Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში საქართველოს პრესამ, უმთავრესად, ცხინვალის რეგიონში ვითარების მკვეთრ გამწვავებას


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასულ კვირაში საქართველოს პრესამ, უმთავრესად, ცხინვალის რეგიონში ვითარების მკვეთრ გამწვავებას დაუთმო ყურადღება. დღევანდელ მიმოხილვაში ამ

პრობლემისა და კიდევ სხვა საკითხების, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და დაუსაბუთებელი ქონების გარშემო ვისაუბრებთ.

რა შეფასებები და ვარაუდები გამოითქვა გასული კვირის პრესაში ცხინვალის რეგიონში ვითარების მკვეთრ გამწვავებასთან დაკავშირებით?

8-9 ივლისის გაზეთი “ალია” სვამს კითხვას: “რა ჰქვია სამაჩაბლოში შექმნილ ვითარებას?” და უპასუხებს:

“ქართული მხარისთვის - წესრიგის აღდგენა და საკუთარი ღირსებისა და ხელშეკრულებით დადგენილი უფლებების დაცვა. ოსური მხარისთვის კი - უსუსური თავდაცვა. სამაჩაბლოს ქართულ მოსახლეობას წლების მანძილზე იმდენი ბოღმა და უსამართლობა დაუგროვდა, ლამის სასოწარკვეთილებამდე მივიდა და აღარც კი სჯეროდა, ოდესმე თუ გაუჩნდებოდა იმედი საკუთარ სახლში ადამიანურად ცხოვრებისა. ოსური მხარე ითხოვს, დაკონკრეტდეს, რა ხდება მათ თავს - თუ ომია, ვიბრძოლებთ, თუ მშვიდობაა, ესეც გვითხარითო.”

გაზეთის თქმით, “როგორც ჩანს, ისინი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, რომ სამაჩაბლოში ამ ათი წლის წინათ დაწყებული ომი ჯერ კიდევ გრძელდება და რომ არა შევარდნაძის ხელისუფლების დამთმობი და “მოღალატური” (სამაჩაბლოში მებრძოლთა შეფასებით) პოლიტიკა, ვერც მაშინ ჩოჩიევი და ვერც დღეს კოკოითი, ვერ გაბედავდა, ასე ექნია თითი ძირძველი ქართველებისთვის და საკუთარ მიწაზე ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცია.”

“ალიას” წერილის დასასრულს ნათქვამია: “დღეს საქართველოს პრეზიდენტი სამაჩაბლოს დაბრუნების გარანტიას იძლევა და გვაიმედებს, რომ სულ მალე ედუარდ კოკოითს ისევე მოუწევს ივანოვთან ერთად მოსკოვს გამგზავრება, როგორც ასლან აბაშიძეს. ვლადიმირ პუტინი მიხეილ სააკაშვილს ჰპირდება, რომ საქართველოს შიდა საქმეებში არ ჩაერევა და მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს. საინტერესოა, შეძლებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი რუსეთს დანაპირები შეასრულებინოს და, ედუარდ შევარდნაძის მსგავსად, ქვეყანა სისხლისმღვრელ კონფლიქტში არ ჩაათრევინოს.”

9 ივლისი ს “მთავარი გაზეთის” ვარაუდით, “ცხინვალში შექმნილი დაძაბულობა ძალიან მალე და საქართველოსთვის სასიკეთოდ განიმუხტება”. გაზეთის თქმით, “ყველაზე აქტიურად მთავრობამ საერთაშორისო მიმართულებით იმუშავა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთავრობის ხელმძღვანელმა ოპერატიულად მოახერხეს ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება და მათი მხარდაჭერის მოპოვება. პრემიერმა 8 ივლისს დღის ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: “ოს სეპარატისტებს მხარს უჭერს რუსული პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი. რუსეთს ეძლევა შანსი დაანახვოს ყველას, რომ მის მიერ დეკლარირებული სამშვიდობო მისია რეგიონში რეალობას შეესაბამება. თუ დაძაბულობა კონფლიქტის ზონაში შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ამაზე პასუხისმგებელია არა კოკოითის ბანდა, არამედ ის ქვეყანა, რომელიც რეგიონში სამშვიდობო პროცესს წარმართავს”.

10 ივლისის პრესა წერს, რომ საქართველოს პარლამენტის ბიურომ ცხინვალის მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მიიღო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ “საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ არის და არც იქნება მიმართული ოსი ხალხის წინააღმდეგ და ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში ყოველმხრივ იქნება დაცული ოსი ეროვნების მოქალაქეთა კულტურული, ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური უფლებები.”

ამასთან, როგორც გაზეთი “რეზონანსი” აღნიშნავს, “პარლამენტი რეგიონში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს, რომ მათი დაჩაგვრის უფლებას არავის მისცემს.”

