Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პირობები სჭირდება ქართულ-აფხაზური დიალოგის განახლებას


დავით პაიჭაძე, თბილისი 26 მაისს აფხაზეთისთვის საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სამეგობროდ გაწვდილ ხელს ამ კუთხიდან უკვე გამოეხმაურნენ. აფხაზეთის de facto ხელისუფლების ოფიციალურ

პირთა რეაქცია ჩვეული იყო: მათ განაცხადეს, რომ ვერ წარმოუდგენიათ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა. ჩვენმა მსმენელებმა, შესაძლოა, იციან, რომ უკვე არსებობს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა მოწესრიგების სამუშაო პროექტი, რომელიც აფხაზეთის სამართლებრივ-პოლიტიკური სტატუსს სწორედ საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში განიხილავს. თუმცა, როგორც ამ ტექსტის ერთ-ერთმა ავტორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ივლიანე ხაინდრავამ მითხრა, გადაწყვეტილება ამ დოკუმენტის გამომზეურების შესახებ ჯერ მიღებული არ არის.

ასეთი გადაწყვეტილება არ არსებობს იმიტომაც, რომ სამუშაო პროექტი არ ქცეულა სახელმძღვანელო დოკუმენტად საქართველოს ხელისუფლებისათვის. თუმცა ივლიანე ხაინდრავა აღნიშნავს, რომ "საქართველოს ხელისუფლებიდან მოდის რაღაც კეთილგანწყობის სიგნალები."

საქართველოს ხელისუფლება ხსენებული პროექტით რომც აღიჭურვოს, გასარკვევი რჩება, შეარბილებენ თუ არა აფხაზები თავიანთ კატეგორიულ პოზიციას. ივლიანე ხაინდრავას ერთი ვარაუდი აქვს:

[ხაინდრავას ხმა] "თუ პრეზიდენტის გეგმა, საქართველოს ეკონომიკის აღორძინების თვალსაზრისით, განხორციელდება და უახლოეს პერიოდში ამის თვალნათელი ნიშნები გამოჩნდება, მე ვფიქრობ, რომ აფხაზური საზოგადოების კონსოლიდირებულ უარყოფით მიდგომას თუ განწყობას ბზარი გაუჩნდება."

რამდენად შეუწყობს ხელს ქართულ-აფხაზური ურთიერთობისათვის ახალი იმპულსებისა თუ შინაარსის მინიჭებას არძინბას წასვლა ხელისუფლების სათავიდან? ივლიანე ხაინდრავა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში აღარ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში სამხედრო კონფლიქტთან იყვნენ დაკავშირებული.
[ხაიდრავას ხმა] "ცხადია, სასურველია, აფხაზეთის მეთაურიც არ იყოს ის ადამიანი, რომელსაც ასევე უშუალოდ უკავშირდება საომარი მდგომარეობა. ასეთი ტიპის ცვლილება, მე ვფიქრობ, კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს იმ ფონზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში რომ არსებობს."

აქ საქმეს ერთი გარემოება ართულებს: ივლიანე ხაინდრავას აზრით, საქართველოს მხრიდან კონფლიქტში ჩართული იყო მოსახლეობის მაქსიმუმ 10%, როცა აფხაზური მხრიდან, არსებითად, მთელი მოსახლეობა მონაწილეობდა. ამდენად, სასურველია, აფხაზეთის სათავეში აღმოჩნდეს ქართველებთან ომის გამოცდილებით ნაკლებად დამძიმებული კაცი, ამასთან,

[ხაინდრავას ხმა] "აფხაზეთის პატრიოტი, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება. ამის ალბათობა მაღალი არ უნდა იყოს, მაგრამ, თუ დარჩენილ პერიოდში (ლაპარაკია სულ რამდენიმე თვეზე) საკუთრივ საქართველოში პოზიტიური პროცესები კიდევ უფრო თვალნათელი გახდება, ამან ირიბად შეიძლება ხელი შეუწყოს აფხაზეთში შესაბამისი ფრთის გაძლიერებას."

ივლიანე ხაინდრავამ, მართალია, თავი აარიდა შემუშავებული პროექტის კონკრეტულ წინადადებებზე ლაპარაკს, მაგრამ ისიც თქვა, რომ უახლოეს მომავალში ავტორთა ჯგუფი შეიკრიბება და პრეზიდენტის მიერ 26 მაისს გაკეთებულ განცხადებას შეუფარდებს სამოქმედო ტაქტიკას. ასე რომ, არაა გამორიცხული, დოკუმენტმა დღის სინათლე იხილოს. ივლიანე ხაინდრავას აზრით, პროექტს მოწინააღმეგეც ბევრი ეყოლება.
XS
SM
MD
LG