Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო - „სათადარიგო აეროდრომი" თუ პოლიტიკური რევერანსი რუსული კაპიტალისათვის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირის მთავარი თემა, ბუნებრივია, თბილისში მიმდინარე რუსული კაპიტალის კონფერენცია გახლდათ, რომელმაც საქართველოში რუსულ ბიზნესელიტას მოუყარა თავი.



თავისთავად ცხადია, რომ ამ მასშტაბის - მართლაც უპრეცედენტო -ღონისძიების ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა პოლიტიკური ნება და საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების პირადი პატრონაჟი. რუსული ბიზნესდესანტის თბილისური შეკრება პოლიტიკური ჟესტი უფრო გახლავთ, ვიდრე ეკონომიკური კანონზომიერება, რადგან, სამწუხაროდ, ქართული ბიზნესგარემო და ბაზარი, ჯერჯერობით მაინცდამაინც დიდი მიმზიდველობით არ გამოირჩევა.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ რუსული კაპიტალის მიმართ ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსებისა და ფორუმის ინიციატორების დამოკიდებულება, რბილად რომ ვთქვათ, ფრთხილი იყო. ცნობილია, რომ რუსული ბიზნესი არ გამოირჩევა მაინცდამაინც ცივილური ქმედებებით, გამჭვირვალობით და, რაც მთავარია, რუსული კაპიტალი მთლად დამოუკიდებელი არ არის კრემლისაგან. შესაბამისად, რუსული ინვესტიციების უპირობო სიკეთეზე საუბარი ჩვენი მხრიდან გულუბრყვილობა იქნებოდა, მით უმეტეს, როდესაც არსებობს ანატოლი ჩუბაისის ე.წ. რბილი იმპერიის კონცეფცია, რომელიც „რუსული ჩექმის" პოლიტიკის ეკონომიკური ექსპანსიით ჩანაცვლებას გულისხმობს. ამგვარ საფრთხეზე დღეს ბევრი ექსპერტი - მათ შორის, პარლამენტარი ლადო პაპავაც - საუბრობს:

[ლადო პაპავას ხმა] „საერთოდ, როდესაც ინვესტორი შემოდის თუნდაც სტრატეგიულ ობიექტებში, ეს საშიში არ არის, მაგრამ ცუდი არის, თუ ერთი ქვეყნის ინვესტორებზე იქნება სახელმწიფო მიბმული. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე, მით უმეტეს, თუ ეს ინვესტორი არის სახელმწიფო კაპიტალის მატარებელი და არა კერძო კაპიტალის. ნამდვილად არ მინდა ჩაითვალოს, რომ ჩვენ გზა მხოლოდ იმ სივრცეში გვაქვს, რომელსაც რუსული ეკონომიკური სივრცე ჰქვია. ნუ დაგვავიწყდება, რომ იმავე ჩუბაისის ცნობილ კონცეფციაში ახალი, ე.წ. რბილი იმპერიის შექმნასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია, რომ რუსეთი ის დათვია, რომელიც იმ მცირე სახლში - „ტერემოკში", რომელსაც ევროპა აშენებს, ვერ ჩაეტევა, ანუ რუსეთი ვერასდროს ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ჩვენ კი გვინდა ამ კავშირის წევრი გავხდეთ. ამ შემთხვევაში მთავრობას დასჭირდება მეტად ფაქიზი პოლიტიკის გატარება - მათ შორის, ეკონომიკური პოლიტიკის. " (სტილი დაცულია)