გაზეთი წერს: “საქართველოს პარლამენტი რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რომ “დროულად გააცნობიეროს ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება რუსეთს, როგორც სამშვიდობო პროცესის მონაწილესა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრს.”

პარლამენტი მიიჩნევს, რომ რუსეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი “სეპარატიზმის, დიქტატურის, კრიმინალის მხარდაჭერასა და ცივილიზებული ნორმების დაცვას შორის.”

მოვლენების ანალოგიურად განვითარების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი საჭიროდ მიიჩნევს, დაისვას რუსი სამშვიდობოების მიერ რეგიონის დაუყოვნებლივ დატოვების საკითხი.”

10 ივლისის პრესა აგრეთვე გვამცნობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელსა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს კონდოლიზა რაისს ესაუბრა. “მთავარი გაზეთი” წერს, რომ “თეთრი სახლი მზადაა, ცხინვალის პრობლემასთან დაკავშირებით მოსკოვთან კონსულტაციები აწარმოოს. კოლინ პაუელმა დაპირება გუშინვე შეასრულა და რუსეთის ხელისუფლებაში კოკოითის ყველაზე გამორჩეულ “ადვოკატს” სერგეი ლავროვს ესაუბრა.”

გაზეთის ინფორმაციით, “საქართველოს მთავრობა ძალაში ტოვებს ცხინვალის პრობლემის მოგვარების სამშვიდობო გეგმას, მაგრამ სათადარიგო ვარიანტად აქვს ძალისმიერი ოპერაცია. მართალია, ყურადღება კვლავინდებურად ჰუმანიტარულ აქციებზე მახვილდება, ძალოვანი მინისტრები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ქართული სოფლების დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებები გაატარონ. ირანიდან დაბრუნებული საქართველოს პრეზიდენტი მთელი დღის განმავლობაში ცხინვალის პრობლემას განიხილავდა.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა დასავლეთის ლიდერებსა და რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ძალოვან მინისტრებთან რამდენჯერმე ითათბირა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ აქვთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, დეტალებზე არ საუბრობენ.”

ახლა კი სხვა თემებზე გესაუბრებით. 7 ივლისის გაზეთი “რეზონანსი” წერს, რომ “კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის დაკავება და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში მისი წამების ფაქტი საერთაშორისო სკანდალის საფუძველი გახდა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 საკნის სარდაფში გადაყვანილ და ნაწამებ სულხან მოლაშვილს 6 ივლისს ევროსაბჭოს დელეგაცია შეხვდა. დელეგაციის ხელმძღვანელი მათიას იორში აპროტესტებს წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულთა წამებას.”

გაზეთი წერს: “კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი საპყრობილეში აწამეს. მოლაშვილს აღენიშნება სიგარეტით დაშანთვის კვალი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დღითი დღე უარესდება. ადვოკატ იოსებ ბარათაშვილის თქმით, სულხან მოლაშვილმა ღიად განაცხადა, რომ მასზე განხორციელდა ფიზიკური ზემოქმედება, რასაც უკვე ექსპერტებიც ადასტურებენ.”

“უახლოეს ხანში ადვოკატები წინასწარი პატიმრობის დროს მოლაშვილის მიმართ დაშვებული კანონდარღვევების შესახებ დოკუმენტაციას სტრასბურგის სასამართლოში გადააგზავნიან.”

7-8 ივლისის გაზეთ “ახალი ვერსიის” ინფორმაციით, “დაუსაბუთებელ ავლადიდებას მალე კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი დაემშვიდობება. “შავი სიის” მორიგ პრეტენდენტთა შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ გენერალური პროკურატურის კულუარებში ლაპარაკობენ.”

გაზეთი აღნიშნავს, რომ “უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის წინააღმდეგ. მასზე და მისი ოჯახის წევრებზეც სისხლის სამართლებრივი დევნა გამოცხადდა.”

“ახალი ვერსია” წერს: “მორიგ მსხვერპლთა შესახებ ოფიციალურ წრეებში ხმამაღლა არ საუბრობენ. არსებობს მხოლოდ კულუარული ინფორმაცია და ვარაუდები. “ახალი ვერსიის” მიერ გენერალური პროკურატურიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მართლმსაჯულება ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას დაუსაბუთებელ ქონებას სწავლობს.”

“კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლის ქონების წარმომავლობის საკითხი ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, წყნეთის ექს-გამგებელი შოთა მეფარიძეა.”

“გენპროკურატურაში უკვე აქტიურად საუბრობენ დავით თევზაძის მინისტრობის დროს თავდაცვის სისტემაში არსებულ კორუფციასა და განუკითხაობაზე...ცოტა ხნის წინ თევზაძე ნატოდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამოიწვიეს...როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, გამორიცხული არ არის, მის წინააღმდეგ უახლოეს ხანში სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.”
XS
SM
MD
LG