Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ირანში გაემგზავრა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღეს საღამოს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს მოჰამად ხათამისა და საგარეო საქმეთა მინისტრს ქამალ ხარაზის. ვიზიტის ბოლო დღეს საქართველოს პრეზიდენტი ფერეიდნის პროვინციაში იქ მცხოვრებ ქართველებს შეხვდება. ამ სიუჟეტში დღევანდელ ირანზე მოგითხრობთ.

[ხმა: ომარ ხაიამის რობაია სპარსულად]

ეს ომარ ხაიამია, ირანელი პოეტი, რომელიც ცხოვრების საზრისის ძიებასთან ერთად, უფალს, ღვინოსა და ქალის სილამაზეს უმღეროდა. და თუ ომარ ხაიამი პასუხს ვერ პოულობდა კითხვაზე, ვინ საით წავა - ამ კითხვას მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ძალიან კონკრეტული პასუხი გასცა აიათოლა ხომეინიმ, ირანის ისლამური რევოლუციის ბელადმა, რომელმაც ირანელ ხალხსა და მაჰმადიანებს ამერიკული კაპიტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უანდერძა. აიათოლა ხომეინის ანდერძი არ შესრულებულა - მაჰმადიანურ ქვეყნებში ირანის ისლამური რევოლუციის ექსპორტი არ შედგა. თუმცა, ბევრი დასავლელი ექსპერტის პროგნოზისგან განსხვავებით, თავად ირანში ფუნდამენტალისტებს ხელისუფლებაში დღესაც მყარი პოზიციები აქვთ.

მეცნიერები და პოლიტიკოსები დღემდე კამათობენ, როგორ მოხდა, რომ ახლო აღმოსავლეთის ყველაზე პროამერიკული სახელმწიფო - ირანი -რომელსაც ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ყველაზე ერთგული ადამიანი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი განაგებდა, მოულოდნელად ამერიკისა და დასავლეთის ყველაზე შეურიგებელ მტრად იქცა. თბილისის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის, მეცნიერებათა დოქტორის გიორგი სანიკიძის თქმით, დღეს ირანი ამერიკის სამხედრო ნაწილებს ერაყიდან და ავღანეთიდან გარკვეულ რკალში ჰყავს მოქცეული, თუმცა, ამ ეტაპზე სამხედრო მოქმედებების დაწყება არ უნდა იგეგმებოდეს. მისივე განმარტებით, ბოლო წლების მანძილზე, რამდენჯერმე თითქოსდა შეიმჩნეოდა ამ ორი სახელმწიფოს დაახლოების ტენდენციები, მაგრამ საბოლოოდ ირანში განვითარებულმა მოვლენებმა ეს პროცესი შეაჩერა:

[გიორგი სანიკიძის ხმა] "არჩევნებისას რეფორმატორების გაძევებამ საარჩევნო პროცესებიდან, პალესტინელთა აქტიურმა მხარდაჭერამ, რომელმაც ამერიკა - და არა მხოლოდ ამერიკა - ტერორისტების მხარდაჭერად აღიქვამს - ისევ ძველ ვითარებას დაუბრუნა სიტუაცია. დღეს საკმაოდ დაძაბულია ურთიერთობა აშშ-სა და ირანს შორის."

სამაგიეროდ, ირანს კვლავ გამოუკეთდა ურთიერთობა რუსეთთან - მიხეილ სააკაშვილის ვიზიტამდე ორი დღით ადრე ირანს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოში კარგად ცნობილი იგორ ივანოვი სტუმრობდა, რომლის განცხადებითაც, 2005 წლისთვის დაგეგმილი რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ირანში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში შემობრუნებას დაუდებს სათავეს.

და თუ რუსეთ-ირანის ურთიერთობები მეტ-ნაკლებად გასაგებია, საინტერესოა, რა მიზანს ისახავს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ირანში. გიორგი სანიკიძის აზრით, კვლავ გამოითქმება კეთილმეზობლური ურთიერთობების არსებობის აუცილებლობა.

[გიორგი სანიკიძის ხმა] "სხვა მიმართულებით მიდის საქართველო უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, ვიდრე ირანი. დღეს ლაპარაკია ახალ ღერძზე მოსკოვი-ერევანი-თეირანი, რომელსაც რეგიონში პოლიტიკურად და იდოლოგიურად უპირისპირდება ბაქო-თბილისი-ანკარა, სრულიად პროამერიკულ პოზიციაზე მყოფი სახელმწიფოები."

სხვათა შორის, ირანისა და საქართველოს ისტორიას თუ გავიხსენებთ, ფაქტია, რომ ეს ორი ქვეყანა კეთილმეზობლობით არასოდეს გამოირჩეოდა.

[აუდიოფრაგმენტი ფილმიდან „გიორგი სააკაძე“] "მომიახლოვდი, საქართველოს დიდო სარდალო.“

მართალია, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და, შაჰ-აბასს თუ დავესესხები, "საქართველოს დიდი სარდლის" გიორგი სააკაძის გვარები ერთმანეთს წააგავს, მაგრამ ამჯერად, იმედია, ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლობა ის ამოცანაა, რომელიც დღეს შესრულებადია.
XS
SM
MD
LG