Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა ქართულ-ოსური კონფლიქტის გარშემო


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა მთავარ ყურადღებას უთმობს ვითარებას, რომელიც ცხინვალის რეგიონის გარშემო შეიქმნა. მიმომხილველები საუბრობენ კონფლიქტის სამხედრო ძალით

გადაჭრის შესაძლებლობებსა და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარების თემაზე.
გესაუბრებით ორიოდე წერილის შესახებ.

10 ივნისის გაზეთი "როსია" დაბალ შეფასებას აძლევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და, ამასთან ერთად, არც ამერიკელ სამხედროებს სწყალობს. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთად წოდებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით გაზეთი წერს: "მათი დაბრუნება სამხედრო ძალის გამოყენებით სააკაშვილს არ შეუძლია. გარდა იმისა, რომ ეს მრავალრიცხოვან პოლიტიკურ ექსცესებს გამოიწვევს, მას, უბრალოდ, არ გააჩნია ასეთი ძალა. საქართველოს პრაქტიკულად არ ჰყავს ჯარი, ხოლო როდის ეყოლება - გაუგებარია. შემთხვევითი როდია, რომ ქართველი წვევამდელები ჯარში სამსახურს ციხეში ჯდომას ან დეზერტირობას ამჯობინებენ. რაც შეეხება ამერიკელთა მიერ გაწვრთნილ ბატალიონებს, მათი ბრძოლისუნარიანობა ჯერჯერობით ეჭვქვეშაა, რადგან ერთია, როცა ნატოს უნიფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები ტელეკამერის წინ პოზირებენ და სულ სხვაა, როცა მარჯვე და გამბედავ მოწინააღმდეგეს ებრძვიან მთაში. მით უფრო, რომ, როგორც ერაყმა აჩვენა, თავად ამერიკელი მასწავლებლები მოსალოდნელზე ნაკლებ მომზადებულნი აღმოჩნდნენ."

11 ივნისის "როდნაია გაზეტა" აქვეყნებს ინტერვიუს მოლდოვას დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თვამჯდომარე გრიგორი მარაკუცთან.

"არსებობს თუ არა იმის სამართლებრივი საფუძვლები, რომ, როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტმა იგორ სმირნოვმა განაცხადა, "თბილისსა და ცხინვალს შორის სამხედრო კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში, ტირასპოლმა "ყოველმხრივი სამხედრო დახმარება გაუწიოს" ცხინვალს?" კორესპონდენტის ამ კითხვაზე მარაკუცმა უპასუხა:

"ეს პოლიტიკური განცხადება იყო. საზღვარგარეთ ტექნიკისა და იარაღის გასაგზავნად აუცილებელია ჩვენი პარლამენტის გადაწყვეტილება. ჯერჯერობით კი, რამდენადაც ვიცი, ასეთი თხოვნით ჩვენთვის არავის მოუმართავს. მაგრამ დნესტრისპირეთის რესპუბლიკას სამხრეთ ოსეთისთვის დახმარების აღმოჩენის ბევრი შესაძლებლობა აქვს. ჩვენ შეგვიძლია სამხედრო სპეციალისტების გაგზავნა ოსების საკონსულტაციოდ და სწავლებისთვის."

15 ივნისის გაზეთ "იზვესტიას" თქმით, "მართალია, რუსეთის საგარეო უწყებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს უკანასკნელმა აქციებმა სამხრეთ ოსეთის საზღვარზე უკან დახია კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესი, მაგრამ ამჯობინა, რომ არ გაეკეთებინა ნაჩქარევი ოფიციალური განცხადებები სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თემაზე."

გაზეთი წერს: "სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თემაზე არც არაოფიციალურად საუბრობენ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით მოსკოვმა შეიძლება ყოველმხრივ უსიამოვნო პრეცედენტი შექმნას. ჯერ ერთი, ჩვენ შეიძლება დაგვადანაშაულონ იმაში, რომ ასეთი პოზიციით სწორედ რუსეთმა გაუკეთა პროვოცირება კონფლიქტის გაგრძელებას და, შესაბამისად, დაარღვია 1992 წლის შეთანხმებები. მეორე - თვით რუსეთში საკმარისადაა ავტონომიური წარმონაქმნები და ჯერ უცნობია, რა რეაგირებას მოახდენენ ისინი ამ გაბედულ ნაბიჯზე. მესამე - ასეთ სვლას არაერთგვაროვნად აღიქვამს საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, მრავალრიცხოვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც თვალს ადევნებენ რეგიონში არსებულ ვითარებას, ხოლო ამჟამინდელ მსოფლიო კონფიგურაციაში რუსეთისთვის სრულიად უსარგებლოა დაუბრუნდეს იზოლაციას."
XS
SM
MD
LG