Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველმა ოლიმპიურმა დევიზმა -”მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება”


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ძველმა ოლიმპიურმა დევიზმა -”მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება”

დიდი ხანია აქტუალობა დაკარგა. ახლა მოდაში სხვა დევიზია: “მონაწილეობა კარგია, გამარჯვება - უკეთესი”. ქართული სპორტი ცდილობს დროს არ ჩამორჩეს და რომ მართლა ასეა, ამის დასაბუთებას ათენის ოლიმპიადაზე აპირებს. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ დღეებში დაამტკიცა საათენო დელეგაციის შემადგენლობა, სპორტულ მედიასთან შეხვედრისას კი საკმაოდ ოპტიმისტური განცხადებები გაკეთდა.

დღეისათვის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან 77 კაცია აკრედიტებული, მათ შორის - 30 სპორტსმენი. ლიცენზიანტთა რიცხვი, ალბათ, კიდევ რამდენიმე კაცით გაიზრდება - ივლისში მძლეოსანთა დასკვნითი შესარჩევი ტურნირი უნდა გაიმართოს და იქ ქართველებიც იქნებიან. ჯერჯერობით ოლიმპიელთა რიგებში არიან სპორტის 9 სახეობის წარმომადგენლები: შვიდივე წონაში გამოვლენ ძიუდოისტები, 6-6 სპორტსმენი გვეყოლება ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში, 2-2 - ძალოსნობაში, კრივსა და მშვილდოსნობაში, თითო ოლიმპიელი - ტყვიის სროლაში, ჩოგბურთში, ბატუტზე ხტომაში, ცურვასა და სპორტულ ტანვარჯიშში. ოლიმპიადაში მონაწილეობის გამოცდილება უკვე აქვს 14 სპორტსმენს, მათგან ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი კი ნინო სალუქვაძეა. ნინომ აქამდე 4 თამაშებში იასპარეზა, ოლიმპიური “ოქრო-ვერცხლი” კი 16 წლის წინ სეულში მოიპოვა. 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადის შემდეგ ქართველთაგან თამაშებში არავის გაუმარჯვია. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს თამაზ თევზაძეს იმედი აქვს, რომ ნავსი გატყდება და ათენში ჩემპიონი გვეყოლება:

[თამაზ თევზაძის ხმა] “ პრაქტიკულად მთავრდება მზადება ათენის ოლიმპიური თამაშებისათვის, რომელიც დაიწყო სიდნეის დამთავრებისთანავე. ეს ოთხწლიანი ციკლი საქართველოში ოლიმპიურ მზადებასთან დაკავშირებით იყო ნაყოფიერი. ყოველმხრივ ხელი შეეწყო სპორტსმენებს. ეს დამსახურებაა როგორც კერძო სტრუქტურების, ასევე მთავრობის და ის შედეგები, რომელიც ამ ოთხწლიან ციკლში იყო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, უფლებას გვაძლევს იმისა, რომ ოლიმპიადაში დამოუკიდებლად მონაწილეობის მესამე ცდაზე პირველი ოქროს მედლის მოპოვების იმედი გვქონდეს.”

ამ ოპტიმიზმს იზიარებს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი. მისი აზრით, არსებობს ყველა საიმისო წინაპირობა, რომ ჩვენი ნაკრები ათენში გაცილებით უკეთ გამოვიდეს, ვინემ ატლანტასა და სიდნეიში.

[ემზარ ზენაიშვილის ხმა] “დღეს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციაში 30 სპორტსმენია. მათგან 5 არის ოლიმპიადის ჩემპიონი ან პრიზიორი, 20-მდე სპორტსმენს აქვს მსოფლიოს ან ევროპის რომელიმე სინჯის მედალი. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ყოველ მესამე სპორტსმენს შეუძლია იმუშაოს ოლიმპიური მედლისთვის, ხოლო 5-6 სპორტსმენს, თავისი პოტენციით, სპორტული გზით, დღევანდელი მდგომარეობით, და ამას თუ დაემატება იღბალიც, კარგი მსაჯობა, ვფიქრობთ, რომ შეუძლია იბრძოლოს ოქროსთვის. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ათენიდან დავბრუნდებით 5-6 ოქროს მედლით. ჩემი ვარაუდით, ჩვენი გუნდის პოტენციალი იძლევა საშუალებას ვიფიქროთ რეალურად 1 ან 2 ოქროზე და თითო სინჯის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებზე. ეს იქნება შედეგი, რომელსაც ელის ჩვენგან ქართველი ხალხი.”

ემზარ ზენაიშვილი აცხადებს, რომ წინა ოლიმპიადებისგან განსხვავებით, ამჯერად ქართველ ოლიმპიელებს საუკეთესო მოსამზადებელი პირობები ჰქონდათ. ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ოლიმპიურმა ფონდმა, რომელმაც მარტო წლეულს 2 მილიონი ლარი გაიღო:

[ემზარ ზენაიშვილის ხმა] “ რაც შეეხება ორგანიზაციულ მხარეს, აქაც დღეს ჩვენ გავდივართ იმ პარამეტრებზე, რომ გუნდი ათენისთვის მზად იქნება - ჩაცმით, დახურვით, სპორტულით თუ ცივილურით. გადაწყვეტილია მგზავრობის საკითხი. ამ ეტაპზე, ქართულ ოლიმპიურ დელეგაციას, ღვთის წყალობით, პრობლემები არა აქვს.”

თამაშების პრიზიორები პრემიებს შევარდნაძის დროინდელი განაკვეთით მიიღებენ: ოქროს მედლისთვის-50 ათასი ამერიკული დოლარი, ვერცხლისთვის-30 ათასი, ბრინჯაოსთვის-20 ათასი. ამას გარდა, საქართველოს ოლიმპიური ფონდი ოლიმპიურ ჩემპიონს 200 ათასი ლარით დააჯილდოებს. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი შოთა ხაბარელი აღიარებს, რომ ასეთი პირობები ჩვენზე გაცილებით მდიდარი ბევრი ქვეყნის სპორტსმენებს შეშურდებათ. ძიუდოისტებმა ბოლო საწვრთნელი შეკრება ბაკურიანში გაიარეს. ხაბარელი შედეგებით კმაყოფილია:

[შოთა ხაბარელის ხმა] “თუ გადავხედავთ დღევანდელ სიტუაციას, გეგმით მივდივართ და პრობლემა არ არის. რაც შეეხება იქ გამოსვლებს, ყველა გამოცდილია, თუ არ ჩავთვლით გუჯეჯიანს. დანარჩენებს დიდი გამოცდილება აქვთ. ხერგიანი, მარგოშვილი, ქევხიშვილი, მამრიკიშვილი, ზვიადაური, ჯიქურაული... საკმაოდ დიდი დატვირთვები გვქონდა ბაკურიანში, ბიჭები მხნედ არიან, ერთკვირიანი შესვენება გვექნება და დავიწყებთ მეორე შეკრებას.”

ქართველ ოლიმპიელთა პირველი ჯგუფი ათენში 9აგვისტოს გაემგზავრება. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი ლერი ხაბელოვი იქნება, დელეგაციის საერთო თავკაცად კი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი დაინიშნა. მაგრამ, როგორც ამბობენ, პატარკაციშვილის ათენში გამგზავრება ჯერ კიდევ სათუოა.
XS
SM
MD
LG