Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან აბაშიძის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ხვალ, 6 ივლისს, საქართველოს გენერალური პროკურატურა აჭარის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს.

ამ ეტაპზე გამოძიება ზოგადი ფრაზით შემოიფარგლება და ამბობს, რომ აჭარის ყოფილ ლიდერს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. გენერალური პროკურორის მოადგილის გიორგი ჯანაშიას განმარტებით, წლების მანძილზე, ფინანსური მაქინაციების მეშვეობით, ასლან აბაშიძის ფონდების ანგარიშებზე საბიუჯეტო ორგანიზაციები სოლიდურ თანხებს რიცხავდნენ.

ასლან აბაშიძის ქონების კონფისკაციის შემდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აჭარის ყოფილი ლიდერის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. არაოფიციალური ცნობებით, საუბარია რამდენიმე მილიონ დოლარზე, რომელიც წლების განმავლობაში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ასლან აბაშიძისა და მისი გარემოცვის საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა. სახელდება ასეთი თანხები: აჭარის მშვიდობის ფონდი - 14 მილიონი დოლარი, ასლან აბაშიძის სახელობის ფონდი - 3 მილიონ დოლარზე მეტი.

გამოძიება მხოლოდ ახლა დაიწყო და დიდი შანსია, უკანონოდ მითვისებული უძრავი ქონების ნუსხა კიდევ უფრო გაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ პროგნოზს აკეთებს პარლამენტარი თამაზ დიასამიძე, რომლის თქმითაც, წლების განმავლობაში აჭარის ყველაზე მომგებიანმა საწარმოებმა სწორედ ასლან აბაშიძისა და მისი ოჯახის ხელში მოიყარა თავი:

[თამაზ დიასამიძის ხმა] "არის, მაგალითად, 30-მდე ობიექტი, რომლის მფლობელიც ან თვითონაა, ან მისი ცოლი და შვილი - სხვა არავინ. ყველაზე მომგებიანი ობიექტებია, რომლის თანხების დატაცებაც ხდებოდა და არავითარი ანგარიშსწორება ბიუჯეტთან არ მიმდინარეობდა. ეს ფული სახელმწიფოს ჯიბიდანაა წაღებული. ამაზე რეაგირება თუ არ მოხდა, მაშინ რა გამოვა? გამოჩნდება ვინმე ახალი ყაჩაღი, მოიტაცებს მილიონებს დ ეპატიება?"

როგორც გახსოვთ, აჭარის მოვლენების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ასლან აბაშიძეს ხელშეუხებლობის გარანტიები მისცა. მაშინ ამ პირობამ აჭარაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთი მხრივ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ გაქცეული აბაშიძის ქონების კონფისკაცია მოახდინა, თუმცა ამ ქონების საჯარო აუქციონის წესით გაყიდვის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა: რატომღაც არავინ მოინდომა აჭარის ყოფილი ლიდერის საკუთრების შეძენა. მეორე მხრივ, ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მას ასლან აბაშიძის მიმართ შურისძიების გრძნობა არ ამოძრავებს და რომ აჭარის ლომის სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელდება.

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, პარლამენტარ ედვარდ სურმანიძის განმარტებით, არ იგეგმება მოსკოვში მყოფი ასლან აბაშიძის ექსტრადიცია. როგორც მან განუცხადა სააგენტო „ინტერ-პრესს“, საქართველოს ხელისუფლება მიცემულ პირობას არ დაარღვევს და ასლან აბაშიძის პატიმრობაში აყვანას არ მოითხოვს. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, - ედვარდ სურმანიძის განცხადებით, ეს იმისთვის არის აუცილებელი, რომ დადგინდეს, რა ზარალი მიაყენა ასლან აბაშიძემ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.
შესაძლოა, ასეთი ახსნა ვინმესთვის დამაჯერებელი იყოს, რომ არა ერთი გარემოება: კანონით დაუსაბუთებელი ქონების შესახებ, აუცილებელია კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყოს აღძრული. ასეთ განმარტებას აკეთებს უკვე პარლამენტარი კობა დავითაშვილი, რომლის განცხადებითაც, პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება, ასლან აბაშიძისთვის ხელშეუხებლობის გარანტიები მიეცა:

[კობა დავითაშვილის ხმა] "კონსტიტუციით, პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება, ასეთი პირობა მიეცა. პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება. სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის და გარანტიების მიცემის უფლება არა აქვს. ხალხმა და კონსტიტუციამ ამ უფლებით არ აღჭურვა."
XS
SM
MD
LG