ფორუმის ინიციატივის გახმაურებისთანავე გაჩნდა სავსებით ლოგიკური კითხვა - რატომ მაინცდამაინც რუსული კაპიტალი? გასაგებია, რომ დასავლეთი, საქართველოში არსებული სამეწარმეო გარემოს გამო, არ ჩქარობს და ჯერჯერობით მხოლოდ აკვირდება მოვლენებს, ჩვენ კი დროის დაკარგვა არ გვსურს და კაპიტალის მოზიდვა სასიცოცხლოდ გვესაჭიროება, მაგრამ „ღია კარის " პოლიტიკა მსხვილი რუსული ბიზნესის მიმართ მაინც გარკვეულ კითხვებს ბადებს. რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს რუსულ ბიზნესს საქართველოს მიმართ? ჯერ ერთი, გარდა 2 კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებულ განზრახულობათა დაფიქსირებისა, რუს მილიონერებს კონკრეტული ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიმართ არ გამოუხატავთ და ეს ბუნებრივიცაა, რადგან მხოლოდ პოლიტიკური რევერანსისა და ქვეყნის პირველი პირების პატრონაჟის გამო სერიოზული ბიზნესმენი, ბაზრის დეტალური შესწავლისა და სანდო პარტნიორის შერჩევის გარეშე, გადაწყვეტილებას იოლად არ იღებს. მაგრამ ფორუმის მსვლელობისას ჩამოყალიბებული დამოკიდებულება გვაფიქრებინებს, რომ რუსული ინვესტიციები საქართველოში მაინც ჩაიდება. ამის საფუძველს ხელისუფლებას ისიც აძლევს, რომ რუს ოლიგარქთა შორის ბევრი ქართული წარმოშობისაა, თუმცა ბიზნესისათვის პატრიოტიზმი პირველი რიგის სტიმულად მაინცდამაინც არ ითვლება. და მაინც, ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქების ერთ-ერთ მოტივაციასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებაა აქვს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს, რომელიც ფიქრობს, რომ ოლიგარქების შევიწროების რუსეთში გაჩენილი ტენდენციის გამო, შესაძლოა, ქართული ეროვნების რუსეთში მოღვაწე მილიონერებმა საქართველო ერთგვარ „სათადარიგო აეროდრომად" განიხილონ. ეკონომიკის მინისტრი ირაკლი რეხვიაშვილი კი რუსული ბიზნესელიტის ქართულ ინტერესს შემდეგნაირად ხსნის:

[ირაკლი რეხვიაშვილის ხმა] „ეს არის რუსული კაპიტალი - კაპიტალი, რომელიც იცნობს ერთმანეთს და რომელიც იცნობს საქართველოს."

ფორუმის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოითქმებოდა მოსაზრება, რომ რუსი მილიონერების კაპიტალს ხელისუფლება აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისათვის გამოიყენებს. აქვე გაჩნდა შიში, რომ ქართულ კაპიტალთან შეუდარებლად მსხვილი რუსული ინვესტიციები სტრატეგიულ ობიექტებს ჩაიგდებს ხელში, რაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის დამატებითი პოლიტიკური ზეწოლის კარგი ბერკეტი იქნება. საბოლოოდ, ეს შიში პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააქარწყლა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ, სად ვადებინებთ ფულს. არის სფეროები, სადაც არ შეიძლება უცხოური კაპიტალის შემოსვლა. ეს არის სტრატეგიული სფეროები - მაგალითად, მაგისტრალური გაზსადენი. ეს არის სიტუაცია, რომელიც ვიღაცას მისცემს მონოპოლიას მთლიანად პორტებსა და გადაზიდვებზე. აი, ეს ორი-სამი სფერო უნდა გავიტანოთ გარეთ და დანარჩენი... ყველგან არის საჭირო ფული . "

რუსული კაპიტალის კონფერენციის მსვლელობისას, ტრადიციული ქართული მასპინძლობის ფონზე, გამოითქმებოდა კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც მთლიანად საინვესტიციო გარემოს უკავშირდება -საინვესტიციო გარემოს, რომელიც არ შეიძლება მოვარგოთ მხოლოდ რუსულ კაპიტალს და რომლის ამ ნიშნით დიფერენცირება უსამართლობა იქნებოდა. ვლადიმერ პაპავას მიაჩნია, რომ ინვესტიციები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მთავარია, ბიზნესგარემო მისაღები იყოს ყველასათვის და, პირველ რიგში, ქართველი ინვესტორისათვის:

[ლადო პაპავას ხმა] „როდესაც ასეთი საკითხები წყდება, - მათ შორის, ინვესტიციების, - ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება უცხოელი ინვესტორი, მაგრამ, პირველ რიგში, ქართველი ინვესტორი უნდა დადგეს ფეხზე. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს ნაზავი აქაური და უცხოელი ინვესტიციების, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ადგილობრივი ინვესტორის ხარჯზე."

მთლიანობაში, რუსეთ-საქართველოს შორის დამთბარი პოლიტიკური კლიმატი და, როგორც შედეგი, უპრეცედენტო ბიზნესკონფერენცია, ალბათ, უმთავრესად, პოზიტიურად უნდა აღვიქვათ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო პოლიტიკის მიმართ ხელისუფლება, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მხოლოდ მკვეთრად განსაზღვრული პრიორიტეტებით იხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG