Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები დროებით წყვეტს მეამბოხეებზე იერიშს ნაჯაფში


ერაყში ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების კოალიციამ ხუთშაბათს შეაჩერა იერიში ნაჯაფში რადიკალი შიიტი სასულიერო პირის მოყტადა ალ-სადრის წინააღმდეგ მას შემდეგ,

რაც ალ-სადრი გარკვეულ დათმობებზე წასვლას დათანხმდა. ალ-სადრმა წერილობით განაცხადა, რომ თანახმაა, ნაწილობრივ გაიყვანოს თავისი ჯარები წმინდა ქალაქიდან და დაცალოს სამთავრობო შენობები. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან ალ-სადრს მაინც მოუწევს სრულად პასუხისგება მისთვის წაყენებული ბრალდებებისთვის.

ალ-სადრის თანხმობა მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება იქნეს ასეთად მიჩნეული. აქამდე შეერთებული შტატების ჯარების მეთაურები აცხადებდნენ, რომ იმისთვის, რათა საომარი მოქმედებები შეწყვიტონ, აუცილებელია, ალ-სადრმა განაიარაღოს "მაჰდის არმიად" წოდებული თავისი ჯარი და ჩაბარდეს ერაყის სასამართლოს, რომელიც მკვლელობის ბრალდებას უყენებს მას.

მაგრამ ამჯერად ამერიკელებმა უფრო პრაგმატული მიდგომა ამჯობინეს და უკვე მეორედ დაიხიეს უკან ადრე წაყენებული ულტიმატუმიდან.

[სენორის ხმა] "ამ ვალდებულებების წარმატებით შესრულება ნაჯაფის პროვინციის მაცხოვრებლებს, რომლებიც ტერორიზებული იყვნენ მოყტადას რაზმების მიერ, საშუალებას მისცემს განაახლონ ნორმალური ცხოვრება. ამავე დროს ეს შესაძლებელს გახდის, განახლდეს იმამ ალის აკლდამაში მომლოცველობა და საფრთხეს მოუხსნიდა ამ აკლდამას."

ეს გახლდათ კოალიციის პრესმდივანი დენიელ სენორი. აქვე მან დასძინა, რომ კოალიციის ჯარები იტოვებენ თავდაცვის უფლებას.

ხუთშაბათს მოყტადა ალ-სადრის საზავო წინადადებას მთელი რიგი ინციდენტები უძღოდა წინ. მათგან ყველაზე უფრო დრამატული გამოდგა შეერთებული შტატების მიერ დანიშნული მმართველი საბჭოს წევრზე, სალამა ხუფაჯიზე თავდასხმა. როცა სამი ავტომანქანისგან შემდგარ მის კოლონას დაესხნენ თავს, ქალბატონი ხუფაჯი ბაღდადიდან ნაჯაფში მიემართებოდა იქ მიმდინარე ბრძოლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მოსაწყობად. თავად ხუფაჯი გადარჩა, მაგრამ დაიღუპა მისი თანმხლები ოთხი პირი, მათ შორის მისი ვაჟი.

ვაშინგტონიდან კი იტყობინებიან, რომ სამი ამერიკელი საზღვაო მედესანტის დაღუპვის შემდეგ ერაყში დაღუპულ ამერიკელ სამხედროთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა. ასეთი სტატისტიკა, ცხადია, შეერთებულ შტატებში დაბლა სცემს მთავრობის კურსის მომხრეთა რიცხვს. ეს არის დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯონ კერის საარჩევნო კოზირიც. ამავე დროს, კერის თქმით, იგი არ აპირებს ტერორიზმის წინააღმდეგ ომის შესუსუტებას.

[კერის ხმა] "ჩემის აზრით, ადმინისტრაციის გარდა ყველას ესმის, რომ ერაყში დიდ გასაჭირში ვიმყოფებით. იქ მარცხი დიდად გაახარებდა ჩვენს მტრებს და ეს შორეული პერსპეტივით გამოუთხრიდა ძირს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობასა და დემოკრატიას. საომარ მდგომარეობაში ვიქნებოდით არა მხოლოდ რადიკალურ უმცირესობასთან, არამედ მთელი მუსულმანური სამყაროს სულ უფრო და უფრო დიდ ნაწილთან."

ჯონ კერიმ ეს წარმოთქვა სიეტლში გამოსვლისას, სადაც ეროვნული უსაფრთხოების პლატფორმის შესახებ ისაუბრა.

რაც შეეხება ნაჯაფის შეთანხმებას, თუკი იგი შესრულდება, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ხელისუფლების ერაყელთათვის გადაცემის გზაზე, რაც 30 ივნისს უნდა მოხდეს. შიიტი შუამავლების თქმით, რომელთაც დიდი როლი ითამაშეს ამ გარიგებაში, ერაყის შიიტი მოსახლეობა ძალზე მოწადინებულია, ძალაუფლების გადაცემას არაფერმა შეუშალოს ხელი. მათ პირველად მიეცემათ ერაყის მართვაში აქტიური მონაწილეობის მიღების შანსი მას მერე, რაც ათწლეულების მანძილზე ქვეყანას სუნიტური უმცირესობა ედგა სათავეში. ერაყში საპარლამენტო არჩევნები მომავალი წლის იანვრისთვის არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG