Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საწვავის გაძვირებას ელიან


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს მთავრობას ჯერ არ გააჩნია ახალი საგადასახადო კოდექსის ის ვერსია, რომელიც საჯარო დისკუსიის საგანი გახდებოდა. სამაგიეროდ, აქვს იდეები,

რომელთაც შეიძლება ხორცი შეისხან მომავლის კოდექსში. ერთი ასეთი იდეა გახლავთ საწვავ და საპოხ მასალებზე აქციზის გადასახადის გაზრდა, რომელიც 6 ივლისს საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა გაახმაურა. კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ აქციზის გადასახადის გაზრდა 1 ლიტრ ბენზინს, სულ ცოტა, 10 თეთრით გააძვირებს. პერსპექტივა, სამწუხაროდ, უარესია.

საბჭოთა კლიშე - პირველი მოხმარების საგანი - საქართველოში, ჩანს, საწვავსაც აღნიშნავს. ბენზინის გაძვირებას, წესისამებრ, მისი შეზღუდულად მოხმარება მოსდევს, მაგრამ მყიდველთა რაოდენობა იმდენად არ იკლებს, რომ ბენზინის იმპორტიორები საგრძნობლად დააზარალოს. 6 ივლისს ამას მიანიშნებდნენ საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის წევრები. ისინი ამბობდნენ, რომ, უწინარესად, მომხმარებლის დასაცავად გამოდიან. კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ მთავრობა, მართალია, აუქმებს ეკოლოგიისა და საგზაო გადასახადს, მაგრამ აქციზის გაზრდას იმდენად აპირებს, რომ მას ბენზინის ფასიც გაჰყვება.

[მთვრალაშვილის ხმა] “თუ აქციზი გაიზრდება დღევანდელ 200 ლართან შედარებით 350 ლარამდე, მივიღებთ საწვავს, რომლის ფასიც ერთ ლიტრზე გაიზრდება, სულ მცირე, 10 თეთრით.”

აქციზი იქით იყოს - საწვავის ფასის შემდგომი ზრდა მოსალოდნელია 1 იანვრიდანაც, როცა ძალაში შევა ბენზინის ახალი სტანდარტი. დღეს საქართველოში, ძირითადად, მოიხმარენ A-92 მარკის ბენზინს, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანიდან შედის. ახალ სტანდარტებს ეს საწვავი ვერ უპასუხებს და A-92-ის საქართველოში შეტანა აიკრძალება, ბენზინი მთლიანად ევროპიდან შემოვა. ვანო მთვრალაშვილის პროგნოზი ასეთია:

[მთვრალაშვილის ხმა] “აზერბაიჯანიდან შემოტანილი საწვავი 15-ანი დისკაუნტით მიეწოდება საქართველოს. შესაბამისად, ევროპიდან შემოტანილი საწვავი (გაითვალისწინეთ გზის ფულიც, ის გემებით შემოდის), 15-20%-ით გაძვირდება, ანუ ლიტრი 25-30 თეთრით მეტი ეღირება.”

რა მოჰყვება საწვავის სააქციზო გადასახადის გაზრდას? ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე აქაც უნუგეშო სურათს ხედავს:

[მთვრალაშვილის ხმა] “თუ სიგარეტსა და სხვა საქონელზე აქციზის გაზრდა პრობლემას არ ქმნის, საწვავთან სიფრთხილეა საჭირო. საწვავის ფასის მატებასთან ერთად აუცილებლად ავტომატურად დაიწყება ფასების ზრდა პირველადი მოხმარების საქონელზე და ეს პროცესი იქნება აბსოლუტურად შეუქცევადი.”

ვანო მთვრალაშვილის აზრით, მიზანშეწონილი იქნება იმ ნორმატიული აქტის ამოქმედების დაყოვნება, რომელიც ბენზინის ახალ სტანდარტს აწესებს და აქციზის ფიქსირებული გადასახადის იმგვარად განსაზღვრა, რომ ბენზინის ფასი არ გაიზარდოს. კავშირის გათვლით, საამისოდ, აქციზი 250 ლარი უნდა იყოს ერთ ტონაზე.
XS
SM
MD
LG