Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი დღეს ვისაუბრებთ ერთგვარ კონფლიქტზე,

რომელიც თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ნაწილსა და აკადემიის რექტორატს შორის წარმოიშვა. კონფლიქტი თბილისის ცენტრში, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობაში, სამხატვრო აკადემიის კუთვნილ ფართობს უკავშირდება. აკადემიის რექტორატი, ამ ფართობის სანაცვლოდ, აკადემიის შენობის გარემონტებაზე ფიქრობს, ახალგაზრდა მხატვრებს კი ფართობი თვითნებურად აქვთ დაკავებული, იქ მუშაობენ და აცხადებენ, რომ რექტორატს ფართობის გასხვისებაში შეეწინააღმდეგებიან. დღეს ვისაუბრებთ იმაზეც, როგორ ეკიდებიან მისაღებ გამოცდებს აბიტურიენტები და ამ გამოცდების ორგანიზატორები.

[ხმაური ყოფილ ფაბრიკაში]

ჩვენ თბილისის ცენტრში, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ნახევრად დანგრეულ შენობაში, ვიმყოფებით. ამ შენობაში რამდენიმე წლის წინ საშინელი ხანძარი მოხდა, მან შენობის სახურავი მთლიანად ჩამოანგრია. რაც გადარჩა, იმის ნაწილი 90-იანი წლების დასაწყისიდან თბილისის სამხატვრო აკადემიას ეკუთვნის, მაგრამ აკადემიის ადმინისტრაციას მისი კეთილმოწყობის და ათვისების საშუალება არა აქვს. საშუალების უქონლობა სერიოზული პრობლემაა და ასევე სერიოზული პრობლემაა შემოქმედებითი სახელოსნოების უქონლობა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის. მოკლედ, ეს ორი პრობლემა ერთმანეთს ეჯახება.

აკადემიის სტუდენტთა და ასპირანტთა ნაწილს აკადემიისგან სურდა და სურს მიიღოს სახელოსნო. ეს ჯგუფი ლოდინმა დაღალა და სამხატვრო აკადემიის კუთვნილი ფართობის სახელოსნოდ გადაქცევა თვითნებურად გადაწყვიტა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ხმები ტერიტორიის შესაძლო გაყიდვის თაობაზე. მხატვართა ჯგუფი, რომელიც ყოფილ აბრეშუმის ფაბრიკაში ყოველდღიურად იკრიბება, ხატავს და თანაც აკადემიის რეფორმირების საკუთარ ხედვას აყალიბებს. ეს ჯგუგი ამ ფართობის გაყიდვის თუ სხვისთვის გადაცემის კატეგორიული წინააღმდეგია. ამ ჯგუფში მიიჩნევენ, რომ გაყიდვა, თუნდაც სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის კეთილმოწყობის მიზნით, იგივე იქნება, კაცმა მარჯვენა ხელის გადარჩენისთვის მარცხენა რომ მოიჭრას.

[ლუიზა ლაფერაძის ხმა] “ეს დიდი დარბაზიც და ეს ოთახიც იყო სავსე ნაგვით. ჩვენი ძალებით, ჩვენი სურვილით ეს ყველაფერი გავწმინდეთ. რა თქმა უნდა, არავისგან დახმარება არ იყო. მიმართვა კი გვქონდა. “

ლუიზა ლაფერაძე სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ხატვა-ფერწერის კათედრის პედაგოგია და ფიქრობს, რომ მისი და მისი მეგობრების მიერ დაკავებული ფართობი, კეთილმოწყობის შემთხვევაში, იქცევა იდეალურ სახელოსნოდ აკადემიის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, იქცევა თავისუფალი შემოქმედების სივრცედ, რაც სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ასე აკლიათ. ლუიზას აზრს გიორგი კევლიშვილიც იზიარებს. ის წარმოადგენს სამხატვრო აკადემიის სტუდენტურ ფორუმს, რომელიც აკადემიის სტუდენტებს სასწავლო სისტემის რადიკალური განახლების იდეის გარშემო აერთიანებს.

