გალის რაიონში. ამბოხებული რესპუბლიკის დანარჩენი მცხოვრებლები სომხები და რუსები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან. კიდევ უფრო იოლია "ვარდების სურნელის" გავრცელება სამხრეთ ოსეთში, სადაც მოსახლეობა ნაკლებია, ქართული ანკლავები კი - უფრო მეტი."
XS
SM
MD
LG