Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


გასული კვირის პრესაში ერაყის თემა დომინირებდა.

თუმცა მხედველობიდან არ გამორჩენიათ არც რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა ფედერალური ასამბლეის წინაშე და ზოგიერთი სხვა საკითხი, რომლებზეც უფრო დაწვრილებით პრესის დღევანდელ მიმოხილვაში გესაუბრებით.

ჯერ გესაუბრებით 24 მაისს შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გამოსვლის შესახებ, რომელსაც განსაკუთრებით ამერიკის პრესაში ჰქონდა დიდი გამოხმაურება. ახლა, როცა ერაყში ვაშინგტონის პოლიტიკა აშკარა კრიზისში იმყოფება, ბუშის საპროგრამო გამოსვლას მრავალ მოლოდინს უკავშირებდნენ. მაგრამ, როგორც "ვაშინგტონ პოსტი" წერდა 25 მაისს, მოლოდინი არ გამართლდა.

"ბუში უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, უფრო პატიოსნად რომ ეღიარებინა, რა შეცდომები იქნა დაშვებული გასული წლის მანძილზე და როგორ შეიძლება მათი გამოსწორება... შეცდომაა მხოლოდ ისლამისტებისა და ბაათისტების ტერორზე ყურადღების გამახვილება, როცა შეერთებულ შტატებს ერაყში ეთნიკური დაპირისპირებებისა და მზარდი ანტიამერიკული ნაციონალიზმის კომპლექსური პრობლემების წინაშე დგომა უწევს".

26 მაისის "ნიუ იორკ ტაიმსში" ამავე საკითზე გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი დევიდ ბრუკსი ეჭქვეშ აყენებს ბუშის პოსტულატს, რომ ერაყის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი რეალური გზაა თვითმმართველობაზე დამყარებული დემოკრატია.

"უდიდესი ავანტიურაა იმის ფიქრი, რომ ქაოსიდან გამოსავალი არის თავისუფლებაში - რაც ამერიკული პოლიტიკური მრწამსის ქვაკუთხედია. ბუშის გამოსვლაში გამოსჭვიოდა აბსოლუტური რწმენა იმისა, რომ ერაყელები გულში დემოკრატები არიან... უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ამერიკელებმა უხეში შეცდომები დაუშვეს და ამ ავანტიურის მარცხის შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არა მხოლოდ შეერთებული შტატების ხელისუფალთა კომპეტენტურობა, არამედ თავად ამერიკის ეროვნული კრედო."

როგორც 28 მაისის "ნიუ იორკ ტაიმსის" სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ, ოთხშაბათს რუსეთის ფედერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას ვლადიმირ პუტინი ჰგავდა ნამდვილ პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც რუსეთს დამაჯერებლად აკონტროლებს. "ფაქტობრივად, ზედმეტადაც აკონტროლებსო", დასძენს გაზეთი და შენიშნავს, რომ იმავე გამოსვლაში, რომელშიც პუტინმა ძლიერი, კომპეტენტური ლიდერის შთაბეჭდილება დატოვა, მან იერიში მიიტანა ადამიანის უფლებების საკითხში რუსეთის კრიტიკოსებზე.

"რუსების მისწრაფება, რაღაც ზომით მაინც ჰქონდეთ უსაფრთხოება, გასაგებია. მაგრამ აუცილებელია განუწყვეტლივ შევახსენოთ პუტინს, რომ ერთმანეთში არ აურიოს საქები მიზანი - რუსების ცხოვრების დონის ამაღლება - და ავტორიტარული, ცენტრალიზებული მმართველობა, რამაც თავის დროზე დაანგრია მათი ცხოვრება."

გასულ კვირაშიც არ დამცხრალა აბუ ღრაიბის ციხის სკანდალი. ამასთან დაკავშირებით აღნიშვნის ღირსია ომის დანაშაულებათა საკითხში შეერთებული შტატების ყოფილი სანგებო წარმომადგენლის, დევიდ შეფერის სტატია, რომელიც "ფაინენშლ ტაიმსმა" გამოაქვეყნა 28 მაისს. ავტორის აზრით, ამ სკანდალში, რომელშიც შეერთებული შტატების სამხედროები არიან გახვეული, კარგ სამსახურს გასწევდა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის გამოცდილება.

"ჰააგის ტრიბუნალმა გვიჩვენა, რომ სიმხეცისთვის, განსაკუთრებით პატიმრების მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია მტკიცებულებების შემოწმება სამეთაურო ჯაჭვში ქვედა დონიდან ზედამდე".

პრესის მიმოხილვას საქართველოს თემით დავასრულებთ. მთელი რიგი გამოცემები გამოეხმაურნენ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის გასაგონად გაკეთებულ განცხადებას. დღეს მხოლოდ ერთით, "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგით" შემოვიფარგლებით. გერმანიის გაზეთი 27 მაისს წერდა:

"ის, რომ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს საქართველოს ფარგლებში საგანგებო სტატუსს სთავაზობს, მხოლოდ არსებული ვითარების აღიარებით არ აიხსნება... სააკაშვილის წინადადება არის გაკვეთილი, რომელიც მან ქართული ნაციონალიზმის მიერ 90-იანი წლების დამდეგს დაშვებული შეცდომებიდან ისწავლა. ამ ნაციონალიზმმა, უმცირესობებს ავტონომია წაართვა და ამით მათ ე.წ. "მფარველ ძალასთან", რუსეთთან ჩახუტებისკენ უბიძგა... სააკაშვილს შეუძლია ეკონომიკური კონტაქტების აღდგენით, უფრო მეტი დამოუკიდებლობის მინიჭებით, დაარწმუნოს რუსეთის საზღვარზე მცხოვრები სეპარატისტები, რომ მათ საქართველო უფრო მეტს სთავაზობს, ვიდრე პუტინის პრეტენზია, წესრიგი დაამყაროს კავკასიაში."
XS
SM
MD
LG