[გიორგი კევლიშვილის ხმა] “სადაც სამხატვრო სასაწავლებელი მართლა სასწავლებელია, ყველგან ზრუნავენ კურსდამთავრებულების სოციალური ადაპტაციისთვის. არის სერიოზული პრობლემა ამის და ამაში ძალიან დაგვეხმარებოდა ეს ფართობი, რომელიც იქნებოდა ყველას ყურადღების ცენტრში. აქაურობა დაგვეხმარებოდა შემოქმედებით მუშაობაში, ურთიერთობების დამყარებაში. “

გიორგიმ და მისმა მეგობრებმა იდეალური აკადემიის პროექტი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შეიმუშავეს და გაავრცელეს. პროექტის ავტორები ერთ-ერთ მოთხოვნად ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ფართობის მიზანმიმართულ გამოყენებასაც აყენებდნენ. იყო ამ ფართობის ათვისებისთვის ადგილობრივი და უცხოური კაპიტალის მოზიდვის იდეა, მაგრამ იდეა იდეის დონეზე დარჩა. აკადემიის ადმინისტრაცია ფართობის ათვისების პერსპექტივას ვერ ხედავს, რადგან ამას სერიოზული თანხები სჭირდება. თანხას ის სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის გარემონტებისთვის ეძებს.

ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის კუთვნილი ფართობის გაყიდვის უფლება აკადემიას არა აქვს, თუმცა ფიქრობს წინადადებაზე, სახელმწიფოს მოსთხოვოს, ფართობი გადასცეს “ქართუ ჯგუფს”, რომელსაც შენობის ნაწილი ისედაც ეკუთვნის; სანაცვლოდ კი, “ქართუ ჯგუფმა” უნდა განაახლოს და კეთილმოაწყოს სამხატვრო აკადემიის შენობა. ეს ყველაფერი სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია ბუღაძემ გვითხრა. ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიაზე შეჭრილი ახალგაზრდები კი (სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები და სტუდენტები) რექტორის მიმართ გამოთქვამენ საყვედურს იმის გამო, რომ აკადემიის კუთვნილებაში არსებული ფართობის სხვისთვის გადაცემის წინადადებას ფარულად განიხილავს და ამ საკითხზე მათთან შეხვედრასა და მსჯელობას გაურბის. პასუხი პრეტენზიაზე ასეთია:

[გია ბუღაძის ხმა] “ეს ბიჭები, რომლებიც იქ შევარდნენ, ყაჩაღურად შევარდნენ, უნიჭოები არ არიან, მაგრამ არიან პროვინციიდან ჩამოსულები და აქ დამკვიდრება უნდათ. მაგრამ, ასეთი გზით? იმისთის, რომ მიზანს მიაღწიო, არ უნდა თქვა ტყუილი. აკადემია არაფერს ფლობს ისეთს, რომ მისი გაყიდვა შეეძლოს. პირიქით, ცდილობს ისტორიული შენობის გადარჩენას. შეუძლებელია ნესტიან, ბნელ ოთახებში იმუშავო და ხატო. “

ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის კიდევ უფრო უარეს გარემოში, მაგრამ უზარმაზარ სივრცეში სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები თავისუფალ შემოქმედებით სახელოსნოს თავად იქმნიან; ზოგიერთი მათგანი იქ ხატავს, ზოგი სამხატვრო აკადემიაში სასწავლო პროცესის რეფორმირების პროექტს ამუშავებს. “ აკადემია უშვებს კადრებს, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, რისთვის ისწავლეს და რა უნდა ქნან სწავლის დასრულების შემდეგ. ჩვენ არ გვინდა ასე გაგრძელდეს. აქ შეიძლება ისეთი რამის გაკეთება, რაც ამ პრობლემის დაძლევას წაადგებაო,” - გვითხრეს, რექტორის თქმით, არცთუ უნიჭო ახალგაზრდებმა. მათ გვერდით ნახევრად ჩამონგერულ შენობაში რეპეტიციას “მოძრაობის თეატრი” გადიოდა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გასტროლებისთვის ემზადებოდა. “მოძრაობის თეატრმა” წარმოდგენები მთელ საქართველოში უნდა გამართოს, იმ ადგილებში, რომლებსაც აკადემიის რექტორი პროვინციებს უწოდებს.

განვაგრძობთ “ახალგაზრდულ პროგრამას”. გთავაზობთ დავით პაიჭაძის სიუჟეტს იმის შესახებ, თუ როგორ ეკიდებიან მისაღებ გამოცდებს აბიტურიენტები და ამ გამოცდების ორგანიზატორები.

(იხ. აუდიოვერსია)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG